აღურიცხავი და უხარისხო საწვავი – გამოწვევები, რომელიც ნავთობპროდუქტების ბაზარზეა

„2021 წელი ნავთობპროდუქტების ბიზნეს-სექტორისათვის, ისევე როგორც ყველა ბიზნეს-ინდუსტრიისათვის, ხასიათდებოდა მნიშვნელოვანი გამოწვევებით”,-ამის შესახებ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მიერ წლის მიმოხილვაშია აღნიშნული.

მათივე ინფორმაციით, უმთავრესი, არის პანდემია COVID-19. თუმცა, მიმდინარე წელი გასულ წელთან შედარებით, გაცილებით უკეთესი იყო, რაც პირველ რიგში გამოწვეული იყო ქვეყანაში დაწესებული სხვადასხვა სახის შეზღუდვის ეტაპობრივი მოხსნით, რასაც თავის მხრივ მოჰყვა ეკონომიკის მნიშვნელოვანი ზრდა, რის გამოც მოხდა ნავთობპროდუქტების იმპორტისა და მოხმარების ზრდა.

როგორც ნავთობპროდუქტების ბიზნეს-სექტორის 2021 წლის მიმოხილვაშია აღნიშნული, მეორე მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ვალუტის – ლარის კურსის გაუფასურება უცხოურ ვალუტებთან მიმართებით, თუმცა წლის ბოლოს შედარებით გამყარდა და დასტაბილურდა.

როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში აცხადებენ, ერთ-ერთი პრობლემატური საკითხი არის აღურიცხავი დიზელის საწვავის არსებობა, რაც დაკავშირებულია მნიშვნელოვან ფასთაშორის სხვაობასთან საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის.

„კერძოდ, სატვირთო სატრანსპორტო საშუალებების ავზებით ხდება დიზელის საწვავის შემოდინება საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში შესაბამისი სახელმწიფო უწყებები აქტიურად ცდილობენ აღნიშნული პრობლემის მოგვარებას.

ასევე შეიძლება მნიშვნელოვან გამოწვევად ჩაითვალოს საწვავის ხარისხთან დაკავშირებული ვითარება. ეს ეხება როგორც ბენზინს (A-91 ოქტანის), ასევე დიზელის საწვავს. საჭიროა შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან საწვავის ხარისხის პერმანენტული კონტროლის განხორციელება როგორც იმპორტირებულ, ასევე საცალო ქსელში რეალიზებულ პროდუქტებზე, რაც სამწუხაროდ არ ხდება“,- აღნიშნულია მიმოხილვაში.

რაც შეეხება მთელი წლის განმავლობაში არსებულ უმთავრეს გამოწვევას, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, ეს იყო ნავთობის მზარდი ფასი.

„წლის დასაწყისიდან დღემდე (27 დეკემბრის მონაცემებით) ნავთობის ფასი ლონდონის Inter Continental Exchange Futures Europe-ის სანავთობო ბირჟაზე გაზრდილია 27.51 დოლარით/ბარელზე ანუ 53.8 პროცენტით და შეადგენს 78.60 დოლარს/ბარელზე.

საგულისხმოა, რომ ნავთობის ფასის ზრდის პარალელურად ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა საერთაშორისო ფასები ნავთობპროდუქტებზე S&P Global Platts-ის მიხედვით, რომლის მიხდევითაც ხორციელდება საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტი. ყოველივე ამის ფონზე ჩვენთანაც ხდებოდა საწვავის ფასის ზრდა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო კვირების განმავლობაში საწვავის ფასი არათუ დასტაბილურდა, შემცირებისკენაც (5-10 თეთრით/ლიტრაზე) კი წავიდა.

