ქართული საფეხბურთო კლუბების ევროტურნირებზე მორიგ სამარცხვინო გამოსვლაზე შეგნებულად არ ვწერდი. არა იმიტომ, რომ სათქმელი არ მაქვს და სხვა ქომაგების მსგავსად არ მეშლება ნერვები იმ ტყუილსა და სიყალბეზე, რაც ჩვენს ფეხბურთში არსებობს. საქმე ისაა, რომ უბრალოდ დავიღალე და მომწყინდა ყოველ წელს ერთი და იმავეს წერა და ერთი და იმავე აბსურდზე ნერვების გლეჯა.
ყოველი წლის ზაფხულში, ევროტურნირების შესარჩევი ეტაპის დაწყებისთანავე მანტრასავით ვიმეორებ, რომ უფულო, უჯიგრო და უქომაგო ჩემპიონატიდან კარგ შედეგებს არ უნდა ველოდოთ და ნუ გვექნება წარმატების იმედი, სანამ მავანი დაგვაჯერებს, რომ ბათუმის ახლადაშენებული სტადიონით უსახურ „დინამოს“ რამე ეშველა, ან ქუთაისელი მართლაც მაგარი ქომაგების იმედად, უსუსტესი „ტორპედო“ რაიმე ხელშესახებს იზამს.
ეს თითქოს 2×2 უნდა იყოს, მაგრამ ჩვენი საწყალი ქომაგების ოპტიმიზმისა და ჩვენი ხალხის მოკლე მეხსიერების ამბავი ხომ იცით? დაწერ რამეს და აუცილებლად პირში გეცემიან, ჩვენების წარმატება არ გიხარია და ჩასაფრებული ხარო. აი, რამდენჯერ უნდა „ჩავსაფრდე“ ეს ოხერი? ან რატომ უნდა ჩავუსაფრდე? ან ვის უნდა ჩავუსაფრდე? ამ ბეჩავ და არაფრის მაქნის კლუბებს? ან თვითონ ქომაგებს როგორ არ მოსწყინდათ სიყალბეში ყოფნა და თავის მოტყუება?…
არ მესმის, რით დაიმსახურა ბათუმის „დინამომ“ სავსე თუნდაც ერთი ტრიბუნა? ან ამ გუნდის ხელმძღვანელობა რა ღირსია თუნდაც ერთმა ბათუმელმა მიატოვოს თავისი საქმეები, ყოველდღიური რუტინა და დრო დაკარგოს „დინამო“, „დინამოს“ ძახილში, მაშინ როდესაც მათი გუნდი ბოლო წლებში ევროტურნირების შემდეგ ეტაპზე გასვლას ვინ ჩივის, ერთ კინკილა გამარჯვებასაც კი ვერ აღწევს.
აი, დაილოცოს თბილისის „დინამოს“ გულშემატკივრები. ალბათ გაგეცინათ და იკითხეთ, სადღა ჰყავს თბილისის „დინამოს“ გულშემატკივრებიო?! ჰოდა, რომ აღარ ჰყავს, იმიტომაც დაილოცოს ეს ხალხი. ლამის ორმილიონიან დედაქალაქში მოთამაშე ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან კლუბს საშინაო თამაშებზე 200-მდე ფანის გარდა რომ აღარავინ ესწრება, წესით, ამ ფაქტით კლუბის ხელმძღვანელობას სათანადო დასკვნები უნდა გამოეტანა, მაგრამ როგორც ჩანს, იმათაც ბოდიშით და სულ ცალ ფეხზე ჰკიდიათ გულშემატკივრობა. ჰოდა, ეს ფეხებზე დაკიდება თბილისის „დინამოს“ და მათი აწყოფილი ქომაგების შემთხვევაში ორმხრივია. მიკიდებ? გიკიდებ! საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ბათუმსა და ქუთაისშიც ამგვარ სიტუაციას მივიღებთ და გამოგიტყდებით, გულშემატკივრების მასობრივი დემარში აქამდეც იყო გასაკეთებელი.
რას მოგვცემს დემარში? პირველ რიგში ამით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას და ზოგიერთი ჩვენი კლუბის ხელმძღვანელს ვაჩვენებთ, რომ მოცლილი უტოპისტები არ ვართ და ყოველ წელს კლუბების მიერ ნაჭამ ჩვენი ქვეყნის სირცხვილზე თვალებს აღარ დავხუჭავთ. ამას გარდა, ქართველი ქომაგი უფრო გაჯანსაღდება და ილუზიებში ცხოვრებასაც დააღწევს თავს. ბოლოს და ბოლოს, პასუხს გავცემთ კითხვას, აქვს თუ არა სამომავლოდ აზრი ბიუჯეტის ფულის (თუნდაც მინიმალური თანხების) ყოველ წელს ყრას იმაში, რაც სულ უკან-უკან მიდის და რაც მხოლოდ და მხოლოდ რეგრესისკენაა მიდრეკილი.
p.s. უფრო მეტი მინდოდა დამეწერა, ბათუმის „დინამოს“ სამარცხვინო პრეზიდენტის, მწვრთნელის და დირექტორატის ქცევაზე გულშემატკივრებთან მიმართებაში, მაგრამ საამისოდ ნერვები უბრალოდ არ მეყო. გინება და ფურთხება კიდევ აბა რა საკადრისია? არადა, მართლაც როგორი ხელიდან წასული უნდა იყო, ერთი საშუალოზე ბევრად დაბალი დონის მწვრთნელის არმოხსნას გადააყოლო კლუბი და სულში ჩააფურთხო ადამიანებს, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში ტრიბუნებიდან არ ამდგარან!