“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ლევან ხაბეიშვილს პარტიის თავმჯდომარეობის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და განმარტა, რომ ის პარტიაში რჩება.
“არჩევნები შედგა, არჩევნებს ჰყავს თავისი კონკრეტული გამარჯვებული, მე მას ვულოცავ ამ შედეგს. ვულოცავ კონკრეტულად ლევან ხაბეიშვილს, ვუსურვებ მას, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანს, რაზეც მე და ათასობით ადამიანი საჯაროდ ვსაუბრობდით, ვუსურვებ პარტია ემართოს ღირსებითა და სიმართლით და მინდა ვიმედოვნო, რომ ის ამას მოახერხებს. არავის ეჭვი არ უნდა შეეპაროს, რომ მე ამ ბრძოლაში ვრჩები, ვრჩები ბრძოლაში, რომელსაც შემოვუერთდი 2013 წლიდან და რა თქმა უნდა, ვიქნები ამ ბრძოლის ავანგარდში”, – თქვა ნიკა მელიამ.
შეგახსენებთ, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა. მან ხმების 52.58%-ს მოიპოვა. რაც შეეხება სხვა კანდიდატებს – ნიკა მელიამ ხმების 40% მიიღო, გიორგი მუმლაძემ 3.68%, ნონა მამულაშვილმა კი 3.73%. ენმ-ს თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობა 41 264 პირმა მიიღო.