მთავრობა ვალდებულია, სააკაშვილს საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება მისცეს – სირცხვილია

მოძრაობა სირცხვილია აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, მორალურად და ისტორიულად სწორი ნაბიჯი გადადგას და მიხეილ სააკაშვილს საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობა მისცეს.

მოძრაობის თქმით, პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, და მისთვის სამედიცინო დახმარებაზე უარის თქმა არ შეესაბამება “ევროპის ფასეულობებსა და ჩვენს ტრადიციებს”.

სირცხვილია აცხადებს, რომ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანა ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხია. მოძრაობა ხელისუფლებას ახსენებს, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში  დასავლელი პარტნიორები მნიშვნელოვან როლს ანიჭებენ მიხეილ სააკაშვილის საკითხს, “ამიტომ, ცალკე დანაშაული იქნება, რომ ადამიანის სიცოცხლესთან ერთად, გავწიროთ ქვეყნის ევროპული პერსპექტივა მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ან პირადი ანგარიშსწორების გამო” – წერს სირცხვილია. 

მოძრაობა სირცხვილიას განცხადებას უცვლელი სახით გთავაზობთ: 

უკვე დიდი ხანია, თვალს ვადევნებთ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრ გაუარესებას.

პატიმრობაში ადამიანის სიკვდილი, მისთვის შესაბამის სამედიცინო დახმარებაზე უარის თქმა – ეს არ არის რიგითი ქართველის ნება, ეს არ შეესაბამება ადამიანის ეთიკურ ნორმებს, ევროპულ ფასეულობებს, ქრისტიანულ ღირებულებებს და ჩვენს ტრადიციებს.

როდესაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, უკვე მეორეხარისხოვანია ყველა ის პოლიტიკური ინტრიგა თუ დაპირისპირება, რომლითაც ყოველდღიურად არის გაჯერებული საინფორმაციო ველი თუ პოლიტიკოსთა განცხადებები.

პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის სიკვდილის საფრთხე არის იმ ფართო პოლიტიკური მტრობის სიმპტომი, რომელსაც დაახლოებით 10 წელია ვუყურებთ და ნებისმიერ პოლიტიკურ ბანაკში მყოფ მოქალაქეს, ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ, გვაქცევს იმ პოტენციური დანაშაულისა და მორალური შეცდომის მონაწილედ, რომელიც დღეს უკვე რეალურია.

სამწუხაროდ, ჩვენი უფროსი თაობები ერთხელ უკვე გახდნენ ამგვარი ტრაგედიის მომსწრენი, როდესაც ქვეყნის პირველი პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდია, ჩვენი თანამოქალაქეების არასწორ მოქმედებასა თუ უმოქმედობას შეეწირა. დროთა განმავლობაში ის უკიდურესი დაპირისპირება, რომელიც 90-იან წლებში პოლიტიკურ სპექტრში არსებობდა, წარსულს ჩაბარდა, თუმცა, ისტორიის ფურცლებზე ქვეყნის პირველი პრეზიდენტის სიკვდილი შავ ლაქად დარჩა. ჩვენი ქვეყანა და ხალხი არ იმსახურებს ამ ტრაგიკული შეცდომების გამეორებას.

ჩვენ შევახსენებთ ხელისუფლებას, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა ვირჩევთ ქვეყნის ევროინტეგრაციის გზას, რათა შევქმნათ უკეთესი, სტაბილური და უსაფრთხო მომავალი. ამასთან, ჩვენ კარგად ვიცით, რომ ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში ჩვენი დასავლელი პარტნიორები მნიშვნელოვან როლს ანიჭებენ მიხეილ სააკაშვილის საკითხს, ამიტომ, ცალკე დანაშაული იქნება, რომ ადამიანის სიცოცხლესთან ერთად, გავწიროთ ქვეყნის ევროპული პერსპექტივა მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ან პირადი ანგარიშსწორების გამო.

აქედან გამომდინარე, ცალსახაა, რომ ხელისუფლება ვალდებულია, გადადგას მორალურად და ისტორიულად სწორი ნაბიჯი და მისცეს მიხეილ სააკაშვილს შესაბამისი მკურნალობის საშუალება საზღვარგარეთ. ეს ხელისუფლების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხია; ეს არის საბაზისო ღირებულებების პატივისცემის საკითხი, რომ ჩვენ არ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ადამიანებს უბრალოდ სასიკვდილოდ სწირავენ.

თუმცა, გარდა ამისა, თითოეულ ჩვენგანს გვაკისრია მორალური პასუხისმგებლობა, როგორც ერთმანეთის, ასევე ქვეყნის მიმართ. შეიძლება გიყვარდეთ ან გძულდეთ ადამიანი, შეიძლება მოგწონდეთ ან არ მოგწონდეთ პოლიტიკოსი, შეიძლება ეთანხმებოდეთ ან არ ეთანხმებოდეთ ყოფილ ან ახლანდელ ხელისუფლებას, შეიძლება ხმამაღალი განცხადებებით პასუხობდეთ ან ყურადღებას არ აქცევდეთ პოლიტიკურ პრობლემებს, მაგრამ მორალურად გაუმართლებელია ყველაზე მაღალი ღირებულების, ადამიანის სიცოცხლის უგულებელყოფა.

ჩვენ ვართ ის თაობა, რომელიც მუდმივად დგას ქვეყნიდან წასვლის ზღვარზე, მაგრამ, ასევე, ვართ ის თაობა, რომელსაც ძალიან უყვარს საქართველო და სურს აქ დარჩენა. ამის მისაღწევად ერთადერთი რამ, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, არის ის, რომ პატივი ვცეთ ჩვენს ფასეულობებს და ჩვენი სამოქალაქო პოზიციით ხელისუფლებას დავანახოთ, რომ ყველა ადამიანის სიცოცხლე თანაბრად ფასეულია და ხელისუფლება ვალდებულია, დაიცვას ის.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share