ზაქარია ჭიჭნაძე ყვება ერთი გურული ახლაგაზრდა კაცის სახელად გიორგის ისტორიას, რომელიც გურიიდან სტამბოლში წასულა, სადაც განათლება მიუღია და რჯულიც შეუცვლია. შემდეგ ჩამოსულა გურიაში და გურიელების ოჯახში ცხოვრობდა, როგორც განათლებული და პატივსაცემი კაცი. ალი გურიელისათვის გურულებს სჯულის და სამშობლოს ღალატი დაუდიათ ბრალად, ხეზე მიუკრავთ და დაუხვრეტიათ. როგორც ჭიჭინაძე წერს ალი გურიის მთავართა ოჯახიდან არ უნდა ყოფილიყო. ხსენებული ფაქტი ტექტის მიხედვით სავარაუდოდ 1780-1800 წლებში უნდა მომხდარიყო. ალი გურიელის ამბები ჭიჭინაძეს აჭარაში შეუკრებია.
.
“XVIII საუკუნეს ბოლოს, ოსმალთა მიაღწიეს თავიანთ საწადელს, გურულებში, გურულების ოჯახში სცხოვრებდა ერთი გურიელთაგანი გიორგი. გიორგის ვინაობა რაღაც სიბნელით არის მოცული. ეს გიორგი გურიელი სტამბოლში გაზრდილა, ოსმალური ენა და სხვა ენებიც სცოდნია კარგად. თავის დროის კვალად იგი შესამჩნევად ცნობილი პირი ყოფილა და მასთან მოხერხებულიც. დროს შესვლის, ანუ მოწიფულობის შემდეგ ოსმალეთიდგან საქართველოში დაბრუნებულა. იგი სცხოვრებდა გურიაში, რასაკვირველია გურიელების ოჯახში. მას ყველა პატივის სცემდა, რადგანაც იცოდნენ კარგად რომ იგი სტამბოლს იყო გასდილი და ოსმალეთის მთავრობაც იცნობდა კარგად, პატივსაც სცემდენ მას.
.
გიორგი გურიელი კარგის პატივით და ნდობით სარგებლობდა გურულების წინაშე. დიდის პატივით აღმატებული ვეღარ მოთავსდა თავის ქერქში. გურულების ღალატი ჩაიდო გულში. გაიქცა სტამბოლს, სულთანს გამოეცხადა და უთხრა:
.
დიდებულო მზე და მთვარევ, მე მზათა ვარ რომ ვიწამო ისლამი და მაჰმადი, მის მერმე ვეცადო რომ მთელი გურიაც დაგიმორჩილოთ და მის მერმე იგინი ისე გაგიერთეულოდ, როა ბოლოს თათრობაც მივაღებინო. ხოლო ამისთვის საჭიროა თქვენი გზეებრივი დახმარებაც.
.
– მერე რა გინდა, რა გსურს, რომ გეწყალობოს ჩვენგან? ჰკითხა სულთანმა.
– მე მსურს, რომ გურიის გურულობა მე მიბოძოთ, მე
ვიყო იქ თავი პირი და თქვენი ერთგული.
.
სულთანი თანახმა გახდა. გიორგი გურული მალე გაათარეს და სახელად ალი უწოდეს. მის მერმე იგი იწოდებოდა ალი გურიელად. ვიდრე ალი გურული თავის განძრახვას შესრულებას დაიწყებდა, მანამ მას გურიაში ჩამოსვლა მოუხდა და სათადარიკო კაცებთან თათბირი და ცდა.
.
ალი გურიელის წადილი გურულებმა მალე შეიტყეს.
ლაპარაკი გაუგეს. იგიც გამოტყდა, გაამჟღავნა თავის წადილი, ეგონა თანამგრძნობთ რიცხვს მალე იპოვნიდა. რამდენიმე იპოვნა, მაგრამ ესენიც წინაღმდეგნი გაუხდენ. მალე საქმე ისე მოეწყო რომ ალი გურიელმა გურულები ვერც სულთანის სახელით შეაშინა, ვერც ჯარით და ვერცარა სხვა მუქარებით. გურულებმა არამც თუ თანხმობა განუცხადეს, არამედ როგორც მოღალატე დაიჭირეს, ხეზე მიაბეს და დახვრიტეს.
.
დახვრეტა მიტომ უფრო გადასწყვიტეს, რადგანაც
შეიძლება არ გავთათრდეთ, მაგრამ ალი გურიელი არ მოგვასვენებს, გურიელებს გადაეკიდება, ამას ომი მოჰყვება და მერე უფრო ძვირად დაგვიჯდებაო. ეს ჭეშმარიტად ასეც იქმნებოდა. სწორედ ასე მოხდებოდა, სამწუხაროდ ამ ალი გურიელის შესახებ არავიცით რა. ვფიქრობთ, რომ ეს ალი გურიელი გურიის მთავართ გურიელების შთამომავალი კი არ უნდა იყოს, არამედ ვინმე გურულთაგანი, რისთვისაც იგი გურიელადაც იწოდებოდა.”
.
მოამზადა კახა ჩავლეშვილი