პანდემია COVID-19-სა და მისგან გამომდინარე შეზღუდვების მიუხედავად, მიმდინარე წლის 11 თვის განმავლობაში საწვავის იმპორტი გაზრდილია. 2021 წლის იანვარ-ნოემბრის თვეების განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 1042,3 ათასი ტონა, რაც 37,5 ათასი ტონით ანუ 3,7%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (1004,8 ათასი ტონა) შედარებით და 49,7 ათასი ტონით ანუ 5%-ით პანდემიამდე არსებული 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (992,6 ათასი ტონა) შედარებით“,- ნათქვამია მიმოხილვაში.

ამავე მონაცემების მიხედვთ, გასულ წელს პანდემიიდან გამომდინარე ყველაზე მეტად ნავთობპროდუქტების ბიზნეს-სექტორში საავიაციო ნავთის სეგმენტი დაზარალდა, თუმცა მიმდინარე წელს მაჩვენებელი დადებითი მიმართულებით შეიცვალა.

„2021 წლის იანვარ-ნოემბერში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 85,8 ათასი ტონა, რაც 34,6 ათასი ტონით, ანუ 67,6%-ით, მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (51,2 ათასი ტონა) შედარებით და 6,4 ათასი ტონით, ანუ 6,9%-ით, ნაკლებია პანდემიამდე არსებულ 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (92,2 ათასი ტონა) შედარებით.

თუმცა, COVID-19 პანდემიამ ნეგატიური გავლენა მოახდინა სხვა სახის ნავთობპროდუქტების მოხმარებაზე და შესაბამისად, მათ იმპორტზე. კერძოდ:

2021 წლის იანვარ-ნოემბერში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 107 ათასი ტონა, რაც 12,6 ათასი ტონით, ანუ 10,5%-ით, ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (119,6 ათასი ტონა) შედარებით.

2021 წლის იანვარ-ნოემბერში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 17,12 ათასი ტონა, რაც ფაქტიურად იგივეა გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (17,12 ათასი ტონა) შედარებით.

2021 წლის იანვარ-ნოემბერში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტმა შეადგინა 34,6 ათასი ტონა, რაც 7,3 ათასი ტონით ანუ 17,4%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (41,9 ათასი ტონა) შედარებით. მათ შორის, მიმდინარე წლის 11 თვის განმავლობაში იმპორტის 92,2% (31,9 ათასი ტონა) განხორციელდა რუსეთის ფედერაციიდან.

ასევე უნდა აღინიშნოს მიმდინარე წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები. კერძოდ, საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 დეკემბრის „დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ“ №238 დადგენილებაში ცვლილებების შეტანა, რომლის თანახმადაც მოხდა დიზელზე ახალი ხარისხობრივი ნორმების მიღების ერთი წლით გადავადება. ეს ხელს შეუწყობს იმას, რომ ქვეყანაში კვლავინდებურად იყოს წარმოდგენილი აზერბაიჯანული დიზელის საწვავი, რაც ქვეყანაში არსებული მაღალი ინფლაციიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ საწვავზე მაღალი ფასების პირობებში მომხმარებელს ჰქონდეს არჩევანის საშუალება შედარებით დაბალფასიან პროდუქტზე“,- ნათქვამია მიმოხილვაში.

მიუხედავად ქვეყანაში არსებული ეკონომიკური პრობლემებისა, ნავთობპროდუქტების ინდუსტრიაში მთელი წლის განმავლობაში ხდებოდა ახალი ავტოგასამართი სადგურების მშენებლობა და განვითარება როგორც ბრენდირებული, ასევე არაბრენდირებული კომპანიების მხრიდან. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი არაბრენდული კომპანიის მხრიდან ხდება ქსელური კომპანიების ჩამოყალიბება და განვითარება თავისი სამარკო ნიშნით (პორტალი, ეკო პეტროლი და სხვ). წლის განმავლობაში ხორციელდებოდა მნიშვნელოვანი ინვესტიციები, როგორც ბრენდირებული, ასევე არაბრენდირებული კომპანიების მიერ. დღეისათვის საქართველოში ფუნქციონირებს 1300-ზე მეტი ავტოგასამართი სადგური. “

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share