საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ემიგრანტი, ნუგზარ სულაშვილი თავის შეხედულებას იმ მიზეზებზე გვიზიარებს, რამაც ადამიანებს ჭეშმარიტების მიღწევაში ხელი შეუშალა: „შეუძლებელია მიაღწიო ჭეშმარიტებას პროგრესის გარეშე. ჭეშმარიტებშია გასხივოსნებული თავისუფლება და სიყვარული. იქ სადაც მზეა, ვერ იბატონებს სიბნელე. იქ სადაც სიყვარულია, კვდება ბოღმა და ღვარძლი. გამოდით გარეთ და შეხედეთ, რამდენი ეკლესია მონასტერი აშენდა უკანასკნელი 30 წლის მანძილზე. აშენდა იმაზე მეტი, ვიდრე, უკანასკნელი რამდენიმე საუკუნის განმავლობაში. აშენდა საკუთარი ქვეყნისა და ერის უმოწყალო ძარცვის; უწამლოდ, უპუროდ, უშუქოდ, უპენსიოდ დარჩენილი ადამიანების ხარჯზე. აშენდა ყაჩაღების ცოდვათა გამოსასყიდად, რომლებმაც შეიწირეს ჩვენი ოჯახის წევრების ჯანმრთელობა და სიცოცხლე. რატომ? იმიტომ, რომ პროგრესს მივაფურთხეთ; იმიტომ, რომ პიროვნულ განვითარებაზე ვთქვით უარი; იმიტომ, რომ მოკრძალებით მოვუყარეთ მუხლი იმ ტაძრებს, სადაც მისმა ამშენებლებმა თავად ქრისტე არ შეუშვეს; იმიტომ, რომ ვერ შევიცანით ადამიანი, როგორც ღმერთის უდიდესი შემოქმედება; იმიტომ რომ შავს შავი არ დავარქვით და თეთრს – თეთრი; იმიტომ, რომ გათითოკაცებულებმა გამოვიტირეთ საკუთარი თავის და ქვეყნის უბედურება; იმიტომ რომ ვერ შევძელით სრულფასოვან სამოქალაქო საზოგადოებად ჩამოყალიბება; იმიტომ, რომ შეგვეშინდა საკუთარ სინდისისკენ თითის გაშვერა და ყველაფერი ერთმანეთს გადავაბრალეთ; დიახ კიდევ ააშენებენ დიდებულ ტაძრებს გაძევებული ღმერთის უკან დასაბრუნებლად, მაგრამ აღარ ვიარსებებთ ჩვენ ღმერთისთვის, როგორც სულიერი და ხორციელი ცოცხალი ტაძარი. და, თუ არ იარსებებს ადამიანი, ღმერთიც შეწყვეტს არსებობას. ნუ დაუჯერებთ ცრუ წინასწარმეტყველ მქადაგებლებს, რომ პროგრესი და ცივილიზაცია გვაშორებს უფალს. პირიქით, ის გვაახლოებს მასთან, გვიხსნის გონებას ჭეშმარიტების შესაცნობად. არ გვაძლევს უფლებას ვიყოთ მონები და ფანატიზმის მსხვერპლნი. ღმერთმა ჩვენ გვიბოძა თავისუფლება რაც ნიშნავს იმას რომ ის თავადაა ჩვენში თავისუფლების სიმბოლოდ, და თუ ჩვენ ვერ შევძელით თავის”უფლად” ყოფნა, მისი შენარჩუნება, გამოდის რომ თავადვე ვართ უფლის მკვლელები, რაც დანაშაულთა შორის, ყველაზე დიდი დანაშაულია და ცოდვათა შორის, ყველაზე დიდი ცოდვა. არა – მონობას! გაუმარჯოს თავისუფლებას! გზას უფალთან მისასვლელს!“