ბათუმში მომხდარ ინციდენტს და ოპოზიციონერი დეპუტატისთვის თავზე ნაგვის დაყრას ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე და ფაქტს სამარცხვინოს უწოდებს: “რაც ბათუმში მოხდა, არის სამარცხვინო საქციელი. ძალადობა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების, თუნდაც არასწორი გადაწყვეტილების გამო, რაგინდ მიუღებელიც არ უნდა იყოს იგი, არის ბოლშევიზმი”. – წერს გოცირიძე.
შეგახსენებთ, რომ დეპუტატი ირაკლი ჩავლეიშვილი, რომელსაც დღეს, ერას მოედანზე თავზე ნაგავი დააყარეს, აჭარის უმაღლეს საბჭოში ოპოზიციის სიით მოხვდა. საერთო პროტესტის მიუხედავად ის საბჭოში შევიდა, რის გამოც, მშობლიური „რესპუბლიკურო პარტია“ დატოვა. რაც შეეხება ნაგვის ურნის თავზე დაცლას, ირკვევა, რომ ეს არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივამ“ გააკეთა: „ნაგვის ყუთში ჩაგდებას, ირაკლი ჩავლეიშვილისთვის ნაგვის თავზე დაყრა ვამჯობინეთ (წნევიანი კაცია მაინც)“, – აცხადებს მოძრაობა „ალტერნატივა“, რომელიც “ნაციონალურ მოძრაობასთან” აფელირებული ორგანიზაციაა.