ახალი წლამდე სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი. დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად საჭირო პროდუქციის შესაძენად აგრარულ ბაზრებსა თუ მარკეტებში ხალხის რაოდენობა ყოველდღიურად მატულობს.
რამდენი ლარი დაჯდება საახალწლო სუფრა? – ამის გარკვევას „ბიზნესპრესნიუსი“ თბილისში მდებარე აგრარულ ბაზრებში შეეცადა.
როგორც მოვაჭრეები ამბობენ, წელს მომხმარებლების რაოდენობა შემცირებულია. ფასები კი შარშანდელთან შედარებით გაზრდილია.
„ასეთი ახალი წელი არ გვახსოვს, ახალ წლამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი და ხომ ხედავთ ბაზარი ცარიელია? პროდუქტის აღების გვეშინია, არ ვიცით გაიყიდება თუ არა. ცუდ დღეში ვართ“, – გვეუბნება ერთ-ერთ მოვაჭრე, დეზერტირების ბაზარში.
მომხმარებლები კი ამბობენ, რომ ფასები ისეთი გაზრდილია, მხოლოდ მინიმალური პროდუქტის შეძენას ახერხებენ.
„საშინელი ფასებია, გოჭი და ინდაური როგორ უნდა ვიყიდო შვილო, ეგ უკვე ფუფუნების საგანი გახდა. უბრალო ხალხს მაგის ყიდვის საშუალება სად აქვს? ქათამი თუ ვიყიდე მაგაზეც მადლობას ვიტყვი“, – გვითხრეს აგრარულ ბაზარში.
საახალწლო კერძის მთავარი შემადგენელის ინდაურის ფასი 100 ლარიდან იწყება და 180 ლარსაც კი აღწევს.
1 კილოგრამის გოჭის ფასი კი 20 ლარს შეადგენს
1 კილოგრამი საქონლის ხორცი – 15-17 ლარის ფარგლებში მერყეობს
1 კილოგრამი ქათმის ფასი კი 8 ლარს შეადგენს.
ნიგვზის ფასი 22 ლარიდან იწყება და 35 ლარს აღწევს.
რაც შეეხდება თაფლს, თბილისის აგრარულ ბაზარში მის შეძენას 20 ლარად შეძლებთ.
იმერულის ყველის შეძენას 18-20 ლარის ფარგლებში შეძლებთ, რაც შეეხება სულგუნს, მისი ფასი 25 ლარი ღირს.
სოკოს ფასი 13-15 ლარის ფარგლებში მერყეობს.
რაც შეეხება თევზეულს, ფასები აქაც სახეობების მიხედვით განსხვავებულია. გაყინული თევზის ფასი ძირითადად 12-25 ლარის ფარგლებში მერყეობს. ცოცხალი კალმახის შეძენას კი 19 ლარად შეძლებთ.
მანდარინის შეძენა 2 ლარიდან არის შესაძლებელი. კივის ფასი კი საშუალოდ 3-3,50 ლარის ფარგლებშია.
აგრარულ ბაზარში ჩურჩხელის ფასიც განსხვვებულია – მისი ფასი 2 ლარიდან 5 ლარამდე მერყეობს.
რაც შეეხება შოკოლადს, მისი ფასი 15 ლარიდან იწყება და 35 ლარსაც კი აღწევს.