გურიის საეკლესიო სიწმინდეები

XVI-XVII საუკუნეებში გურია სამხრეთ საქართველოს საეკლესიო სიწმინდეების თავშესაფარად იქცა, როგორც ჩანს ამ პერიოდში გურია სხვა მხარეებთან შედარებით უსაფრთხო ადგილად ითვლებოდა, სიწმინდეების დიდი ნაწილი შემოქმედის მონასტერში ინახებოდა. შემდეგში სიწმინდეების ნაწილი გატანილი იქნა სვანეთში.
.
მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში უნგრული წარმოშობის რუსმა აზნაურმა ფოტოგრაფმა საბინ-გუსმა იმ მოტივით, რომ მოახდენდა ქართულ ეკლესიებში დაცული სიწმინდეების რესტავრაციას დასავლეთ საქართველოს ეკლესია მონასტრების გაუგონარი მასშტაბების ძარცვა განახორციელა. შალვა ამირანაშვილმა ამ ძარცვას – “წარმოუდგენელი მასშტაბის ეროვნული ტრაგედია” უწოდა.
.
1923-1924 წლებში გურიაში ეკელსიების დაკეტვა და დარბევა დაიწყო, რასაც თავისთავად დაცული სიწმინდეების ძარცვა მოყვა, რის გამოც სიძველეთა და ხელოვნების ძეგლთა დაცვის კომიტეტის დავალებით 1924 წლის აპრილში ოზურგეთში აკაკი შანიძე და შალვა ამირანაშვილი ჩამოვიდა, რომლებლებსაც დავალებული ჰქონდათ გურიის ისტორიული და კულტურული ფასეულობათა აღწერა და დაბინავება, შანიძე და ამირანაშვილი თავიანთ მოხსენებით ბარათში წერდნენ:
.
„პირველ აპრილს 1924 წ. ვიყავით (ორნივე): ოზურგეთში, შემოქმედში, ლიხაურში, ჯუმათში, ბაილეთში, ვანის ქედში (მარტო ამირანაშვილი), ასკანაში, მეწიეთში, ზხიდისთავში, ჩოხატაურსა და ერკეთში და ადგილობრივი ხელისუფლების თანხლებითა და დახმარებით გადავარჩიეთ და შევაგროვეთ ისტორიული მნიშვნელობის ძეგლები, რომლებიც გურიაში ჩასვლისას თითქმის ყველაფერი უკვე გატანილი იყო ეკლესია-მონასტრებიდან და იმყოფებოდა ოზურგეთში გლეხთა კომიტეტის განკარგულებაში (ქ. ოზურგეთში), ანდა ადგილობრივი რაიონების აღმასრულებელი კომიტეტის ბინაზე.
.
გამოირკვა, რომ ბევრი უაღრესად ისტორიული მნიშვნელობის ძეგლი დაღუპულა ანტირელიგიური ბრძოლის პროცესში, ანდა გადაუდნიათ ოზურგეთში ჩატანის შემდეგ, მათი ნივთიერი ღირებულების გამოყენების მიზნით, განსაკუთრებული მწუხარებით უნდა აღნიშნულ იქნეს შემოქმედის ზოგიერთი განთქმული ხელოვნების ძეგლის დაღუპვა და აგრეთვე თითქმის სრული განადგურება ლიხაურის სიძველეებისა, რომელთაგანაც აღარაფერი დარჩენილა, გარდა ერთი ეტრატის ხელნაწერის ნაწილისა“.
.
ამირანაშვილი შემდეგში იგონებდა, რომ შემოქმედში საეკლესიო ნივთები სანაგვეზე იყო დაყრილი. ამირანშვილმა და შანიძემ შეადგოვეს თუ რამ საეკლსიო ნივთი იყო გურიაში და თბილიში წაიღეს, რის შემდეგადაც გურიაში არაფერი აღარ დარჩა.
.
– აკ. შანიძისა და შ. ამირანაშვილის მოხსენებითი ბარათი, გურიაში ისტ. ძეგლთა დაცვისათვის შექმნილი ვითარებისა და მეცნიერების მიერ ჩატარებული მუშაობის შედეგები 1924-1955 წწ. : პუბლიკაცია] // სამეცნიერო საინფორმაციო ბიულეტენი. – 1981. (დაცულია საქართველოს ხელოვნების მუზეუმის საისტორიო და საეთნოგრ. საზბის ფონდში)
– მინანქრის გულსაკიდი ხატი შემოქმედის მონასტრიდან
ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share