გასული საუკუნის 20-30-იანი წლების ევროპული და ამერიკული პრესა ზაქარია მდივნის შვილების ზღაპრული თავგადასავლებით იყო აჭრელებული. დავით, სერგო, ალექსი, ნინო და რუსუდან მდივნებს მსოფლიოს პოპულარული ჟურნალ-გაზეთების მოწინავე სტატიები ეთმობოდა.
ქართველებთან სიახლოვით თავს იწონებდნენ პოლიტიკოსები, ბიზნესმენები, მსახიობები, მხატვრები თუ მაფიოზები… მათდამი ინტერესი დღემდე არ განელებულა. დეილ კარნეგის თავის ბესტსელერში “როგორ მოვიპოვოთ მეგობრები და მოვახდინოთ გავლენა ადამიანებზე” ქალბატონებთან ურთიერთობის მაგალითად ძმები მდივნები მოჰყავს.
ბოლშევიკების მოსვლის შემდეგ ზაქარია მდივანი ოჯახითურთ პარიზს გაემგზავრა. ოჯახის ფინანსური მდგომარეობა კრიტიკული იყო. სწორედ ამიტომ ზაქარიას ვაჟებმა ამერიკას, კალიფორნიას მიაშურეს. არისტოკრატული გარეგნობის, ენამახვილი და განათლებული ვაჟები მაღალი საზოგადოების ინტერესის სფეროში მოექცნენ.
დავითი
დავით მდივნის პირველი მეუღლე ცნობილი ამერიკელი მსახიობი, მოცეკვავე, პროდიუსერი, სცენარისტი და, რა თქმა უნდა, მდიდარი ქალი მეი მიურეი იყო. პრესის მტკიცებით, ქართველმა პრინცმა 16 წლით უფროსი ცოლი მალე გააკოტრა და გაშორდა. მეი მიურეიმ ცხოვრების ბოლო წლები ღატაკთა თავშესაფარში გაატარა.
მისი “პრინცის” ახალი რჩეული კი ფრანგი კინოვარსკვლავი არლეტი გახლდათ. საბოლოოდ დავითი ნავთობის ამერიკელი მაგნატის მილიონერ ქალიშვილზე, ვირჯინია სინკლერზე დაქორწინდა. მასთან ვაჟი, ქორან დევიდი შეეძინა.
სერგო
სერგო მდივნის უახლოეს მეგობრად მუნჯი კინოს აღიარებული სექსსიმბოლო რუდოლფ ვალენტინო იქცა. ამ უკანასკნელს საყვარელიც შესაფერისი ჰყავდა – ჰოლივუდის მშვენება პოლა ნეგრი, რომელიც ვალენტინოს გამო ჩარლი ჩაპლინს გაშორდა. გამოხდა ხანი და ქალმა ჩარლისა და რუდოლფზე დიდებული კაცი იპოვა – სერგო მდივანი!
წყვილი სამი წლის თავზე დაშორდნენ. ამერიკის საფონდო ბაზრის ჩამოქცევამ მდიდარი პოლა ნეგრი გააკოტრა. სერგომ პოლა მიატოვა და პოპულარული საოპერო მომღერალი, მერი მაკკორმაკი შეირთო ცოლად (თუმცა, ეს ქორწინება ხანმოკლე აღმოჩნდა). “პრინცის” დაკარგვით უაღრესად დამწუხრებულმა ნეგრიმ ამერიკა მიატოვა და გერმანიაში გადასახლდა. იქ მას, როგორც ამბობენ, თვით ადოლფ ჰიტლერი ეკურკურებოდა…
ამასობაში ქართველმა „პრინცმა“თვალი დაადგა მულტიმილიონერ ლუიზა ასტორს. ასტორები, როკფელერებისა და ვანდერბილტების ოჯახებთან ერთად, ამერიკის ბურჟუაზიული არისტოკრატიის უმსხვილეს კლანად ითვლებოდნენ. ოჯახის მფლობელობაში იყო ბეწვეულის მსოფლიოში უდიდესი კომპანია, “უოლდორფ ასტორიის” ფეშენებელურ სასტუმროთა ქსელი, აგრეთვე, პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ძვირად ღირებული ყვითელი ბრილიანტი “ნენსი დეიმონდი”, რომელიც მანამდე საფრანგეთისა და ბრიტანეთის მონარქების საკუთრება იყო.
სერგომ ლუიზა ცოლად მოიყვანა. ქართველ ჟიგოლოს, როგორც ჩანს, დიდად არ ანაღვლებდა, რომ ლუიზა ასტორი თავისი უკვე გარდაცვლილი ძმის, ალექსი მდივნის… ქვრივი იყო.
ალექსი
ალექსი ორჯერ იყო დაქორწინებული. მან ლუიზა ასტორი სულ რამდენიმე თვეში მიატოვა და ხელი სთხოვა “ვულვორთის”“მაღაზიათა ქსელის მფლობელის ქალიშვილს, ბარბარა ვულვორთ-ჰატონს. ბარბარას ოჯახი 20-იან წლებში 200-მილიონიან ქონებას ითვლიდა, რაც ამჟამინდელი თითქმის 30 მილიარდი დოლარის ეკვივალენტია.
