„ამას რეაგირების გარეშე ვერ დავტოვებთ“, – „ქართული ოცნება“ თვლის, რომ პრეზიდენტმა თვითნებობით კონსტიტუცია უხეშად დაარღვია და ეს ყველაფერი „გლობალური ომის პარტიის“ მხარდაჭერით ხდება. „გლობალური ომის პარტიას” კი მმართველი პარტია, უკვე დიდი ხანია, დესტაბილიზაციისა და „მეორე ფრონტის“ გახსნის გეგმებს მიაწერს.
საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილი საქართველოს საელჩოების დახმარებით ვერ სარგებლობს, რადგან მის ევროპულ ტურნეს მთავრობა არ უჭერს მხარს. შესაბამისად, პრეზიდენტის ვიზიტს სახელმწიფო ბიუჯეტი არ აფინანსებს.
უარის მიუხედავად
მთავრობამ, როგორც აცხადებს, პრეზიდენტს წერილობითი უარი უთხრა ოფიციალურ და სამუშაო ვიზიტებზე 10 ქვეყანაში: გერმანიაში, უკრაინაში, შვეიცარიაში, პოლონეთში, ბელგიაში, დანიაში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში და ოფიციალურ ვიზიტებზე ბულგარეთში, ჩეხეთსა და ისრაელში.
სალომე ზურაბიშვილი კი მაინც წავიდა და 31 აგვისტოს, ბერლინში, გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებსაიტის თანახმად, სწორედ გერმანიიდან იწყება „შეხვედრები ევროპელ ლიდერებთან, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად“.
გერმანიაში პრეზიდენტის ვიზიტის სტატუსს ადმინისტრაცია არ აზუსტებს. რადგან მთავრობა უარზეა, ეს ვიზიტი ვერც ოფიციალურ და ვერც სამუშაო ვიზიტად ვერ ჩაითვლება. შესაბამისად, პრეზიდენტი ვერც საქართველოს საელჩოების მხარდაჭერით სარგებლობს.
„გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული ვიზიტები არ ხორციელდება მთავრობასთან კოორდინაციით, საქართველოს საელჩოები საზღვარგარეთ არ არიან ჩართულნი ვიზიტების საორგანიზაციო და ლოჯისტიკურ საკითხებში“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
არაფერია ცნობილი იმის შესახებ, თუ რა გზით ან რა ხარჯით გაემგზავრა პრეზიდენტი გერმანიაში. თუმცა რადიო თავისუფლების მიერ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან ივნისში გამოთხოვილი ინფორმაციით თუ ვიმსჯელებთ – პრეზიდენტს სამუშაო ვიზიტების დროს საკუთარი ხარჯით მგზავრობის გამოცდილებაც აქვს. არის ჩანაწერი, რომ „პრეზიდენტის ავიარეისის, სადღეღამისო და სასტუმროს ხარჯი ადმინისტრაციას არ აუნაზღაურებია“.
უარების გამოცდილება
„საქართველოს მთავრობის მხრიდან ხელოვნურად გაჭიანურებული თანხმობის მიღების პროცესის გამო“ პრეზიდენტმა ერთხელ უკვე გადადო ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი – ევროპარლამენტში, 2023 წლის აპრილში. მთავრობა მაშინ აცხადებდა, რომ თანხმობა მისცა, მაგრამ იმავე პერიოდში „ოცნებამ“ მაინც წამოჭრა საკითხი – საერთოდ რამდენად უპრიანი იყო საქართველოს პრეზიდენტის გაშვება, 31 მარტს, საქართველოს პარლამენტში გამოსვლის შინაარსის გათვალისწინებით.
მაგრამ უარი იყო მანამდე – პარლამენტში 31 მარტის სადავო გამოსვლამდე.
2022 წელს ის აცხადებდა, რომ უარი ეთქვა – პარიზში, ბრიუსელში, ბერლინსა და ვარშავაში სამუშაო ვიზიტებზე. მაშინ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მიზეზად დაასახელა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყება და პრეზიდენტის, როგორც მთავარსარდლის, ქვეყანაში ყოფნის აუცილებლობა.
„ოცნება“პრეზიდენტს ახლა ისევ 31 მარტის ყოველწლიურ საპარლამენტო ანგარიშს უხსენებს, როდესაც ვიზიტებზე ნათქვამი უარის ახსნას ცდილობს.
„თქვენ გახსოვთ, რომ საქართველოს პარლამენტის შენობიდან ის პირდაპირ დაუპირისპირდა ჩვენს ევროპულ პერსპექტივას. კერძოდ, მან განაცხადა, რომ საქართველო შარშან არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს და უფრო მეტიც, მან განაცხადა, რომ წელსაც მხოლოდ ფორმალურად ხორციელდება ის რეფორმები, რომელიც გათვალისწინებულია ევროკავშირის დოკუმენტებში.
