გურიის  მეღვინეობა – ნაწყვეტი „კავკასიის მეღვინეობის ნარკვევიდან“ (1875 წლის გამოცემა)

ზოგადი საკითხები: გურიის მხარეს უკავია ოზურგეთის მაზრა, ადრინდელი გურია, რომელიც მოიცავს 1928 კვადრატულ ვერსტს ფართობს და 59080 მცხოვრებს ანუ 30 მცხოვრებს კვადრატულ ვერსტზე, სამხრეთით ახალციხე-აჭარის ქედით გამოყოფილია თურქეთისაგან; გურიის ტყიანი მხარე  გამოუსადეგარია მეღვინეობისათვის, ისევე როგორც მაზრის ჭაობიანი ჩრდილო დასავლეთი ნაწილი, რომელიც გადაშლილია მდინარე პიჩორიდან რიონის დაბლობისა და პალიასტომის ტბისაკენ. ვაზისათვის ვარგისიან ზოლს გურიის შუა ნაწილი უკავია, რომელიც მიუყვებამდინარეების ნატანების,  სუფსის  ასევე რიონის ქვემო ნაწილის მცირე შენაკადების  მაღლობებს. მეღვინეობის მაზრის სხვა ტერიტრიაზე გავრცელების შესახებ ინფორმაცია არ მოგვეპოვება, მაგრამ შესაძლებელია ითქვას, რომ მაზრის მოსახ­ლეობის უმრავლოსობა მეღვინეობითაა დაკავებული.

ნიადაგი:  გურიაში ნიადაგი დიდწილად კირ-თიხნარიანია, რომელიც იძლევა საუკეთესო ყურძენს; ასევე გვხვდება შავმიწა და თიხნარიანი ნიადაგიც.

კლიმატი: დასავლეთის ქარები აქ უფრო ხშირად ქრის ვიდრე იმერეთში, რომელთანაც შედარებით აქაურ ქარს უფრო ხშირად თან ახლავს მოღრუბლულობა და წვიმა. ძალიან იშვიათია აღმოსავლეთის ქარი, რომელსაც ახალციხე-აჭარის ქედი მიმართულებას სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ უცვლის, რის გამოც ვენახს გურიაში ყივა არასდროს არ აფუჭებს.

ვაზის კულტურა: თითქმის ყველა შემთხვევაში ვაზი გაშენებულია „მაღლარი“-ს წესით. ვენახი რგავენ თხემლის, ხურმის (Diospyrus Lotus), წაბლის,  ასევე ხანდახან ხილის ხეების ახლოს, ვენახს ახვევენ 5-7 საჟენიან ხეებზე, რომელთა წვერიდან ლერწი გადადის ახლო მდგომ ხეებზე და ასე ვრცელდება. ხეებისა და ვაზის გამხმარი ტოტების-ლერწების მოჭრას აქ უფრო ნაკლები ყურადღება ექცევა ვიდრე იმერეთში: ვანახი მთლიანად მიშვებულია ბედის ანაბარად, მიუხედავად ამისა ნაცრით (Oidium) დაავადებამდე  საუკეთესო ღვინოს იძლეოდა.

ჯიშები: გურიაში განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს, შემდეგი ჯიშები: შავი ან ვარდისფერი ჯიშებიდან 1) ჩხავერი – პატარა ფოთლით, ასევე პატარა მაგრამ მკვრივი და გემრიელი მტევნით (მარცვლით); იძლევა მაგარ ვარდისფერ ღვინოს. 2) სამჩხავერა – წაგავს ჩხავერს და მოგრძო მტევნით; 3) მტევან-დიდი – დიდ ფურცლიანი, დიდი მტევნებითა და მარცვლით; იძლევა კარგ ღვინოს; 4) ორონა – პატარა ფურცლიანი, მონაცრისფერ-მოშავო ფერის მარცვლით; იძლევა ვარდისფერ მაგარ ღვინოს; 5) ჭუმუტა – დიდი მტევნებითა და მკვეთრად შავი ფერის მარცვლებით; 6) მტრედის ფეხა; თეთრი ჯიშები: 7) ზენათურა – ნაცრისფერი წვრილი მარცვლით; 8) ათინაური – ძალიან ტკბილი ქარვისფერი დიდი მარცვლით; 9) საკმიელა – ქარვისფერი პატარა მტევნით; 10) თეთრი ყურძენი – საუკეთესო გემოსა და არომატის სუფრის ყურძენი; გარდა ხსენებულისა გავრცელებულია სხვადასხვა იმერული ვაზის ჯიშები და „იზაბელას“ ნაირსახეობა.

1854 წელს გამოჩენილმა ვაზის დაავადება Oldium Tukeri -ის სოკო (ადგილობრივები ნაცარს ეძახიან) ექვსი წლის განმავლობაში ისე სწრაფად გავრცელდა რომ სრულად მოედო ადგილობრივ ვენახებს. მის მიმართ გამძლე აღმოჩნდა მხოლოდ „იზაბელა“, რომელიც  მიუხედავად, რომ  მჟავე ღვინოს იძლევა სწრაფად გავრცელდა  გურიაში.

