2022 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 1.6 ლარით შემცირდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გასულ თვეს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 253.5 ლარს შეადგენდა, მაშინ როცა 2022 წლის ნოემბერში ეს მაჩვენებელი 255.1 ლარი იყო.
2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, 2022 წლის დეკემბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 30 ლარით არის გაზრდილი. 2021 წლის დეკემბერში საარსებო მინიმუმი 223.5 ლარს შეადგენდა.
ამასთან, „საქსტატის“ მონაცემებით, დეკემბერში ნოემბერთან შედარებით, შემცირდა საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმიც და 226 ლარის ნაცვლად, 224.5 ლარი გახდა. რაც შეეხება 2021 წლის ანალოგიურ პერიოდს, საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი მაშინ 198 ლარს შეადგენდა.
ცნობისთვის, საარსებო მინიმუმი დგინდება მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე. მინიმალური სასურსათო კალათა არის კვების პროდუქტების განსაზღვრული ნორმატიული კალათა, რომელიც შეიცავს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისათვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას, მისი შემადგენელი ელემენტების (ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების) და კალორიულობის მინიმალურ ოდენობას.