6 ცვლილება, რაც დღეიდან ამოქმედდა ქვეყანაში

დღეიდან საქართველოში რამდენიმე სიახლე/ცვლილება ამოქმედდა. გთავაზობთ, გაერთიანებულ ინფორმაციას, თუ რა ცვლილებები შევიდა ძალაში 1-ლი ივნისიდან.

თბილისის მოსახლეობას გაზი 8 თეთრით გაუძვირდა

თბილისის მოსახლეობას ბუნებრივ აირის ერთ კუბურ მეტრზე ტარიფი დაახლოებით, 8 თეთრით ეზრდება. სემეკ-ის განმარტებით, კომპანია „თბილისი ენერჯის“ 20 მილიონ ლარზე მეტი დავალიანება აქვს, რაც გამოწვეულია ვალუტის კურსის ცვლილებით. ტარიფი ძალაში 2021 წლის 1-ლი ივნისიდან შევიდა და 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს.

„კომენდანტის საათი“ 1 სთ-ით შემცირდა

ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა 1 საათით შემცირდა. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა ფერმერთა მხარდაჭერის მიზნით მიიღეს. თუმცა, გადაადგილებასთან დაკავშირებული შეზღუდვის 1 საათით შემცირება ყველა მოქალაქეზე გავრცელდება. შედეგად, გადაადგილებასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვა დღეიდან 23:00 საათიდან 04:00 საათამდე იქნება.

საქართველომ სახმელეთო საზღვრები გახსნა

დღეიდან საქართველომ სახმელეთო საზღვრები გახსნა. საზღვრის კვეთა შესაძლებელი იქნება სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტით და PCR უარყოფითი ტესტის პასუხით, ან მხოლოდ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხით და ამ შემთხვევაში, პირები, რომლებიც საქართველოში შემოვლენ, ვალდებული იქნებიან, მომდევნო 72 საათის განმავლობაში განმეორებით ჩაიტარონ PCR ტესტი. აქვე გაცემულია რეკომენდაცია, რომ ყველა ვიზიტორს თან ჰქონდეს ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელიც ასევე ფარავს კოვიდთან დაკავშირებულ შემთხვევებსაც.

დღეიდან რესტორნები შაბათ-კვირას დახურულ სივრცეშიც მიიღებენ სტუმრებს

დღეიდან, 1-ლი ივნისიდან კვების ობიექტებისთვის შაბათ-კვირას მოქმედი შეზღუდვა სრულად იხსნება და მათ საშუალება ექნებათ, სტუმრებს დახურულ სივრცეშიც გაუმასპინძლდნენ. მიუხედავად ამისა, ძალაში რჩება შეზღუდვა ისეთი სოციალური ღონისძიებების გამართვასთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება ქორწილს, ქელეხს და ბანკეტს.

ახალი ვალდებულება ბიზნესოპერატორებს, რომლებიც საცალო ვაჭრობის პუნქტებში ახორციელებენ სურსათის წარმოება-გადამუშავებას

1-ლი ივნისიდან ძალაში შევიდა ახალი რეგულაცია, რომლის მიხედვითაც, ბიზნესოპერატორებს, რომლებიც საცალო ვაჭრობის პუნქტებში ახორციელებენ სურსათის წარმოება-გადამუშავებას, ეკისრებათ ვალდებულება, საქმიანობა HACCP-ის პრინციპების შესაბამისად აწარმოონ.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 1-ელი იანვრიდან HACCP-ის სისტემის პრინციპების დაცვა სავალდებულოა, ბიზნესოპერატორებისთვის, რომლებიც ახორციელებენ ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებას ან/და გადამუშავებას (ხორცი და ხორცის პროდუქტები, რძის ფხვნილზე დამზადებული სურსათი, თევზი და თევზის პროდუქტები, კვერცხი და კვერცხის პროდუქტები, თაფლი).

ცვლილება ავტომფლობელთა ნაწილისთვის

მოქალაქეებს, რომლებსაც სატრანსპორტო საშუალებები შემოყვანილი ჰყავდათ 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან 2020 წლის პირველ მაისამდე პერიოდში და 31 მაისის ჩათვლით არ გაუვლიათ საბაჟო პროცედურები, დღეიდან, დაეკისრებათ საჯარიმო სანქციები დაეკისრებათ.შეგახსენებთ, რომ 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან 2020 წლის პირველ მაისამდე პერიოდში შემოყვანილ სატრანსპორტო საშუალებებს განბაჟების ვადა ორჯერ გადაუვადდათ და საბოლოო თარიღად 31 მაისი განისაზღვრა.

https://www.bpn.ge/

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share