“ყველანაირი თავში ცემა, რომ ეს რა კარგი ბიჭი დავკარგეთ, არის უსაგნო, უსაფუძვლო სამართლებრივად”, – ასე ეხმაურება კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაპატიმრებას.
წულუკიანი თქმით, როცა სტრასბურგის სასამართლოში დავა მიმდინარეობდა, ის პირადად ხედავდა, რომ ნიკა გვარამია “რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორობის დროს დაკავებული იყო თანხების “სწრაფი ტემპით გადაქაჩვით” მის მიერ დაფუძნებულ კერძო კომპანიაში. მისი აზრით, მიზეზი ის იყო, რომ “გვარამია ხვდებოდა, სტრასბურგში დავას ვერ მოიგებდა”.
“როდესაც სტრასბურგის სასამართლოში დავას ვაწარმოებდი, მე თვითონ ფაქტებით ვხედავდი, რომ მისი მთავარი მიზანი იყო სისწრაფე და საუკეთესო შემთხვევაში “რუსთავი 2″-ის გაკოტრება, რომ აზრი აღარ ჰქონოდა ამ კომპანიის კანონიერი მესაკუთრისთვის დაბრუნებას. მან ეს ბოლომდე ვერ შეძლო, მაგრამ შეძლო ის, რომ შვიდ მილიონ ლარამდე ქონებრივი უფლებები გაფლანგა მის მიერვე დაფუძნებული კომპანიის და მისივე პირადი ინტერესების სასარგებლოდ. თუ ეს არ არის დანაშაული, მაშინ არ ვიცი, რა არის დანაშაული. ამიტომ, ყველანაირი თავში ცემა, რომ ეს რა კარგი ბიჭი დავკარგეთ, არის უსაგნო, უსაფუძვლო სამართლებრივად”, – თქვა წულუკიანმა “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ცნობით.
წულუკიანმა “რუსთავი 2”-ს თანხის დაბრუნება უსურვა.