ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი სოცქსელში პოსტს აქვეყნებს:
“ორი დღეა ვუსმენ მიუნხენის კონფერენციას. ყველა თანხმდება, რომ მშვიდობა ვერ დამყარდება მსოფლიოში, სანამ რუსეთი არ დამარცხდება. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა დღეს ძალიან ემოციური სფიჩი მოსცხო იმის შესახებ, როგორ შეიცვალა გერმანიის დამოკიდებულება 24 თებერვლის შემდეგ თანდათანობით, რეალობიდან გამომდინარე, მათ შორის იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ დაინახეს – რუსეთი უნდა დამარცხდეს. სხვანაირად არ იქნება მშვიდობა მსოფლიოში. სანამ უკრაინა ტერიტორიებს არ დაიბრუნებს, მოლაპარაკება არ უნდა იყოსო. ამით პუტინი და მისნაირები წახალისდებიან, რომ ხვალ იგივე გააკეთონო. ბერბოკი იმიტომ გამოვყავი, რომ გერმანიის ტრანსფორმაცია ძალიან ემოციურად ახსნა, თორემ იგივეს ამბობს დიდი ხანია ცივილიზებული სამყაროს ყველა ლიდერი. მთელი პათოსი ის იყო ეს ორი დღე, პუტინმა გვაშანტაჟა და ვერ დაგვაჩოქაო, მაინც ამოვთხრითო.
ამ ფონზე ჩვენი კაუჩუკის თუთიყუში მიუნხენშიც ჩადის და ამბობს:
“მშვიდობიან მოლაპარაკებებს არ გააჩნია ალტერნატივა. იმიტომ, რომ თავად ვიხილეთ რომ ატომური ომის საფრთხის შესახებ რიტორიკა დაბრუნდა არა მარტო უკრაინაში, არამედ ევროპაში და მთელ პლანეტაზე. ამიტომ, უნდა ველოდოთ შეერთებულ შტატებს, ჩინეთს, რუსეთს, ევროკავშირს. ექნება ერთად დასხდომის საშუალება, სურვილი, მოლაპარაკება, იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა, რომ ომი არ არის გადაწყვეტა. საქართველო პატარა ქვეყანაა, ჩვენ საკუთარი გამოწვევები გაგაჩნია, მაგრამ ჩვენ რაც შევძელით ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ის არის, რომ ეს არის ერთადერთი მშვიდობიანი პერიოდი ჩვენს არსებობაში, როდესაც ჩვენ ხელისუფლებაში ვართ, უზრუნველვყავით მშვიდობა და სტაბილურობა. ეს სჭირდება ხალხს. ხალხს სჭირდება კეთილდღეობა, სტაბილურობა, მშვიდობა. ომით ჩვენ ვერ მივაღწევთ ვერც კეთილდღეობას და ვერც სტაბილურობას.
მშვიდობას ალტერნატივა არ გააჩნია და აქვე გეტყვით, რომ საქართველო კონფლიქტის მოგვარების სამშვიდობო პოლიტიკას მიყვება. რაც შეეხება სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ საქართველოს აქვს მშვიდობიანი გეგმა, თავისი ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. მადლობა მინდა გადავუხადო ეუთოს და სხვა მონაწილეებს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი მედიაციის პროცესში. თქვენ ბრძანეთ, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები, ესეც არის ის პლატფორმა, რომელიც რუსეთთან ურთიერთობისთვის გაგვაჩნია. ამიტომ, უნდა გავიმეორო, რომ ეს ომი უნდა შეწყდეს. “, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ანუ, თქვენ ყველანი იდიოტები ხართო, და შარზე ხართო, პროსტა ომის შეწყვეტა არ გინდათ, თორემ ხვალვე შეიძლებაო. დაელაპარაკეთ იმ ოქროს კაცს პუტინს და რა პრობლემაა, ხვალვე შეწყდებაო.
რა ვიცი, ვინმემ ან ახალი ამბები წააკითხოს ამას, ან ტელევიზორს აყურებინოს, ან გლობუსი აჩვენოს, ან რამე ქნას, თორემ ეს კაცი წარმოადგენს საქართველოს დღეს და მეტისმეტი თავსლაფის დასხმაა უკვე.” – წერს ჯანგირაშვილი.