ფართობი: გურიაში ვენახს უკავია დაახლოებით 4500 დესეტინამდე და მისი შეფარდება სახნავ-სათეს ფართობებთან 1:3-ზეა (სოფელ ბახვში 1:2 -ზეა, ვენახს დაკავებულია 860 ქცევა, ხოლო სახნავ-სათესს 2000 ქცევა);

მოსავლის აღება: ისე როგორც მთელს ქუთაისის გუბერნიაში აქაც რთველი იყოფა სამ ნაწილად: 1 სექტემბრიდან 15 ოქტომბრამდე ყურძენი იკრიფება მაჭრის (ახალი ღვინო) დასაყენებელად, რომელსაც საოჯახოდ წვენის სახით სვამენ; 15 ოქტომბრიდან 30 ნოემბრამდე იკრიფება ყურძენი  სახლისათვის საზამთროდ მოსახმარი ღვინის დასაყენებლად; 1 დეკემბრიდან ამ თვის დასასრულამდე მოკრეფილი მოსავლალით ყენდება გასაყიდი და სახლში ხანგრძილივი შენახვის დანიშნულების ღვინო. დაავადების შემოსვლამდე არსებული წესის მიხედვით მიიჩნევდნენ, რომ რაც უფრო გვიან მოკრეფდნენ ყურძენს მით უფრო ღირებული და ძვირფასი ღვინის მიღებას შესძლებდნენ.

დაავადებამდე ერთი დესეტინიდან მოსავალი შეადგენდა 300-დან 400 ფუთამდე, ამჟამად კი შესაძლებელია მხოლოდ 20 ფუთის მიღება. ვენახები მიტოვებულია და მათ შორის გვხვდება ისეთებიც, რომელიც ერთ მტევანსაც კი აღარ იძლევიან, თუმცა ისეთი ადგილებიც შეგხვდებათ რომლებიც დროებით დაუნდვია ავადმყოფობას. იზაბელა იძლევა ერთ დესეტინაზე 200 ფუთ მოსავალს, მაგრამ ამ ჯიშის გავრცელება ახალდაწყებულია, რის გამოც მთელ მაზრაში შეიძლება მოიძებნოს მხოლოდ 200 დესეტინა, რომელზეც ეს ვაზია გაშენებული. სოფელ ბახვში 1854 წელს ერთ ქცევიდან ღებულობდნენ (900 კვადრატული საჟენი) პირველი სორტის საუკეთესო ხარისხის 40-70 საწყაომდე (75-დან 131 ვედრო) ღვინოს, მეორე სორტის წყალგარეული ღვინოს 50-დან 80 საწყაომდე (93 დან 150 ვედრომდე). იმ დროინდელი ფასები: ერთი საწყაო საუკეთესო ღვინო – 2 მანეთი, მეორე სორტის – 1 მანეთი და 30 კაპიკი.

1954 წლიდან 1870 წლამდე ერთი ქცევიდან ღებულობდნენ 27-დან 45 საწყაომდე პირველი სორტის ღვინოს, ხოლო მეორე სორტისა 48-იდან 60 საწყაომდე. 1870 წლიდან დღემდე კიდევ უფრო შემცირდა და ერთი ქცევიდან მიიღება 9 საწყაო პირველი სორტის ღვინო, ხოლო მეორე სორტისა 25 საწყაო (1 საწყაო – დაახლოებით 12-13 ლიტრი). თუ ადრე ერთი საწყაო უმაღლესი ხარისხის პირველი სორტის ღვინო ღირდა 2 მანეთი (ვერცხლით) ახლა (1875 წელს) ღირს 6 მანეთ ვერაცხლადაც ვერ იშოვით, ხოლო რომელიც 1 მანეთი და 30 კაპიკი ღირდა ახლა ძალიან იაფი 3 მანეთი და 70 კაპიკი ღირს.

გურიაში ყურძნის დაჭნეხვა ისევე როგორც იმერეთში პირველყოფილი მეთოდით ხდება, თეთრი ყურძნის წვენს სამი დღის გაჩერების შემდეგ დადუღების გარეშე ასხამენ ჭურებში. წითელი ღვინის დამზადების წესი იმერულისგან განსხვავებულია, ფეხით დაჭნეხილ ყურძენს 9-დან 14 საათამდე ტოვებენ საწნახელში 3-დან 5 დღემდე, შემდეგ დაჭნეხისგან მიღებულ მასას – ყუძენს ჭაჭასთან ერთად ხარშავენ 15-დან 40 ვედრომდე ტევადობის სპილენძის ქვაბში, რომელსაც 8 საათის განმავლობაში ნელა და თანმიმდევრულად აცხელებენ, რის შემდეგ მთელი 6 საათის განმავლობაში დუღილის რეჟიმში ამყოფებენ, იმავე ქვაბში ტოვებენ ერთი ან ორი დღის განმავლობაში, რის შემდეგაც ასხამენ ჭურში.

