დღეს ოპოზიციური ერთობა 13:00 საათზე ოპოზიციური ერთობა მასშტაბურ აქციას გამართავს და ენმ-ს თავმჯდომარის ნიკა მელიას უკანონო დაკავებას, პოლიტიკურ რეპრესიებსა და არასამართლიან სახელმწიფო პოლიტიკას გააპროტესტებს. აქციის მონაწილეები და ორგანიზატორები ფილარმონიასთან შეიკრიბებიან და პარლამენტის მიმართულებით მსვლელობას მოაწყობენ.
აქციას საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდანაც შეუერთდებიან ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები, რომლებიც ამ წუთებში მოემართებიან თბილისისკენ.
“ჩვენ მიგვაჩნია, რომ ბრძოლის ხაზი ახლა გადის დედაქალაქში, რუსთაველის გამზირზე, ასობით ადამიანი ქუთაისიდან და იმერეთიდან უერთდება აქციას. მთავარ მოთხოვნებად რჩება პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ვადამდელი არჩევნები, პოლიტიკური დევნის შეწყვეტა ამ ქვეყანაში და დღეს ყველა პატრიოტის ადგილი არის ამ აქციაზე”, – განაცხადა ენმ-ს წევრმა, გიგა შუშანიამ.
“საპროტესტო აქცია წარიმართება კანონის ფარგლებში, ყველა კონსტიტუციური უფლების დაცვით, აქ დილიდან უამრავი ადამიანი მოვიდა, რომელიც ჩვენი პარტიის მხარდამჭერი არ არის, ისინი უკვე გამგზავრნენ თბილისში, ისინი როგორც ჩვენ, ყველა ერთად ვაპროტესტებთ ქვეყნის მართვის საბჭოთა მეთოდებს”, – ამბობს ენმ-ს წევრი, ალექსი ძულიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციამ ფართომასშტაბიანი აქცია ნიკა მელიას დაჭერის დღეს დააანონსა.