პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძეაცხადებს, რომ ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალი 2022 წლის სექტემბერში, იუნესკოს მაღალი პატრონაჟით კვლავ გაიმართება.
ელისო ბოლქვაძე ეხმაურება ფესტივალის გადადებას და აღნიშნავს, რომ ფესტივალი მომავალ წელსაც მრავალფეროვანი პროგრამით დაუბრუნდება.
„პანდემიისგან გამოწვეული სირთულეების გამო, იუნესკოს ადმინისტრაციასთან კომუნიკაციის შედეგად გადავწყვიტეთ, რომ 2021 წლის სექტემბერში დაგეგმილი ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალი არ ჩატარდება.
თუმცა, მინდა სიხარულით გაცნობოთ, რომ რიგით მეცხრე ფესტივალი კვლავ გაიმართება, 2022 წლის სექტემბერში, იუნესკოს მაღალი პატრონაჟით.
ბედნიერი ვარ, რომ ფესტივალი, რომელიც დავაარსე 2013 წელს, საქველმოქმედო ფონდის „ლირას“ ორგანიზებით, მალე შეიყვარა მსმენელმა და საერთაშორისო აღიარება მოიპოვა.
ზოგადად, ფესტივალის დამკვიდრების პროცესი სირთულეებს მოიცავს და საწყის ეტაპზე ბევრ გაუთვალისწინებელ გამოწვევას წავაწყდი.
დიდი მონდომებისა და მიზანდასახულობის შედეგად, სახელმწიფოს აქტიური მხარდაჭერით, ბათუმის ფესტივალი დღეს წარმოადგენს მნიშვნელოვან, საერთაშორისო, კულტურულ-საგანმანათლებლო პლატფორმას.
ფესტივალის დროს აჭარის რეგიონის არაჩვეულებრივ ბუნებას ყოველწლიურად ეცნობიან მსოფლიოში აღიარებული, მოწვეული, მუსიკოსები, რომლებსაც დიდხანს მიჰყვებათ საქართველოში განცდილი ემოციები.
ფესტივალის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყნის პოპულარიზაციას და კულტურული ინტეგრაციის პროცესს, რაც ითვალისწინებს როგორც გალა-კონცერტების, ასევე მასტერკლასებისა და სემინარების გამართვას.
ბედნიერი ვარ ასევე, რომ საშუალება მომეცა განათლების სამინისტროს მხარდაჭერით შესაძლებელი გამხდარიყო უნიკალური არტ-ბანაკის პროგრამის განხორციელება ფესტივალის ფარგლებში.
ბანაკის მიზანია ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება სპეციალურად შემუშავებული სახელოვნებო პროგრამებით. საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ახალგაზრდებს საშუალება ეძლევათ გაეცნონ და ეზიარონ მაღალ ხელოვნებას.
ფესტივალი მომავალ წელსაც მრავალფეროვანი პროგრამით დაუბრუნდება მსმენელს და კლასიკური მუსიკის ჰანგები მოეფინება ულამაზეს ქალაქ ბათუმს.
იმედს ვიტოვებ, რომ პანდემია მალე დასრულდება და საზოგადოება დაუბრუნდება ჩვეული ცხოვრების რიტმს.