საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ (GDI) ადამიანის უფლებების შესახებ 2021 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც მიმოხილულია მიმდინარე წლის ის ძირითადი მოვლენები და შემთხვევები, რომელიც წარმოაჩენს, თუ რამდენად ასრულებს საქართველოს ხელისუფლება თავის ვალდებულებებს ადამიანის უფლებებისა და სამართლის უზენაესობის სფეროებში.
ანგარიშის თანახმად, საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობა 2021 წელს მკვეთრად გაუარესებულია. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ მმართველ პარტიას მითვისებული აქვს ფაქტობრივად ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი და ქვეყანაში ძლიერდება ავტორიტარიზმის ტენდენციები, რომლის საწინააღმდეგოდ არჩევნები, როგორც მთავარი დემოკრატიული მექანიზმი, უძლურია.
“ძალაუფლების შესანარჩუნებლად ხელისუფლება არ ერიდება არც ადამიანის უფლებათა სერიოზულ დარღვევებს და არც ურთიერთობის გაუარესებას საერთაშორისო პარტნიორებთან, რაც ქვეყნის დემოკრატიული წინსვლის პერსპექტივას მნიშვნელოვნად ასუსტებს. შედეგად საზოგადოებაში ისედაც მწვავე პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ვითარების ფონზე ძლიერდება ნიჰილიზმი, ხოლო ევროატლანტიკურ სივრცეში ფორმალური თუ ღირებულებითი ინტეგრაციის შესაძლებლობა კიდევ უფრო მკრთალი ხდება”. – ნათქვამია ანგარიშში.
GDI მიიჩნევს, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება 2021 წელს კვლავ არ იყო სათანადოდ დაცული არც პრაქტიკაში და არც საკანონმდებლო დონეზე. კერძოდ, 2021 წლის 5 ივლისს ხელისუფლებამ არ, ან ვერ დაიცვა ლგბტ+ თემის წევრები და მხარდამჭერები სიძულვილის ჯგუფებისაგან, რომლებმაც ძალადობრივად ჩაშალეს თბილისი პრაიდის მიერ დაგეგმილი ღირსების მარში.
“სახელმწიფო აგრძელებს თავისი ვალდებულების უგულებელყოფას და არ უზრუნველყოფს ლგბტ+ თემის მიერ შეკრების თავისუფლებით სარგებლობას მშვიდობიან გარემოში. თუკი სექსუალური უმცირესობის შემთხვევაში ხელისუფლება არ (ან ვერ) ახდენს შეკრების თავისუფლების დარღვევის პრევენციას, იგი თავად ლახავს სამოქალაქო აქტივისტებისა და დემონსტრანტების შეკრების თავისუფლებას. კერძოდ, 2021 წელს გაძლიერდა სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ რეპრესია, რომელიც გამოიხატა სხვადასხვა აქციის მონაწილეთა უკანონო დაკავებებითა და მათთვის პასუხისმგებლობის დაკისრებით”. – ვკითხულობთ ანგარიშში.
ორგანიზაციის ანგარიშში ნათქვამია, რომ დემონსტრანტების კრიტიკის ჩასახშობად როგორც სამართალდამცავი ორგანოები, ისე სასამართლოები იყენებენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს, რომელიც არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა თანამედროვე სტანდარტებს. მიუხედავად ამისა, პარლამენტმა, კოდექსის რეფორმის ნაცვლად, გაამკაცრა სანქციები მის ყველაზე პრობლემურ მუხლებში. გარდა ამისა, პარლამენტმა მიიღო ამნისტიის შესახებ კანონი, რომელიც გაავრცელა იმ სამართალდამცავებზე, რომლებმაც 2019 წლის 19-20 ივნისს უხეშად დაარღვიეს დემონსტრანტთა შეკრების თავისუფლება.
“ხელისუფლება 2021 წელსაც ებრძოდა კრიტიკულ აზრს. გამოხატვის თავისუფლების კუთხით, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისია არაერთხელ ჩაერია (კრიტიკული) მედიის თავისუფლებაში. კერძოდ, უხამსობისა და არასრულწლოვანებისთვის საზიანო გადაცემების, აგრეთვე პოლიტიკური რეკლამების ეთერში განთავსების საბაბით კომისიამ არაერთი მაუწყებელი სამართალდამრღვევად ცნო, რაც რეალურად წარმოადგენდა გამოხატვის თავისუფლების შინაარსობრივ და არაკონსტიტუციურ შეზღუდვას. მან მაუწყებლებს პოლიტიკური რეკლამების განთავსებისათვის სოლიდური ჯარიმა დააკისრა, რაც მიზნად ისახავდა მედიის სარედაქციო პოლიტიკის კონტროლს. გარდა ამისა, საგანგაშოა მედიის წარმომადგენლებზე განხორციელებული ფიზიკური და სიტყვიერი თავდასხმები, მათ შორის კი ყველაზე მასშტაბური იყო 2021 წლის 5 ივლისს მომხდარი ძალადობა, როდესაც სიძულვილის ჯგუფები ფიზიკურად გაუსწორდნენ მედიის ათეულობით წარმომადგენელს და დააზიანეს მათი აღჭურვილობა”. – ნათქვამია ანგარიშში.