გურიაში საუკეთესო ღვინოებია: 1) საჯავახოს წითელი, საკმაოდ მაგარი ღვინოა, იწარმოება სოფელ საჯავახოში, ს. ნოღიდან ჩოხატაურამდე. უმეტესად აქაური ჯიშებია – ჩხავერი, ორონა და მტევან-დიდი; 2) ლიხაურის ღვინოები – მაგარი, ქარვისფერი, იწარმოება მაზრის სამხრეთ ნაწილში, სოფელ ლიხაურსა და მის შემოგარენში, აქ გავრცელებული ჯიშებია – საკმიელა და ათინაური; 3) შემოქმედის თეთრი ღვინოებიც ძალიან კარგია; დასახელებულის გარდა მაზრაში სახელგანთქმულია ბახვისა და ასკანის ღვინოები. გურიაში  ღვინის მთავარი მწარმობლები არიან თავადები – გურიელი, ერისტოვი და ნაკაშიძე.

 

P.S  – „კავკასიის მეღვინეობის ნარკვევები“  გამოქვეყნდა 1875 წელს, მასში გურიაზე შეტანილი მასალა წარმოადგენს არც თუ ისე კარგ ანოტაციას იმ მასალებისა, რომელიც შეგროვდა 1874 წელს პავლე სიმონენკოს მიერ მისი გურიაში ყოფნისას,  რომელმაც ამავე წელს აღწერა ოზურგეთის მაზრის მეღვინეობა, განსაკუთრებით კი სოფელ ბახვში არსებული მეურნეობები.

აღსანიშნავია, რომ სიმონენკო გურიაში იმყოფებოდა რუსეთის იმპერატორის მიერ 1874 წელს დამტკიცებული პროგრამის „მეღვინეობის შესახებ ინფორმაციის შეკრების“ (Програмиа „Для собирания сведений о винделии“) ფარგლებში,  რომლის პირველივე ეტაპზევე მოხდა გურიის მეღვინეობის შესახებ ინფორმაციის მოგროვება, მის მიერ შეგროვებული მასალები მიუხედავად იმისა, რომ ამ დარგის სპეციალისტი არ იყო საკმაოდ დეტალური, ვრცელი და საინტერესოა (მასალები გამოქვეყნდება შემდგომში).  ასევე საინტერესოა ის ფაქტი, რომ სიმონენკოს თქმით 1854  წლიდან შემოვიდა ვენახის დაავადება „ნაცარი“ (Oldium Tukeri), რომელმაც ექვს წელიწადში თითქმის მთლიანად გაანადგურა გურიი მეღვინეობა, მისივე თქმით საკვირველი ის იყო, რომ გურიის მეზობელ რეგიონებში (სამეგრელო იმერეთი, რაჭა) ასეთ დაავადებას ადგილი არ ჰქონია. სიმონენკო ირიბად უთითებს გურიაში ყირიმის ომის დროს (1853-1856 წლები), სერიოზულ დაპირისპირებას რუსეთის იმპერიასა და ოსმალეთს შორის, რა დროსაც გურიაში ორივე მხრიდან დაახლოებით 90 000 ჯარისკაცი იქნა მობილეზებული და რამდენიმე მნიშვნელოვანი ბრძოლა მოხდა, ჯარის ეს ოდენობა რამდენჯერმე აღემატებოდა გურიის მოსახლეობას, რომლის რიცხვი 1836 წლის აღწერისათვის დაახლოებით 38 000 ადამიანი იყო.

როგორც ოსმალეთის ისე რუსეთი მხრიდან 1853 წელს გურიაში ჯარის შეყვანას თან ახლდა პროვიანტის და საფურაჟე საკვების შეტანაც, რასაც სავარაუდოდ მოყვა დაავადების გავრცელებაც, საბოლაო ჯამში კი გურიის მეღვინეობის გადადგურება. აქვე აღსანიშნავია ის, რომ სიმონენკოს აღწერით გურიაში დაავადების შემოსვლამდე ვაზი ფაქტიურად მიშვებული იყო „ბედის ანაბარა“ და არათუ რაიმე სახის წამლობა მისი გასხვლაც არ ხდებოდა,  მიუხედავად ამისა მოსავალი ძლიან უხვი იყო და ღვინოც საუკეთესო იყო. სიმონენკოს თქმით 1854 წლამდე გურიაში ღვინო ისეთი დიდი რაოდენობით იყო, რომ სტუმრად მისულ ადამიანს ხელს  წყლით კი არა ღვინით აბანინებდნენო.

ვინაიდან ვაზი რომელსაც არანაირი მოვლა არ სჭირდებოდა და  უცებ მძიმედ დაავადდა, თანაც გურიაში დაავადებასთან ბრძოლის ცოდნაც არავის არ ჰქონდა და არც არავის ეცალა (ომის გამო) დაავდებამ გურიის მევენახეობა ფაქტიურად განადგურდა.

მოამზადა კახა ჩავლეშვილმა

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share