გაერთიანებულმა ოპოზიციამ, დღეს, ოზურგეთის პროკურატურაში სარჩელი შეიტანა.
მათი განცხადებით, ,,ქართული ოცნება” წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის მოსყიდვას აგრძელებს და ამისი დამადასტურებელი აუდიო- ვიდეო ჩანაწერებიც არსებობს.
მათი თქმით, ტელევიზიით გავრცელებულ კადრებში კარგად ჩანს, როგორ აძლევს თანხას, შტაბის წევრი, გელა ჭანუყვაძე ოცნების შტაბში კოორდინატორს: _ ეს არის პირდაპირი მტკიცებულება, რომ ქართული ოცნება ამომრჩევლის მოსყიდვითაა დაკავებული. გარდა ფულის გადაცემის კადრებისა, ასევე გავრცელდა საუბრის ჩანაწერი, სადაც ქალბატონი, რომელმაც თანხა აიღო, ადასტურებს რომ ეს ფული არა წყლის ან ხელფასისთვის იყო, რომელსაც “ოცნების” წარმომადგენლები ავრცელებდნენ, არამედ საარჩევნოდ, ხალხისთვის დასარიგებლად. წესით, პროკურატურას თავადვე უნდა დაეწყო გამოძიება ამ დანაშაულზე, მაგრამ არ გააკეთეს. ამიტომაც მივმართავთ ჩვენ და მივითხოვთ, რომ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე. ეს რომ რომელიმე ოპოზიციურ პარტიას გაეკეთებინა და რომელიმე ოპოზიციური პარტიია ოფისში მომხდარიყო, დღეს ვიღაც ციხეში იქნებოდა. შერჩევითი სამართალი არ უნდა იყოს. პროკურატურა ვალდებულია ამაზე გამოძიება დაიწყოს” _ აღნიშნა “ნაციონალური მოძრაობის” ერთ_ერთმა ლიდერმა დავით მჟავანაძემ.
“ქართული ოცნების“ ოზურგეთის ბიუროში აღნიშნულ ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ “ქართული ოცნების” შტაბში თანხის დარიგება და წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის მოსყიდვა სიმართლეს არ შეესაბამება.