საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილის, ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეიბა გაუმჯობესდა. ამის შესახებ ოჯახის ადვოკატმა, ამირან გიგუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ცოტნე უკვე კონტაქტურია და რეაბილიტაცია წარმატებით მიმდინარეობს, თუმცა გარკვეული ეფექტის მისაღწევად კიდევ რამდენიმე თვე დასჭირდება.
„რაც შეეხება ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობას, მიმდინარეობს ინტენსიური სარეაბილიტაციო პროცესი. ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო, ფაქტობრივად, მისი გადარჩენა სასწაულია, რომელიც ექიმების ჩარევით და უფლის ნებით განხორციელდა. მას ყველა სათანადო პროცედურა უტარდება, რომელიც ასეთი რთული სარეაბილიტაციო პროცესისთვის არის დამახასიათებელი. გერმანიაში, ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში იმყოფება. მის მიმართ თუ რაიმე პროცედურა არსებობს, ინოვაციური და ტექნოლოგიური, მედიცინის თვალსაზრისით, ყველაფრის ხელმისაწვდომობა არის უზრუნველყოფილი, მათ შორის მატერიალურ-ფინანსური თვალსაზრისით, რომელსაც როგორც ოჯახი აღნიშნავს, „ქართუ ბანკი“ სრულად ახორციელებს. ამ თვალსაზრისით მას სრული მხარდაჭერა და ხელშეწყობა აქვს. როგორც ექიმები ამბობენ, კიდევ რამდენიმე თვე დასჭირდება იმისთვის, რომ გარკვეული ეფექტი იყოს. სრულიად კონტაქტურია, სრულად აღიქვამს კომუნიკაციას, მოვლენებს, მათ შორის მოგეხსენებათ, მის მიმართ ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით მეუღლესთან განახორციელა გარკვეული ტიპის კომუნიკაცია ჟესტების ენით. ამ ეტაპზე ის მხოლოდ რამდენიმე სიტყვის წარმოთქმით და ჟესტების ენით შემოიფარგლება. ფაქტობრივად, ახლიდან სწავლობს ცხოვრებას, სიარულს და ლაპარაკს“, – განაცხადა ადვოკატმა.