როგორ ასაღებდნენ მოქაფულ ადესას ხერესის ღვინოდ

საინტერესო წერილია გამოქვეყნებული 1885 წლის გაზეთ „დროებაში“, რომელშიც საუბარია გურიაში დაყენებულ ადესის ღვინოზე – „იზაბელას ღვინოს მოწონება არა აქვს ჩვენში – სამასხროდ აქვთ აღებული. „ღმეთგამწყრალ და მყრალ ადესას“ უძახიან და ძალიან ეთაკილებათ საპატიო სტუმართან მისი შემოტანა.“ ადესა ძალიან დიდ მოსავალს იძლეოდა – „დიდი მოსავლი იცის, ვეღარ ერევიან ხოლმე, – წელს არ გაგონილა მაინც იმდენი მოსავალია. და საწყალ ადესას ამასაც წუნში უგდებენ. – „რასმე რომ ვარგოდეს, ამდენი ხიმ არ მოვაო“ – ამბობენ აქა.“
.
საუბარია გურიაში ხიდისთაველი აზნაურის სიო ბერიძის მიერ დაყენებულ ადესის ღვინოზე, რომელიც ქუთაისში ჩაუტანია გასაყიდად, ადესის ღვინო იმდენად კარგი ყოფილა ზოგს ესპანური ხერესი ეგონა, ზოგს კი უნგრული ტოკაი და საკმაოდ ძვირადაც იყდებოდა.
.
„ამას წინად „ფარნციის“ სასტუმროში, ქუთაისს, ღვინის მოყვარულებმა ერთი უცხო რამ ღვინო მიაკვლიეს და თუმცა ბოთლი ორი მანეთი ღირდა, მაგრამ სულ არ ეძვირებოდათ ღვინის სიკარგის გამო. სასტუმროს მეპატრონე ფრანცუზი აცხადებდა და ღვინის მოყვარენიც ეთანხმებოდნენ, რომ ღვინო იყო ევროპიული. ზოგნი ამსგავსებდნენ ტოკაის ღვინოსა, ზოგნი ხერესსა, მაგრამ არცერთი კი არ იყო.
.
მე ნამდვილად ვიცი, რომ ეგ იყო ძნელი დასაჯერებელი-კი იყო, ჩვენგან მოძულებული ადესა; ესეც ნამდვილად ვიცი, რომ ამ ღვინის დაყენებაშ არავითარი ფაბრიკაცია არ იყო და გარეშე მასალები გარდა წმინდა იზაბელას ყურძენის წვნისა არა ხმარებულა-რა. ზემოხსენებული ღვინო დააყენა აზ. სიო ბერიძემ სოფ. ხიდისთავს.“
.
აქვე არის ბერიძის მიერ გამოყენებული ადესის ღვინის დაყენების ტექნოლოგიაც – „მოკრეფისთანავე ყურძენი უნდა დაიწუროს საწნახელში, რომლის შემდეგ ტკბილი დაუყოვნებლივ უნდა გაიწუროს წმინდა საცერში, ჩაისხას ქვაბში და ნელს ცეცხლზე უნდა იდუღოს: დუღილის დროს ქაფი ხშირად უნდა მოეხადოს საქაფავითა. ასე უნდა იდუღოს, სანამ ტკბილი ქვაბში არ დაიკლებს სანახევროდ, მაგალითად, სანამ ოცი ფუთი ტკბილი ათ ფუთზე არ დადგება. ამის შემდეგ ქვაბის ქვეშ ცეცხლს აქრობენ და როცა ტკბილი გაცივდება, წმინდად უნდა ჩაისხას ქვევრში, რომელიც ნახევარი არშინით, თუ ცოტა მეტ-ნაკლებით უნდა დარჩეს ნაკლული. ამნაირად მომზადებული ღვინო პირველ წელიწადს ძალიან ტკბილია და საკმაოდ მაგარი, ასე რომ ერთი ბოთლის გამოცლა გასაჭირია თვით კარგი მსმელი კაცისათვის; – ამასთან სრულად აღარ ეტყობა იზაბელას ღვინის გემო და სუნი. მეორე წლიწადს სიტკბო ეკარგება და სიმაგრე ემატება; – მესამე წელიწადს კიდევ უფრო მეტს მატულობს, როგორც სიმაგრით ისე გემოვნებითა და ყოველგვარ სიკეთითა სხვა ღირსებასთან ამ ღვინოს ის ძვირფასი სიკეთეც აქვს, რომ სრულებით აღარ ხდება, – სულ რომ წლიდგან წლამდის ნაკლულად იყოს ქვევრში, გინდ სხვა რამ ჭურჭელში.“
.
დროება 1885 წელი #192, სტატიის ავტორი – პეტრე გური მთელი
შეიძლება აქ დახატულია 1 ადამიანი და ხე
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share