“ქართული ოცნების” ლიდერი, შალვა პაპუაშვილი ოპოზიციური არხების ჟურნალისტებს კომენტარის მიცემაზე უარს ეუბნება. მას “TV პირველისა” და “მთავარი არხის” ჟურნალისტები პარლამენტში ლიფტთან დახვდნენ.
“ბოიკოტზე არ მოვდივარ, კომენტარს არ გაძლევთ მანამ, სანამ ეს ტელევიზიების ხელმძღვანელები და სახეები დაკავებულები არიან ადამიანის სიკვდილზე პოლიტიკური დივიდენდების დაწერით, მანამდე კომენტარს არ გავაკეთებ”, – უთხრა პაპუაშვლმა ჟურნალისტებს.
ოპოზიციური არხების – “ფორმულას”, “კავკასიის”, “მთავარი არხისა” და “TV პირველის” ხელმძღვანელებმა და მთავარმა სახეებმა ხელისუფლების გადაგომის მოთხოვნით აქციების გამართვა 11 ივლისს დაიწყეს. ამ დღეს “TV პირველის” ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა, რომელიც მანამდე, 5 ივლისს ძალადობრივმა ჯგუფის წევრებმა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს სცემეს. ხელისუფლებამ გარდაცვალების დღესვე დაიწყო მინიშნებები, რომ ის ნარკოტიკული საშუალებების ზედოზირებით შეიძლებოდა გარდაცვლილიყო.
5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლებმა 53 ჟურნალისტზე იძალადეს. ამ დრომდე, 10 დღის შემდეგ დაკავებულია მხოლოდ 19 პირი.
/radiotavisupleba.ge/