მათი ჯვრისწერა პარიზში გაიმართა. ერთ-ერთი ფრანგული გაზეთი ჯვრისწერას ასე აღწერდა: “დარიუს ქუჩაზე მდებარე მართლმადიდებელი ეკლესია და თავად ქუჩაც ათასობით თეთრი ვარდით მოურთავთ. ეკლესიის წინ ეგზოტიკური მცენარეებით სავსე უზარმაზარი ორანჟერეა ააგეს. თეთრხელთათმნიანი შვეიცარები თითოეულ სტუმარს მოწიწებით ეგებებიან. ახალდაქორწინებულები ზეიმზე დიდებული„”როლს-როისით” მობრძანდნენ. ასეთი თვალისმომჭრელი სამოსი და ამდენი ცილინდრი პარიზს არასოდეს უნახავს! ეს ჯვრისწერა მონარქებსაც კი თვალს დაუბნელებდა”.
გავიდა ორი წელი და ალექსიმ ვულვორთ-ჰატონიც მიატოვა. ეულად დარჩენილი ბარბარა ქართველ პრინცთან განშორებას მძიმედ განიცდიდა და დეპრესიიდან თავის დაღწევას ფსიქოლოგების დახმარებით ცდილობდა.
ამასობაში ალექსი ბარონესა ფონ ტისენ-ბორნემისასთან ერთად ესპანეთში ატარებდა დროს. ეს დიდგვაროვანი ქალბატონი ერთ დროს ლეგენდარული სალვადორ დალის საყვარელი იყო, დალი კი, თავის მხრივ, ალექსი მდივანთან მეგობრობდა.
1935 წლის 11 აგვისტოს ალექსიმ და ბარონესამ “როლს-როისით” ქალაქგარეთ გაისეირნეს. მდივანმა მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა და ბოძს დაეჯახა. ბარონესა მსუბუქად დაშავდა, მდივანი კი დაიღუპა.
ახალგაზრდა ქართველის გარდაცვალება ემიგრაციაში მყოფმა მისმა თანამემამულეებმაც დიდად განიცადეს. ემიგრანტული პრესის ცნობით, ალექსი წლების განმავლობაში უანგაროდ ეხმარებოდა ამერიკასა თუ ევროპაში გახიზნულ ქართველებს. უხვად აფინანსებდა ქართველ სტუდენტებს, პოლიტიკოსებს და კიდევ ბევრს, ვინც ბედის უკუღმართობით უცხოეთში სიღატაკეში ცხოვრობდა.
რუსუდანი
რუსუდანის რჩეული ცნობილი ესპანელი მხატვარ-მონუმენტალისტი ხოსე მარია სერტი იყო. მათი პირველი შეხვედრის (სერტი მაშინ 51 წლის იყო, რუსუდანი – 19-ის) აღწერას XX საუკუნის მოდის დედოფლის, კოკო შანელის წიგნში ვხვდებით: “1925 წლის ერთ დღეს, როცა ხოსე მონპარნასზე თავის სახელოსნოში ახალ სკულპტურაზე მუშაობდა, კარზე ზარი დაირეკა. გააღო და გაოგნდა: ზღურბლთან მაღალი, გამხდარი გოგონა იდგა. მას ქერა-ფერფლისფერი თმა, რუხი-მომწვანო და ოდნავ დამცინავი თვალები ჰქონდა. ის ანგელოზს ჰგავდა. გოგონა დამწყები სკულპტორი აღმოჩნდა და სახელოვან მხატვართან რჩევის საკითხავად მისულიყო. მალე ჩვენი ძველი სერტი ნორჩი ქართველი პრინცესით მოხიბლული, პატარა ბიჭივით უზომოდ შეყვარებული ვიხილეთ”.“
სერტი ცოლს გაეყარა და რუსუდანთან შეუღლდა. წყვილი ბედნიერად ცხოვრობდა 1938 წლამდე, რუსუდანის გარდაცვალებამდე – ის მხოლოდ 32 წლის იყო. ქართველ პრინცესას“სალვადორ დალიც ეტრფოდა, თუმცა, ეს მხოლოდ რუსუდანის სიკვდილის შემდეგ გაამხილა.
ნინო
ნინო მდივნის პირველი მეუღლე, ჩარლზ ჰენრი ჰუბერიხი იურისტი და სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი იყო. მოგვიანებით ნინო სახელგანთქმული დეტექტივისტის, სერ ართურ კონან დოილის უფროს ვაჟს, დენისს შეუყვარდა და ქორწილმაც არ დააყოვნა. მალე საყვარელმა მეუღლემ„ნინოს მაძებარ ჰოლმსის ციკლის გამოცემის ექსკლუზიური უფლებები გადასცა. ნინო აქტიურად ჩაერთო საგამომცემლო ბიზნესში და მოთხრობების გაყიდვამ სარეკორდო მაჩვენებელს მიაღწია. დენისმა და ნინომ ერთად 20 წელი იცხოვრეს. ქმრის სიკვდილის შემდეგ ნინო ცოლად გაჰყვა დენისის თანაშემწეს ენტონი ჰერვუდს.
ნინო მდივანი 1987 წელს გარდაიცვალა.