რამდენიმე თვეა საზოგადოებაში ვრცელდება ინფორმაცია, მთავარ ოპოზიციურ ძალაში, “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” არსებული დაპირისპირების შესახებ.
რამდენიმე დღის წინ პარტიაში აზრთა სხვადასხვაობა ლოგიკურ დასასრულამდე მივიდა.
“ნაციონალურ მოძრაობაში” პარტიის თავმჯდომარის ვადამდელი არჩევნები დაინიშნა.
მოქმედი თავმჯდომარე, ნიკა მელია, მისი – როგორც პარტიის თავმჯდომარის-საქმიანობისადმი, კრიტიკულად განწყობილ პარტიის წევრების მოწოდებას დათანხმდა და ორგანიზაცია უახლოეს მომავალში თავმჯდომარეს აირჩევს.
ოღონდ იმ განსხვავებით, რომ მელია თავადაც აპირებს არჩევნებში მონაწილეობას.
ჯერ ჯერობით თავმჯდომარი სამი კანდიდატურაა ცნობილი, თუმცა ნიკა მელიას მენეჯმენტით უკმაყოფილოთა ყველაზე დიდ დაჯგუფებას – რომელსაც დღეისათვის ლევან ხაბეიშვილი ლიდერობს-საკუთარი კანდიდატურა დღემდე ოფიციალურად არ დაუსახელებია.
სავარაუდოდ მათი კანდიდატურა ლევან ხაბეიშვილი იქნება.
“გურიის მოამბე” დაინტერესდა რა მდგომარეობაა ამ მხრივ გურიაში. ადგილობრივი ლიდერები რომელ კანდიდატებს უჭერენ მხარს.
ერთადერთი ადგილობრივი ლიდერი, ვინც საკუთარი პოზიცია ოფიციალურად დააფიქსირა, ლანჩხუთის ორგანიზაციის თავმჯდომარე კახა ასკურავაა-ის მხარს ლევან ხაბეიშვილს უჭერს.
ოფიციალურად არ განუცხადებია, თუმცა, დიდი ალბათობით, ოზურგეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით მჟავანაძე მხარს ნიკა მელიას უჭერს:
“ჩვენ შევიკრიბებით ამ დღეებში, ვიმსჯელებთ, ვგულისხმობ ოზურგეთელ აქტივისტებს და დეპუტაციას და ვიმედოვნებ რომ შევჯერდებით. ვერ გეტყვით რომ ჩამოყალიბებული არ ვარ, თუმცა ჩემთვის, ჩემი თანამებრძოლების პოზიცია უმნიშვნელოვანესია” – გვითხრა მჟავანაძემ
ამ ეტაპზე უცნობია ჩოხატაურის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, დიმა კორიფაძის პოზიცია, თუმცა – როგორც თვითონ გვეუბნება, ის ამ პროცესში პატიმრობაში მყოფი ექს პრეზიდენტის განცხადებას ელოდება, რომელიც მის პოზიციაში გადამწყვეტი იქნება.
“თუ ლევან ხაბეიშვილი გადაწყვეტს კენჭი იყაროს ენმ-ს თავმჯდომარის პოსტზე და მე ამ სტატუსით ეს შთაბეჭდილება მრჩება,ჩემი როგორც ერთი რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის სრული მხარდაჭერე ექნება მას.არა მგონია განსხავავებული პოზიცია ჰქონდეთ ჩემს თანამებრძოლებს ადგილზე,რადგან ლევან ხაბეიშვილი მათთვის არ არის უცხო.ლევანი მუდმივ კომუნიკაციაში იყო ჩვენთან,ჭირშიც და ლხინშიც!სწორედ ამიტომ ვუჭერ მხარს და ყველაფერს გავაკეთებ სხვებიც დავარწმუნო ამაში,თუ ამის საჭიროება დადგება. არასდროს მიმარხია თავები და არც ახლა ვაპირებ.თუ ვარ კაცის გვერდით ვარ,თუ არა და,ძმა რომ იყოს ჩემი ვეტყვი,რომ არა არ შემიძლიათქო.ახლა ასე მიმაჩნია სწორად და დარწმუნებული ვარ თუ ლევანი იყრის კენჭს და მოიგებს კიდეც მე კი არა,ენმ-ს ასიათასობით მხარდამჭერს არ გაუცრუებს იმედებს. წარმატებები” – წერს ასკურავა.
რაც შეეხება პარტიის პოლიტსაბჭოს წევრს გურიიდან, ბესო ქათამაძეს, აცხადებს რომ მხარს “ძლიერ “ნაციონალურ მოძრაობას” უჭერს”;
“თუ ვის დავუჭერ მხარს ჯერ ჩამოყალიბებული არ ვარ, მხარს დავუჭერ ოლიგარქიის დასასრულს და ძლიერ “ნაციონალურ მოზრაობას” – გვითხრა ქათამაძემ.
ასკურავას პარალელურად, ერთადერთი ადგილობრივი დეპუტატი, ვინც ამ მიმართულებით ყველაზე მეტად ღიაა და აქტიური, ოზურგეთის საკრებულოს წევრი თათია ნიკოლაშვილია, მისი პოზიცია ცენტრალური მედია საშუალებებით უკვა კარგა ხანია ცნობილია.
ნიკოლაშვილი იმ საინიციატივო ჯგუფის წევრია, რომელთა კანდიდატიც, დიდი ალბათობით, ლევან ხაბეიშვილი იქნება.
რედაქცია ოზურგეთის საკრებულოს წევრებს “ენმ” იდან, შალვა თავდიშვილს, გოჩა შილაკაძესა, ბადრი კილაძესა და თორნიკე გოგუაძეს დაუკავშირდა. მათი პოზიცია პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელის, დავით მჟავანაძის პოზიციის იდენტურია.
ლევან ხაბეიშვილს უჭერს მხარს, ლანჩხუთის საკრებულოს წევრი, პარტიაში ასკურავასთან ერთად ყველაზე გავლენიანი წევრი ადგილზე, გია გოგუაძე.
გოგუაძემ ეს ჩვენთან საუბარში დაადასტურა. თუმცა მისგან განსხვავებით ჯერ ჯერობით პოზიცია არ ჩამოუყალიბებია მის თანამებრძოლს ლანჩხუთის საკრებულოში-ირმა მგელაძეს:
“ამ ეტაპზე ვერაფერს ვიტყვი, მხარს ვუჭერ ცვლილებებს, თუმცა რა იქნება არჩევნებზე და ვის დავუჭერ მხარს ჯერ არ ვიცი” – გვითხრა მგელაძემ.
მგელაძისაგან განსხვავებით თავის პოზიციაში კარგა ხანია ჩამოყალიბებულია და კატეგორიული ლანჩხუთის ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი და საკრებულოს წევრი ამავე პარტიიდან გივი ცინცაძე. მან ამ თემაზე რამდენიმე განცხადებაც გაავრცელა და საჯაროდ დაუჭირა მხარი ლევან ხაბეიშვილს.
მოკლედ ლანჩხუთი უკვე ჩამოყალიბებულია, ოზურგეთი და ჩოხატაური თავის პოზიციას უახლოეს მომავალში გამოაცხადებს.