აჯანყება არის ჩვენი კონსტიტუციური უფლება, არ მიდიან სხვანაირად ამ ტიპის ხელისუფლებები – თაკო ჩარკვიანი

პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერის, თაკო ჩარკვიანის განცხადებით, იმისთვის, რომ ხელისუფლებამ არ მიიღოს კანონი „უცხოური გავლენის აგენტების შესახებ“, ერთადერთი გზა აჯანყებაა. როგორც თაკო ჩარკვიანმა PIA.GE-სთან საუბარში აღნიშნა, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ხალხს ამ სიტყვის ეშინოდეს, მაგრამ სინამდვილეში, ეს კონსტიტუციური უფლების გამოყენებაა.

„მე არ ვამბობ, კონსტიტუციური ჩარჩოდან გავიდეთ-მეთქი, როდესაც ხელისუფლება მიიტაცებს ძალაუფლებას, ხალხს ევროპული კონვენცია ანიჭებს მისი დაბრუნების უფლებას. ეს გზა არის აჯანყება. ესენი სპეციალურად მუშაობენ, რომ საშიში გახადონ ეს სიტყვა, მაგრამ არაფერი საშიში არაა, ეს ჩვენთვის მონიჭებული კონსტიტუციური უფლებაა. არ მიდიან ამ ტიპის ხელისუფლებები ფუსუნ-ფუსუნით. არ ხდება ასე, არ არსებობს. არ შემაქვს ეჭვი ოპოზიციაში, უბრალოდ, ლეგიტიმურ კითხვას ვსვამ – თუ არაფერი არ გამოგვივა, ხომ ერთადერთი გზა არის რუსთაველზე უზარმაზარი აქცია, თავისი დარჩენით? მე ერთი ვიცი, რომ 21-ე საუკუნეში ქვეყანას ვკარგავთ. ის უნდა გავაკეთოთ, რაც შეგვანარჩუნებინებს სახელმწიფოებრიობას და დამოუკიდებლობას“, – ამბობს ჩარკვიანი.

თაკო ჩარკვიანის თქმით, ამ კანონის მიღების არანაირი საფუძველი არ აქვს ხელისუფლებას და ეს ერთადერთი მიზნით ხდება – რომ ქვეყანამ დაკარგოს ევროპული პერსპექტივა.

„მთელი მსოფლიო გვეუბნება, ვინც სტატუსი უნდა მოგვცეს, გვეუბნება, რომ ეს არ არის დასავლური ღირებულებების კანონი. შენ, ხელისუფლება რომ ხარ, რატომ გინდა ეს კანონი მიიღო? იმიტომ ხომ არა, რომ არ მივიღოთ სტატუსი? მე ვხედავ ამას, რომ ფინანსურ და პოლიტიკურ იზოლაციაში უნდათ ქვეყნის დატოვება. არ შეიძლება ამ კანონის მიღება. კარგად დავამუშავე, შევადარე. გამჭვირვალობას რაც შეეხება, ძალიან მარტივად ჩანს ამათი ცუღლუტობა – რისთვის არის აუდიტი, რისთვის არის მთელი რიგი სამსახურები? იყოს გამჭვირვალე შემოსული თანხა, ამისთვის რა საჭიროა, რომ აგენტი უწოდო? ეს არის თვითაღიარება ხელისუფლების, რომ უნიჭოა და არ შეუძლია იმ ნებისმიერი ფინანსების გამჭვირვალობას მიხედოს, რაც შემოდის სახელმწიფოში. ამ ხნის განმავლობაში, უდიდესი სერვისები გაეწიათ ადამიანებს: არის შშმ პირები, ეტლების წარმოება, ეს არის გზები, სასოფლო მეურნეობა, ფერმერები, ექთანთა დაფინანსება, საგანმანათლებლო პროგრამები, კულტურული მემკვიდრეობა – მილიარდებზეა ლაპარაკი. ვის აქვს იმის უფლება, რომ ეს წყარო გადაკეტოს? სად ნახა ვინმემ, რომ გამჭვირვალე არ იყო, ეს ხომ თითიდან გამოწოვილი სიცრუეა, ყოველი კაპიკი ისედაც გამჭვირვალეა“, – ამბობს პოლიტიკოსი. 

შეგახსენებთ, პარლამენტში, საგარეო და თავდაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის პირველ განხილვას ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.

დაძაბულობა იყო როგორც დარბაზში, ასევე, პარლამენტის დერეფნებში, სადაც მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. მიუხედავად ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების ნაწილის წინააღმდეგობისა, საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე უცხოეთის აგენტების შესახებ „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს. 

დღის ბოლოს კი, კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია გაიმართა, სადაც აქტივისტები და ჟურნალისტები დააკავეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share