ათეულობით მედიასაშუალება და 100-ზე მეტი ჟურნალისტი საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავს

ქართული მედიის წარმომადგენლებმა 3 მაისის პრესის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ერთობლივი წერილით მიმართეს საერთაშორისო საზოგადოებას და რეაგირება მოითხოვეს საქართველოში მიმდინარე რეპრესიული პროცესების გამო. წერილში ნახსენებია ნეტგაზეთისა და ბათუმელების მედიამეჯენერის, მზია ამაღლობელის საკითხიც. წერილს რომელსაც 30-მდე მედიასაშუალება და 100-ზე მეტი ჟურნალისტი (ინდივიდუალურად) აწერს ხელს, უცვლელად გთავაზობთ.


მედიის წარმომადგენლებს და პრესის თავისუფლების დამცველებს

ჩვენ, ჟურნალისტები, რედაქტორები, მედიის პროფესიონალები და პრესის თავისუფლების მხარდამჭერები საქართველოდან, ქვეყნიდან, რომელშიც განსაკუთრებული სისწრაფით უარესდება მედიაგარემო, მოგმართავთ მსოფლიო პრესის თავისუფლების დღეს და გთხოვთ სოლიდარობას და ქმედით რეაგირებას.

მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მედიაკომპანიები და ჟურნალისტები სულ უფრო მეტად ხვდებიან ზეწოლის ქვეშ: ფიზიკური თავდასხმები, რეპრესიული კანონმდებლობა, პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლებრივი დევნა. ეს ტაქტიკა, ავტორიტარული რეჟიმების ხელში, ყოველთვის გამოიყენებოდა მედიის გასაჩუმელად და კრიტიკული აზრის ჩასახშობად, თუმცა ის, რაც დღეს საქართველოში ხდება, უპრეცედენტო მასშტაბის, ფართო და სწრაფი შეტევაა დამოუკიდებელ მედიაზე.

მხოლოდ რამდენიმე თვეში, საქართველოს მმართველმა პარტიამ — ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით— არაერთი ისეთი კანონი და საკანონმდებლო ცვლილება მიიღო, რომლებიც საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელ მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებას. ნებისმიერ ჩვენგანს შეიძლება დაემუქროს  სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ამ ახალი კანონებით, რომლებიც “უცხოეთის აგენტებად” გვრაცხავს მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენი ორგანიზაციები ფინანსურ მხარდაჭერას იღებენ პრესის თავისუფლების მხარდამჭერი საერთაშორისო ფონდებისგან, მათ შორის იმ ფონდებისგანაც, რომლებთანაც მსოფლიოში არაერთი მედია და მედიის დამცველი ორგანიზაცია თანამშრომლობს. ჟურნალისტებს უკვე ათასობით ლარის ჯარიმა დააკისრეს მიმდინარე საპროტესტო აქციების გაშუქების გამო. ზოგი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაში ცრუ ბრალდებებითაც კი დაადანაშაულეს. ჩვენი კოლეგები გახდნენ სასტიკი ძალადობის მსხვერპლნი— ზოგ მათგანს პირდაპირ ეთერში დაესხნენ თავს სპეცრაზმის წარმომადგენლები და ნიღბიანი, უცნობი პირები. რამდენიმე შემთხვევაში დაზიანებები იმდენად მძიმე იყო, რომ სასწრაფო ქირურგიული ჩარევა გახდა საჭირო — მათი გადარჩენას მხოლოდ შემთხვევითობას უნდა ვუმადლოდეთ. ამ მძიმე ფაქტების მიუხედავად, დღემდე არცერთი მოძალადე არ დაუკავებიათ.

ფიზიკურ თავდასხმებთან ერთად ყოველდღიურად ვაწყდებით მუქარას, სიძულვილის კამპანიებს, თავდასხმებს, შანტაჟის ზარებს, საჯარო ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვას, მტრულ დამოკიდებულებას ოფიციალური პირებისგან და  სრულად ჩაკეტილ გარემოს, რომელიც მედიის თავისუფლად მუშაობას შეუძლებელს ხდის.

და ახლა, საქართველოს დამოუკიდებლობის შემდგომ ისტორიაში პირველად, ქალი ჟურნალისტი — პოლიტიკური ანგარიშსწორების მოტივით — ციხეშია. მზია ამაღლობელს, დამოუკიდებელი მედიის პიონერს საქართველოში და მედია პლატფორმის დამფუძნებელს, რომელმაც ბოლო 24 წლის განმავლობაში პროფესიული სტანდარტების ჩამოყალიბებაში უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა, ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება. ხელისუფლება მას რეგულარულად ასხამს ტალახს, ცრუობს მის წინააღმდეგ და „უცხოეთის ინტერესების გამტარებლად“ წარმოაჩენს. საქართველოს მმართველი პარტია მზია ამაღლობელს სამაგალითოდ სჯის იმ განზრახვით, რომ მისი დევნით შეაშინებს და გააჩუმებს ყველა კრიტიკულ და დამოუკიდებელ ჟურნალისტს.

მზია ამაღლობელი არა მხოლოდ სინდისის პატიმარია, ის არის ქალი ჟურნალისტი, რომელმაც დაკავების შემდეგ გაუმართლებელი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა გადაიტანა. უსამართლობაზე პროტესტის ნიშნად, მან 38 დღე იშიმშილა.

1 მაისს, საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი დამოუკიდებელი მაუწყებელი — „მთავარი არხი“ — დაიხურა, რეპრესიებისა და პოლიტიკური ნიშნით შევიწროების მსხვერპლი გახდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტები. საზოგადოებრივ მაუწყებელში, რომელიც მმართველი პარტიის გავლენის ქვეშაა, იდევნებიან კრიტიკულად განწყობილი თანამშრომლები. ზოგიერთმა მათგანმა ოფიციალური გაფრთხილება მიიღო, სხვები გაათავისუფლეს დაკავებული პოზიციებიდან, დახურეს მაუწყებლის კრიტიკული და საზოგადოების პრობლემებზე ორიენტირებული გადაცემა “რეალური სივრცე”

და მაინც, ჩვენ ვრჩებით ჩვენი საქმის ერთგულნი. მზარდი ავტორიტარიზმის ფონზე, ქართველი ჟურნალისტები, რედაქტორები და მედიის პროფესიონალები ვაგრძელებთ საქმიანობას, ვამბობთ სიმართლეს და ვიბრძვით პრესის თავისუფლებისთვის.

ყველამ ვიცით, როგორ ანადგურებს ავტორიტარიზმი ოდესღაც მრავალფეროვან და თავისუფალ მედიაგარემოს. ეს ბევრ ქვეყანაში უკვე მოხდა. არ გვინდა, საქართველო იყოს შემდეგი.

თუ ჯერ კიდევ არ არის გვიან — ახლაა დრო, როცა ხმა უნდა ამოვიღოთ. გთხოვთ, დაგვიდგეთ გვერდით. გამოიყენეთ ყველა პლატფორმა, რომ ჩვენი ხმა მთელ მსოფლიოს მიაწვდინოთ, მიაწვდინოთ პატარა ქვეყნის — საქართველოს — მოწოდება, ქვეყნისა, რომელიც ადრე სხვა ქვეყნიდან დევნილ ჟურნალისტებს სთავაზობდა თავშესაფარს, ახლა კი თავად საჭიროებს დაცვას.

დაგვიდექით გვერდით — ვიბრძოლოთ, სანამ გვიან არ არის, როგორც ეს თავად მზია ამაღლობელმა მოგვიწოდა ციხიდან.


წერილზე ხელმოწერები გრძელდება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share