შესაბამისად, გამოდის, რომ, მისი აზრით, საქართველო წელსაც არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. როდესაც ასეთი გზავნილების შესახებ ძალიან კარგად იციან ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა, ჩანს, რომ საქართველოს პრეზიდენტი არის პირდაპირ დაპირისპირებაში ჩვენს ევროპულ პერსპექტივასთან“, – უთხრა 31 აგვისტოს ჟურნალისტებს მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ და პარტიის სხვა ლიდერებიც იმავე შინაარსის განცხადებებს აკეთებენ.
საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში, თენგიზ ფხალაძე რადიო თავისუფლებასთან იხსენებს, რომ „ოცნება“ პრობლემებს გიორგი მარგველაშვილსაც უქმნიდა, თუმცა ეს მაშინ სხვა გზებით – „წერილების დამალვითა“ თუ „არაოფიციალური ინსტრუქციების გაცემით“ ხდებოდა, რადგან მაშინ კონსტიტუციაში არ იყო ჩანაწერი – პრეზიდენტის ვიზიტებზე მთავრობის თანხმობის აუცილებლობის შესახებ.
საკონსტიტუციოს ამ ნორმას ფხალაძე „აბსურდულს“ უწოდებს. არ ესმის, „რატომ უნდა სჭირდებოდეს მთავრობის თანხმობა საერთო სახალხო კენჭისყრის გზით არჩეულ პრეზიდენტს“, რომელიც, კონსტიტუციის თანახმად „წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში”.
„წარმოიდგინეთ, ცხადდება პრეზიდენტის ვიზიტი და ამ დროს ქვეყნდება მთავრობის დოკუმენტი – რომ პრეზიდენტს არა აქვს მანდატი, როგორ შეიძლება ვილაპარაკოთ ასეთი ვიზიტის სერიოზულობაზე, ანდა ასეთი ქვეყნის მიმართ სერიოზულ დამოკიდებულებაზე – შევხედოთ ამ ყველაფერს იმ ქვეყნის თვალით, სადაც ეს ვიზიტი ხორციელდება. რამდენად აკნინებს ეს საქართველოს, როგორც სახელმწიფოს იმიჯს“, – გვეუბნება თენგიზ ფხალაძე და ამატებს, რომ „ეს ყველაფერი პირდაპირ ურტყამს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს“.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლება პრეზიდენტს კონსტიტუციის უხეშ იგნორირებაში ადანაშაულებს. ირაკლი კობახიძე „ძალიან მძიმე მოვლენას“ უწოდებს და რეაგირებითაც იმუქრება.
თუმცა ისიც ცხადია, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურისთვის, სულ ცოტა, 100 დეპუტატის მხარდაჭერის მობილიზება თითქმის შეუძლებელია.
ირაკლი კობახიძემ ასევე განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი მხარდაჭერის გარეშე „არ გარისკავდა“, ზურგს „გლობალური ომის პარტია“ რომ არ უმაგრებდეს.
არასოდეს იშიფრება, ვინ შედის „გლობალური ომის პარტიაში“, თუმცა მმართველ პარტიაში მანამდე არაერთგზის გაკეთებული განცხადებებით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსიცა და თავად ევროკავშირიც სწორედ ამ „გლობალური ომის პარტიის“ მძევალია. მის მიზნად სახელდება „ხელისუფლების აყირავება“ და „მეორე ფრონტის გახსნა“.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ კონსტიტუციას არა პრეზიდენტი, არამედ „ოცნება“ არღვევს – რადგან საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი კონსტიტუციურ ორგანოებს ავალდებულებს, „თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“.
„ლელოს“ წარმომადგენელი დეპუტატის, სალომე სამადაშვილის თქმით, ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შეუსრულებლობის პირობებში, საქართველოს ახლა მხოლოდ იმის იმედი აქვს, რომ კანდიდატის სტატუსი პოლიტიკური მოსაზრებით მიიღოს; ხოლო ამისთვის მნიშვნელოვანია ლობირება, მათ შორის – პრეზიდენტის მხრიდანაც და ამას ეწინააღმდეგება „ოცნების“ ქმედება.
„ყველანაირი მცდელობა, პრეზიდენტს ხელი შეეშალოს აღნიშნული ვიზიტების განხორციელებაში, არის სწორედ ანტიკონსტიტუციური ქმედება, რადგან ჩვენი კონსტიტუცია ნათლად ამბობს, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. რაც შეეხება “ქართული ოცნების” მოტივაციას, მას საკუთარი მმართველებისგან, მოსკოვიდან აქვს დავალება, რომ ჩვენმა ქვეყანამ არ მიიღოს სტატუსი“, – ამბობს სამადაშვილი.
ოპონენტები ფიქრობენ, რომ მმართველი პარტია პრეზიდენტის აქტიურობაში ხედავს სხვა პრობლემასაც – თუკი საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო, „ოცნებას“ ამ შედეგის საკუთარ თავზე მიწერა გაუჭირდება.
რადიო თავისუფლება