GDI მიიჩნევს, რომ ხელისუფლება არათუ არ ახდენს ჟურნალისტებზე ძალადობის პრევენციას, აღკვეთასა და სათანადოდ დასჯას, არამედ თავად ახალისებს აგრესიას კრიტიკული მედიის წინააღმდეგ მიმართული განცხადებებით.
ორგანიზაცია ანგარიშში ასევე ეხმაურება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილ დოკუმენტებსა და უკანონო ფარული მიყურადების ფაქტებს. GDI-ის ცნობით, რომ პროკურატურამ და სასამართლომ მიყურადების მსხვერპლებს არ მიანიჭეს დაზარალებულის სტატუსი. შესაბამისად, ხელისუფლებას არ ჰქონია სათანადო რეაქცია პირადი ცხოვრებისა და კომუნიკაციის უფლების შელახვის შემთხვევებზე.
“2021 წელს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, რადგან, პოლიტიკურ პარტიათა შეთანხმების თანახმად, თუ ქართული ოცნებას პროპორციული წესით მხარს არ დაუჭერდა ამომრჩეველთა 43%, მაშინ წლის ბოლომდე დაინიშნებოდა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. სამწუხაროდ, როგორც წინასაარჩევნო, ისე საარჩევნო პერიოდში დაფიქსირდა არაერთი სერიოზული დარღვევა, რომლებმაც ეჭვქვეშ დააყენეს არჩევნებისათვის სამართლიანი, თავისუფალი და თანასწორი გარემოს არსებობა და შეასუსტეს საბოლოო შედეგის მიმართ ნდობა”. – წერს ორგანიზაცია.
GDI მიიჩნევს, რომ 2021 წლისთვის მწვავე გამოწვევად რჩება როგორც სახელმწიფოს, ისე საზოგადოების მიერ უმცირესობათა მიმართ დისკრიმინაცია და ტოლერანტობის დაბალი ხარისხი. ორგანიზაცია ხაზს უსვამს რელიგიური დღესასწაულების პერიოდში ხელისუფლების მიერ დაწესებულ დისკრიმინაციულ კომენდანტის საათის არსებობას. აგრეთვე GDI მიიჩნევს, რომ პანდემიის მართვის პროცესში ხელისუფლებამ სხვადასხვა სახით გამოიჩინა შერჩევითი სამართლიანობა.
“შერჩევითი მიდგომის თვალსაჩინო მაგალითია 2021 წლის 7 აგვისტოს პრემირმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დასწრება “ქეიფზე” მაშინ, როდესაც აკრძალული იყო სოციალურ ღონისძიებებთან დაკავშირებით 10-ზე მეტი პირის თავშეყრა”. – წერია ანგარიშში.
ანგარიშში ასევე ვკითხულობთ, რომ 2021 წელს არ გამოსწორებულა ვითარება მართლმსაჯულების სისტემაში. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ 19 აპრილს ევროკავშირის მედიაციით მიღწეული შეთანხმებისა და საერთაშორისო პარტნიორების მოწოდების მიუხედავად, სასამართლო სისტემაში ძირეული რეფორმების გატარების გარეშე გაგრძელდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი, ასევე არ შეჩერებულა თავად საბჭოს წევრების არჩევა. შედეგად, თანამდებობებზე დაინიშნნენ ისეთი პირები, რომელთა კომპეტენცია, დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა საეჭვოა ე.წ. კლანთან, ანუ მოსამართლეთა გავლენიან ჯგუფთან მათი კავშირის გამო. შესაბამისად, მართლმსაჯულების სისტემას არასამთავრობო ორგანიზაცია კვლავ პოლიტიზებულს უწოდებს.
“დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს არარსებობის პირობებში არ არის გასაკვირი, რომ 2021 წელსაც მიმდინარეობდა პოლიტიკურად მოტივირებული სამართალწარმოება. 2021 წლის 23 თებერვალს, სასამართლოს მიერ გირაოს შეცვლის შემდეგ, სამართალდამცავები შეიჭრნენ მთავარი ოპოზიციური პარტიის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში და პარტიის ლიდერი, ნიკა მელია ძალის გამოყენებით დააკავეს. ნიკა მელიას დაკავებამ გამოიწვია უმწვავესი კრიტიკა საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე და კიდევ უფრო გააღრმავა პოლიტიკური კრიზისი. ანალოგიურად, პოლიტიკურად მოტივირებული იყო თავდაცვის ყოფილი მინისტრისა და ტელეკომპანია ფორმულას დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ საქმე. კერძოდ, ქვედა ინსტანციის სასამართლოების გამამართლებელი განაჩენების შემდეგ უზენაესმა სასამართლომ კეზერაშვილი დამნაშავედ ცნო. თავდაცვის სამინისტრომ ამის შემდეგ, კეზერაშვილის წინააღმდეგ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სარჩელი შეიტანა, რაც სამოქალაქო სექტორმა კრიტიკულ მედიაზე ზეწოლად მიიჩნია. გარდა ამისა, პოლიტიკურად მოტივირებულია ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეები და პატიმრობა“. – ვკითხულობთ ანგარიშში.
ორგანიზაცია ასევე მიიჩნევს, რომ 2021 წელს სერიოზული პრობლემა იყო საპატრიარქოს დაქვემდებარებულ ნინოწმინდის პანსიონში მცხოვრები ბავშვების უფლებრივი მდგომარეობა, რადგან პანსიონში ფიქსირდებოდა არასრულწლოვანთა უფლებების დარღვევის შემთხვევები.