წინასწარი მონაცემებით, ბათუმში ქართული ოცნების კანდიდატმა გაიმარჯვა – ცესკო

ცესკოს წინასწარი მონაცემებით ბათუმში ქართული ოცნების კანდიდატმა, რამაზ ჯინჭარაძემ გაიმარჯვა.

ბათუმში შუალედური არჩევნები ზოგიერთ უბანზე ელექტრონული ფორმატით ჩატარდა. ხმები 14 უბანზე დათვალეს.

წინასწარი პირველადი მონაცემებით ბათუმში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა – მათე ფუტკარაძემ 31%, ქართული ოცნების წარმომადგენელმა რამაზ ჯინჭარაძემ კი 69% მიიღო.

ცესკოს ინფორმაციით, არჩევნების დღეს ბათუმში აქტივობა 51.3% იყო რუსთავსა და გარდაბანში კი უბნებზე ამომრჩეველთა 29% მივიდა.

***

ბათუმში საკრებულოს ახალი წევრს ირჩევენ. არჩევნები მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც საკრებულოს წევრი ნაციონალური მოძრაობიდან ნუგზარ ფუტკარაძე გარდაიცვალა. ოჯახის წევრები და თანაპარტიელები ამბობენ, რომ ფუტკარაძე ხელისუფლების წარმომადგენლებმა ზეწოლა განახორციელეს, რათა საკრებულოში ქართულ ოცნებას შეერთებოდა, რითაც ეს უკანასკნელი უმრავლესობას ჩამოაყალიბებდა.

რუსთავში კი პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევენ, რადგანაც დეპუტატი ნინო ლაცაბიძე 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად რუსთავის მერი გახდა.

ბათუმის 14 საარჩევნო უბანზე, ზოგიერთი საარჩევნო პროცედურა საპილოტე რეჟიმში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ხორციელდება. კენჭისყრა ხმის მიცემისა და დათვლის ელექტრონული საშუალებებით მიმდინარეობს, ცესკოს გადაწყვეტილებით 14-ვე საარჩევნო უბანზე, პირველად ხორციელდება ამომრჩეველთა ელექტრონული ვერიფიკაცია შესაბამისი ტექნოლოგიის გამოყენებით.

ბათუმის საკრებულოს წევრობის კანდიდატები არიან ქართული ოცნებიდან რამაზ ჯინჭარაძე და ნაციონალური მოძრაობიდან ნუგზარ ფუტკარაძის შვილი, მათე ფუტკარაძე.

რაც შეეხება რუსთავს, ქართულმა ოცნებამ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ირაკლი შატაკიშვილი დაასახელა. რაც შეეხება ოპოზიციას, თავისი კანდიდატურა დაასახელა ლელოს ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ, რომელსაც მხარს პარტია უჭერდა მხარს. თუმცა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ომის პირობებში საარჩევნო კამპანიას ვერ ჩაატარებდა და მოუწოდა მმართველ პარტიას, რომ არჩევნები გადაედო. ჯაფარიძემ კანდიდატურა მოხსნა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share