2023 წლის 6 მაისს, მთისპირისა და ჩხაკაურას სკოლებს მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი ეწვია. მოსწავლეებთან შეხვედრა ბახვი ჰესის სოციალური პროგრამის საგანმანათლებლო პროეტის ფარგლებში გაიმართა. სტუმარმა მოსწავლეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და ისაუბრა ისეთ თემებზე, როგორიცაა განათლების მნიშვნელობა, კარიერული განვითარება, პასუხისმგებლიანი მოქალაქეობა, წარმატების მიღწევის გზები. გიორგი სუხიტაშვილის სტუმრობის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა ქვეყანაში სხვადასხვა მიმართულებით არსებული შესაძლებლობები და ახალგაზრდების მიერ მათი ეფექტიანად გამოყენების შესახებ გამოცდილების გაზიარება იყო. სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მოსწავლეებმა პასუხები მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე მიიღეს. მათ შორის, როგორ უნდა იყო აქტიური და პასუხისმგებლიანი მოქალაქე და რამდენად მნიშვნელოვანია ეს, როგორც მოქალაქისთვის, ასევე ქვეყნისთვის.
„აუცილებელია, ახალგაზრდებმა იცოდნენ, თუ რა შესაძლებლობებია დღესდღეობით ქვეყანაში, რა მიმართულებებია პრიორიტეტული და აქტუალური და როგორ უნდა გაიარო გამოწვევებით სავსე გზა წარმატების მისაღწევად. ეს ინფორმაცია უაღრესად მნიშვნელოვანია, მაშინ, როცა იღებ გადაწყვეტილებას, თუ როგორ განავითარო შენი მომავალი. მოხარულები ვართ, რომ გიორგიმ მიიღო ჩვენი მოწვევა, ჩამოვიდა ახალგაზრდებთან შესახვედრად და საკუთარი გამოცდილება გაუზიარა მათ. მოსწავლეები დაინტერესდნენ ისეთი თემით, როგორიცაა, აქტიური და პასუხისმგებლიანი მოქალაქეობა. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ გვარწმუნებს იმაში, რომ ახალგაზრდებისთვის საკუთარი კარიერის გარდა, ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი ქვეყნის განვითარებაცაა. სწორედ, განათლების ხელშეწყობა და სხვადასხვა აქტუალურ თემაზე ცნობიერების ამაღლებას ემსახურება მიზნად ბახვი ჰესის სოციალური პროგრამის საგანმანათლებლო მიმართულების არსებობაც“ – განაცხადა ბახვი ჰესის გარემოსდაცვისა და სოციალური საკითხების მენეჯერმა, დავით კობერიძემ.
ბახვი ჰესის გარემოსდაცვითი, განახლებადი ენერგიებისა და პროფესიული ორიენტაციის თემებზე შედგენილი ტრენინგების კურსი, რომელიც 2021 წლის გაზაფხულზე დაიწყო მთისპირში, 2022 – 2023 სასწავლო წლის განმავლობაში წარმატებით მიმდინარეობს უკვე ორ სოფელში, მთისპირსა და ჩხაკაურაში. პროექტი უფროსკლასელთათვის, კერძოდ 9,10,11,12 კლასების მოსწავლეებისთვის არის განკუთვნილი და მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლებას გარემოს დაცვით საკითხებზე, ასევე, ცოდნის გაზიარებას განახლებადი ენერგიის წყაროების შესახებ და ინფორმაციის მიწოდებას პროფესიული ორიენტაციის მიმართულებით. სპეციალურად შერჩეული ტრენერების და მოსწავლეების შეხვედრები მთისპირისა და ჩხაკაურას საჯარო სკოლებში თვეში ერთხელ ტარდება.