არსენ წითლიძის მოღვაწეობა მისი მშობლიური აკეთიდან სოფლის მასწავლებლობიდან იწყება. წითლიძემ ასევე მასწავლებლებთან ლავრენტი წულაძესა და ისიდორე რამიშვილთან ერთად 1892-93 წლებში აკეთში დაარსა „გურიის სახალხო წინთსაცავი“ რომელიც ასევე ცნობილია „გურიის ცენტრალური ბიბლიოთეკის“ სახელით.
.
გურიის ცენტრალურ ბიბლიოთეკაზე საუბრობს თავის მოგონებებეში გრიგოლ ურატაძე – „ჩემი რაიონის მეზობლად იყო და ახლაც არსებობს საკმაოდ დიდი სასოფლო საზოგადოება დასახლებით „აკეთი“. ეს საზოგადოება იმით იყო ცნობილი, რომ რევოლუციის დაწყებამდე აქ დაარსებული იქნა „გურიის ცენტრალური ბიბლიოთეკა“. ეს ბიბლიოთეკა ემსახურებოდა მთელს გურიას. გურიის ყველა სოფელს ჰქონდა შესაძლებლობა მიეღო ამ ბიბლიოთეკიდან წიგნები თავიანთი მკითხველებისათვის, შემდეგში კი შეეძლოთ წაღებული წიგნები გადაეცვალათ სხვა წიგნებში. ასეთი ბიბლიოთეკა იმ დროისათვის საქართველოში არსად არ იყო. ეს ბიბლიოთეკა დაარსებული იქნა იმ დროის მოწინავე ადამიანების მიერ. ესენი იყვნენ ჩემს მიერ არაერთხელ მოხსენიებული მასწავლებელები წითლიძე, ლ. წულაძე და ი. რამიშვილი.“
.
ზემოხსენებული სამი მასწავლებლისგან შედგებოდა წიგნთსაცავის გამგეობა, თავად არსენ წითლიძის პუბლიკაციის მიხედვით იგი გახლდათ გურიის სახალხო წიგნსაცავის ერთერთი გამგეთაგანი. წიგნსაცავს გარდა იმისა, რომ ურთიერთობა ჰქონდა სხვა სოფლების ბიბლიოთეკებთან, ასევე ყავდა თავისი წარმომადგენლები გურიის სოფლებში (ძირითადად მასწავლებლები და მღვდლები), რომლებიც არკვევდნენ თუ რა სახის წიგნები იყო საჭირო მათი სოფლის მცხოვრებთათვის და ამის გათვალსიწინებით იწერდნენ წიგნებს.
.
წითლიძე ჯერ სოფელ მიქელ გაბრიელში, შემდეგში კი ლანჩხუთში გადაიყვანეს სკოლის მასწავლებლად, სადაც ამასთანავე სკოლის მმართველიც გახლდათ. ლანჩხუთიდან წითლიძე გადაიყვანეს ახალ-სენაკში სათავადაზნაურო სასწავლებელში, სადაც მუშაობდა მასწავლებლად და სკოლის მმართველად.
.
სენაკის მაზრაში გურულების მოღვაწეობა 1891 წლიდან ცნობილი ოზურგეთელი მესატამბეების კონსტანტინე (კოწია) და სიო თავართქილაძეების მიერ სტამბის გახსნით იწყება. საქარია ჭიჭნაძის მიხედვით – „კოწიამ ამ სიოს იმედით გახსნა სენაკში ქართული სტამბა. ამ სტამბას სიო აწარმოებდა. სენაკში სიოს თავ-დადებულმა სასტამბო შრომამ დაუდო საფუძველი ქართული წიგნების გამოცემის საქმეს, სიოს შრომითვე დაიწყო ამ შუაგულ სამეგრელოს ქალაქში ქართულმა წიგნებმა ვრცელება. მეგრელებს სიოს შრომა კვირცხლად აკავშირებდა ქართულ ენასა და მწერლობასთან, რაც მკაცრი წინააღმდეგი ძალა იყო მეგრულის ახალის მოგონებულის ანბანის“.
.
არსენ წითლიძე სოციალდემოკრატებში საკმაოდ ცნობილი პიროვნება გახლდათ და 1905 წლის მოძრაობის დაწყებისთანავე სათავეში ჩაუდგა სენაკის მაზრაში მიმდინარე მოვლენებს და ე.წ. „სენაკის რესპუბლიკის“ პრეზიდენტადაც აირჩიეს – „როცა სენაკის მაზრაში გაფართოვდა და გაძლიერდა რევოლუციური მოძრაობა, მისი მთავარი ხელმძღვანელი გახდა წითლიძე. ხოლო როცა 1905 წელს შეიქმნა ე.წ. „სენაკის რესპუბლიკა“ წითლიძე ერთხმად იქნა არჩეული მის პრეზიდენტად.“ (ურატაძე)
.
1905-06 წლების რევოლუციის დამარცხების შემდეგ არსენ წითლიძე გაასამართლეს და მის ორ თანამებრძოლთან ერთად სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. მაგრამ საქმეში ჩაერია იმ დროინდელი ქართული საზოგადოება და წითლიძეს სიკვდილით დასჯა შეეცვალა 10 წელი ციხეში სასჯელის მოხდით. საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში წითლიძე იყო ბათუმის ოლქის სასკოლო საქმის ხელმძღვანელი. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ იგი დაპატიმრეს, ციხეში ხალნგრძლივი ყოფნის შემდეგ კი გადაასახლეს თურქესტანში 5 წლის ვადით. ამ სასჯელის მოხდის შემდეგ იგი კვლავ დაბრუნდა საქართველოში, სადაც ისევ დააპატიმრეს და იგი ციხეშივე გარდაიცვალა 1927 წელს.
.
– გაზეთი ივერია – 1893 წელი 15 აგვისტო #174;
– გაზეთი ივერია – 1994 წელი 31 დეკემებერი #277;
– ზაქარია ჭიჭინაძე – „ქართული სტამბები“ 1900 წელი;
– Gregory Uratadze – Reminiscences of a georgian social democrat (Григорий Уратадзе – Воспоминания грузинского социал-демократа) – 1968;
– არსენ წითლიძე – საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ფოტო
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა