ერთი კაცი მოვიდა ჩემთან, რომელსაც სახელიც და გვარიც გურიის ერთერთი ცნობილი აჯანყების მეთაურის ჰქონდა, თანაც ამ ყველაფერთან ერთად იმავე სოფლიდანაც იყო. გამიხარდა ვიფიქრე, რომ მისი შთამომავალი იყო, როცა ამის შესახებ ვკითხე, გაიკვირვა მითხრა, რომ ამ აჯანყების შესახებ იცოდა, მაგრამ მის სეხნიაზე საერთოდ არაფერი ჰქონდა გაგებული.
.
ძველ გურიაში პოლიტიკა და აჯანყებები თითქმის არასდროს არ ასოცირდებოდა გმირებთან ან ლიდერებთან (ფირალები სხვა ფენომენია), ყოველთვის ამბობდნენ – „გურიის აჯანყება“ ან „გურულები აჯანყდა“ და საუბარი ყოველთვის მხოლოდ “გურულებზე” ანუ მათ საზოგადოებრივ ერთობაზე გახლდათ.
.
დღევანდელი გურულების ცნობიერების ძალიან დიდ სიღრმეში თუ მიაგნებთ აწ უკვე გადაშენებული მეამბოხე-რესპუბლიკელი გურულების სულისკვეთების ნანგრევებს. მე პირადად ამას ვგრძნობ გურულების უმრავლესობის დამოკიდებულებაში ე.წ. ლიდრების მიმართ. დღესაც კი გურულების უმრავლესობისათის აუტანელია “რაც მინდა იმას გავაკეთებ” ტიპები და ეს ნათლად ჩანდა და ჩანს გურულების დამოკიდებულებაში არამარტო პოლიტიკოსებისადმი. ამის დასტური გახლდათ რამდენიმე „საინტერესო“ არჩევნები, რა დროსაც ვერაფრით ვერ ხსნიდნენ, რატომ ჰქონდა ზოგიერთ პოლიტიკოს სხვა დაბალი ელექტორალური მხარდაჭერა გურიაში.
.
სამწუხაროდ ზემოხსენებული დღევანდელ საქართველოში ბევრისთვის გაუგებარია და ხშირია შემთხვევა, როცა ხდება ამა თუ იმ პიროვნებასთან, როგორც ლიდერთან ძველ გურიაში მომხდარი მოვლენების გაიგივება, რაც ალბად ძალიან არამართებულია და ხელს უშლის გურიის წარსულის სრულფასოვან აღქმას.
.
ნახატი გაზეთიდან – Кавказский край 1905г. N10
კახა ჩავლეშვილი