ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი უკრაინაში ქართველი მებრძოლების დაღუპვას ეხმაურება და ამბობს, რომ “არ ეგულება არავინ, ვინც არ განიცდის”.
იმედის ეთერში ის აქვე პოლიტიკურ სპეკულაციაზე საუბრობს:
“პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ არათუ ხელისუფლების წარმომადგენლები, გულწრფელად, უამრავი ადამიანი განიცდის. მე არ მეგულება არავინ – არც ხელისუფლებაში, არც მხარდამჭერებში, ვინც [არ განიცდის]. მთელი გულით, სულით იმ ხალხთან, ოჯახის წევრებთან ვართ, ვინც გლოვობს და პირადად მეც, რასაკვირველია, ვუსამძიმრებ.
ამ გლოვის ფონზე, ცხედრის გარშემო მგლოვიარე ხალხი უყურებს ამ სამარცხვინო პოლიტიკურ სპეკულაციას, რაც მე პირადად, ჩემს მეგობრებსაც, გუნდის წევრებსაც რაღაც გვბოჭავს იმისთვის, რომ გავაგრძელო ამ თემაზე ლაპარაკი და პოლიტიკურ ასპექტში დავუპირისპირდე მეორე მხარეს, რომელიც უზნეოდ იქცევა. ვერ ვიტყვი, რომ იქ გულწრფელი გლოვა არ არის, მაგრამ რეალურად ხომ ვხედავთ, რომ პოლიტიკური რაკურსით ომის თემის წამოწევა დღის წესრიგიდან არ იხსნება”, – თქვა ვოლსკიმ.
ვოლსკი მმართველი გუნდიდან პირველია, ვინც ქართველი მებრძოლების დაღუპვას მეორე დღეს გამოეხმაურა. 3 დეკემბერს უკრაინაში რუს ოკუპანტებთან ბრძოლას კიდევ 5 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა. მათ დაღუპას ამ დრომდე არ გამოხმაურებია საქართველოს მთავრობის არც ერთი წევრი.