რიჟვაძის განცხადების შემდეგ, ომში დაღუპული გმირების ოჯახის წევრებმა სოციალურ ქსელში დაწერეს, რომ ასეთი ადამიანი, რომელიც მსგავსი შინაარსის განცხადებებს აკეთებს, თანამდებობაზე საერთოდ არ უნდა იყოს.
ფორმულასთან საუბარში აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული გიორგი კირაკოზაშვილის შვილი ამბობს, რომ თორნიკე რიჟვაძის განცხადება არის ქვეყნის ღალატი.
“ჯერ კიდევ შოკში ვარ. ეს უკვე აღარც პოლიტიკა არაა, ეს არის კატასტროფა. სად მივალთ ბოლოს, არ ვიცი. სირცხვილია. გაეცემა ამ ყველაფერს საკადრისი პასუხი? რეალურად, ეს კითხვა უნდა დაისვას. არ არის საუბარი იმაზე, რომ ვიღაც იმის წევრია, ვიღაც ამის წევრია. გამოვიდეს და მოიხადოს ბოდიში. ნამდვილად მოსახდელი აქვს ბოდიში იმ ხალხის წინაშე, ვინც ტკივილი გადაიტანა ამ ამბების შემდეგ. ეს არის ქვეყნის ღალატი. როგორ უნდა ჩახედოს ბებიაჩემს, დედაჩემს, იმ ადამიანებს თვალებში, რომლებმაც დაკარგეს ომში საყვარელი ადამიანი“, – აცხადებს ოთარ კირაკოზაშვილი.
2008 წლის ომში დაღუპული კაპრალ თამაზ ნიკიტინის ცოლი ფიქრია ლომიძე თორნიკე რიჟვაძის განცხადებას “ამაზრზენს” უწოდებს და ამბობს, რომ რიჟვაძემ ბოდიში უნდა მოიხადოს თითოეული გმირის, მათი ოჯახების წინაშე.
“არ ვიცი, მართლა ძალიან დიდი შეურაცხყოფა მიაყენა პირველ რიგში გმირებს. ამაზრზენი სანახავი იყო, რაც მე ვიხილე. ლაჩრები თვითონ არიან. ვითხოვ, რომ პირადად მოიხადოს ბოდიში ჯერ თითოეული გმირის წინაშე, შემდეგ კი მათი ოჯახების წინაშე.
17 წლის გავთხოვდი, 18 წლის დავქვრივდი, 4 თვის ორსული ვიყავი, როდესაც წავიდა საომრად. თვითონ [შვილი] მეუბნება, რომ ამათი არაფერი არ უნდა, წამიყვანე ამ ქვეყნიდანო. ბავშვი როგორ უნდა წავიყვანო ამ ქვეყნიდან, როდესაც თავისმა მამამ საქართველოს შესწირა თავი და საქართველოში დაღვარა სისხლი“, – ამბობს ფიქრია ლომიძე ფორმულასთან საუბრისას.
ქეთევან სუხიტაშვილი, რომლის შვილიც უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება რიჟვაძის განცხადებას სირცხვილს უწოდებს. მისი ვაჟი თანამებრძოლებთან ერთად ცხინვალში, 406-ე ტანკით პირველი შევიდა, ამ თარიღის შემდეგ კი შვილზე მხოლოდ გმირობის ისტორიები ესმის.
“სირცხვილი მაგათ. როგორ არიან, საერთოდ არ უნდა იყვნენ არც მთავრობაში და არც საქართველოში არ უნდა ცხოვრობდნენ, რომ გმირ ბიჭებს ასეთ შეურაცხყოფას აყენებენ. გული მტკივა, როგორც დედას, როცა ასეთ რაღაცებს ლაპარაკობენ, როცა გმირი შვილი მყავს“, – ამბობს ქეთევან სუხიტაშვილი.
ცხინვალში დაღუპული 35 წლის კაპრალ რაულ მჟავანაძის დედის თქმით, რიჟვაძის განცხადება მიუთითებს, რომ ივანიშვილი აფინანსებს და ასეთ კომენტარებს ფულის სანაცვლოდ აკეთებენ.
“აფინანსებს ფულით ივანიშვილი და რა ქნას, რა ქნან უნდა თქვან… მე სულ არ მეშინია, სულ არ მეშინია ამ სიტყვის, ფულს უხდიან და ლაპარაკობენ. ქართველმა ფულში როგორ უნდა გასვაროს თავი?“, – ამბობს ლალი მჟავანაძე.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარისგან ბოდიშს ელიან დევნილთა დასახლებასა და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებები. შინდისში მცხოვრები ბათუ ქორჩილავა ამბობს, რომ გულსატკენია, როდესაც ხელისუფლება ამბობს, რომ გმირები “ლაჩრულად დამარცხდნენ”.
“ძალიან გულსატკენია ჩემთვის, როდესაც ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ თურმე ჩვენ ლაჩრულად დავმარცხდით. რას ნიშნავს დავმარცხდით? რას ნიშნავს ლაჩრულად წავაგეთ? არა ბატონებო! ჩვენ ვიბრძოლეთ, ვიბრძოლეთ იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა გადარჩენილიყო. ეს იყო ღირსეული მებრძოლების ღირსეული არჩევანი“, – ამბობს ბათუ ქორჩილავა.
15 ივნისს თორნიკე რიჟვაძემ უმაღლეს საბჭოში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენისას 2008 წლის აგვისტოს ომს “ლაჩრულად წაგებული” უწოდა.
მან განაცხადა, რომ 2008 წელს მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ “ლაჩრულად წაგებული ომის შემდეგ მწვანე აუნთო აგრესორი ქვეყნის წარმომადგენლებს”.
რიჟვაძის განცხადებას აჭარის უმაღლეს საბჭოში ხმაური მოჰყვა. ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, რიჟვაძემ ამ განცხადებით 2008 წლის ომში მებრძოლებს შეურაცხყოფა მიაყენა.
კრიტიკის შემდეგ, დღეს თორნიკე რიჟვაძემ Facebook-ზე განცხადება გამოაქვეყა და ქართველ ჯარისკაცებს “გმირები”, მიხეილ სააკაშვილს კი ლაჩარი უწოდა.