მოქმედი მოსამართლეები მმართველ გუნდს უპირისპირდებიან და პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის მომზადებას არ გამორიცხავენ. მიზეზი ქართული ოცნების მიერ საერთო სასამართლოების შესახებ კანონში 2 დღეში, კონსულტაციების გარეშე დამტკიცებული ცვლილებებია.
მოსამართლეები „მთავარ არხს“ უყვებიან, რომ ახლა პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ელოდებიან – დაადებს ვეტოს თუ მოაწერს ხელს მოსამართლეების დასასჯელად შეტანილ ცვლილებებს.
ყოფილი მოსამართლეები, რომლებმაც სისტემის ზეწოლა და სასამართლო სისტემის კლანური მმართველობა საკუთარ თავზე გამოსცადეს, დარწმუნებულები არიან, რომ მოსამართლეთა დისციპლინურ დევნასთან დაკავშირებით მიღებული ცვლილებები განსხვავებული აზრის ჩახშობას ემსახურება, რადგან ბოლო რამდენიმე თვეში მოსამართლეთა ჯგუფმა ე.წ. კლანის წევრებისგან განსხვავებული პოზიცია, თუნდაც, დასავლელ პარტნიორების კრიტიკასთან დაკავშირებით, დააფიქსირეს და კოლექტიურ განცხადებას გაემიჯნენ.
კრიტიკის მიუხედავად, ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ კანონპროექტი ფართო კონსულტაციების შედეგად მიიღეს, უფრო მეტიც, ამტკიცებენ, რომ ოპოზიციის შენიშვნები გაითვალისწინეს, აქედან გამომდინარე, დარწმუნებულები არიან, რომ პრეზიდენტი კანონპროექტს ვეტოს არ დაადებს.
სალომე ზურაბიშვილს დრო იანვრის ბოლომდე აქვს.
ტვ მთავარი