მიმდინარე წლის 1 დეკემბრიდან, “სოკარ ჯორჯია გაზის” აბონენტებისთვის, კერძოდ, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის, 1მ3 ბუნებრივი გაზი 20 თეთრით გაძვირდება. მოქმედი ტარიფი კერძო სექტორში, 1მ3 გაზის მოხმარებისთვის 95 თეთრია.
ამის შესახებ BM.GE-ს კომპანიიდან აცნობეს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გაზის გაძვირების ერთ-ერთი მიზეზი ეროვნული ვალუტის გაუფასურებაა.
“2021 წლის 1 დეკემბრიდან შპს “სოკარ ჯორჯია გაზის” საცალო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის 1მ 3 ბუნებრივი გაზის ფასი განისაზღვრება 1,15 (ერთი ლარი და თხუთმეტი თეთრი) ლარით დღგ-ს ჩათვლით.
არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისათვის ბუნებრივი გაზის ფასი შპს “სოკარ ჯორჯია გაზის” მიერ შენარჩუნებული იყო ბოლო ორნახევარი წლის განმავლობაში. ფასის კორექტირების აუცილებლობა მომსახურებასთან დაკავშირებული დანახარჯების გაზრდისა და ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებითაა განპირობებული. ამასთან, გაზის ფასი უცვლელი დარჩება პურის მწარმოებელი კომპანიებისათვის”, – ნათქვამია “სოკარ ჯორჯია გაზის” განცხადებაში.