“ლამაზი გოგო ხარ და იქნებ შენი თაყვანისმცემელი იყო”-ასე უპასუხეს გურიის პოლიციის მთავარ სამმართველოში 20 წლის მ.მ-ს, რომელსაც დღეს ოზურგეთში, შუა ქუჩაში თავს მისთვის უცხო მამაკაცი დაესხა.
როგორც ‘გურიის მოამბეს” დაზარალებულის ახლობელი უყვება, გოგონა ოზურგეთის ცენტრში მდებარე 12 სართულიანი კორპუსის მახლობლად გადაადგილდებოდა, როცა ახალგაზრდა მამაკაცი უკნიდან მიეპარა, კისერში ხელები მოუჭირა, მერე აკოცა და პარკის მიმართულებით გაიქცა.
“ისე მაგრად მოუჭერია ხელები ყელში, სუნთქვა გამიძნელდაო. მერე უცებ დაიხარა, მაკოცა და გიჟივით გავარდაო. ვიღაც მაღალი და სუსტი აღნაგობის ბიჭი ყოფილა, რომელიც მან ვერ იცნო”-გვიყვება ოჯახის ახლობელი.
დაზარალებული მომხდარის შემდეგ პოლიციას დაუკავშირდა და ის დაკითხვაზე უკვე იმყოფებოდა. ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, პოლიციამ მომხდარზე გამოძიება სსკ. 150-ე მუხლით დაიწყო.