უკრაინის ქალაქ დნიპროს რაიონულმა სასამართლომ პოლიციელს, რომლის გასროლასაც ჯუმბერ სილოგავა ემსხვერპლა, აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი შინაპატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა suspilne ავრცელებს.
პროკურატურა დაკავებული პოლიციელისთვის 60 დღით პატიმრობას ითხოვდა გირაოს შეტანის უფლების გარეშე, დაცვის მხარე კი დაკავებულისთვის შინაპატიმრობის ან გირაოს შეფარდების ინიციატივით გამოვიდა.
პოლიციელი, რომელსაც ბრალად განზრახ მკვლელობა ედება, წარდგენილ ბრალდებაში თავს უდანაშაულოდ ცნობს.
„ბრალდებას საერთოდ არ ვეთანხმები“, – განაცხადა მან სასამართლო სხდომაზე ონლაინ ჩართვისას.
მისი თქმით, ცეცხლსასროლი იარაღი მხოლოდ მას შემდეგ გამოიყენა, რაც ყველა შესაძლო საშუალებას მიმართა საკუთარი სიცოცხლის დასაცავად.
დაკავებულის ადვოკატის იულია სეგედას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს თავის ტვინის ტრავმული დაზიანება და დაჟეჟილობები აღენიშნება და სტაციონარულ მკურნალობას საჭიროებს.
მისივე თქმით, წარდგენილი ბრალდება არაგონივრულია.
„ადამიანი დაადანაშაულო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში და ამ დროს, არ გამოიძიო და არ დაადგინო ელემენტარულიც კი – მოვლენები, რომლებიც 10 წუთში ეტევა, ჩემი აზრით, ძალიან ზედაპირული მიდგომაა და ბრალდება, ჩემი შეხედულებით, არ არის გონივრული“, – განაცხადა მან.
შეგახსენებთ, 29 აგვისტოს, პოლიციელთან შელაპარაკების დროს, პოლიციელის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად ჯუმბერ სილოგავა დაიღუპა. არსებული ცნობით, პოლიციის ორმა თანამშრომელმა „იაგუარის“ მარკის ავტომანქანა გააჩერეს, რომელშიც 38 წლის ჯუმბერ სილოგავა, მისი ყოფილი მეუღლე და მათი ორი შვილი იმყოფებოდნენ, მოძრაობის წესების დარღვევისა და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობისთვის გააჩერეს. ამის შემდეგ, სამართალდამცველებსა და მამაკაცს შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც პოლიციელმა იარაღი გამოიყენა. სილოგავა მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.
გამოძიების სახელმწიფო ბიუროში აცხადებენ, რომ ავტომობილის მძღოლმა უგულებელყო საგზაო მოძრაობის წესების კანონიერი მოთხოვნები, იქცეოდა აგრესიულად და აღენიშნებოდა სიმთვრალის ნიშნები.
ამის შემდეგ ქსელში პატრულისა და სილოგავას დაპირისპირების ვიდეო გავრცელდა, სადაც ჩანს, რომ პოლიცია ქალის მანქანიდან გადმოყვანას ცდილობდა, მან კი წინააღმდეგობა გაუწია. ამის შემდეგ სილოგავასა და პატრულს შორის დაპირისპირება მოხდა, რასაც პოლიციელის მხრიდან გასროლა მოჰყვა.
ეროვნულმა პოლიციამ შიდა გამოძიება დანიშნა და ორივე პატრულის თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა.
მოგვიანებით, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სილოგავა შესაძლოა ერთ-ერთი გავლენიანი ადგილობრივი კრიმინალური ჯგუფის წევრი ყოფილიყო. ასევე ცნობილი გახდა, რომ ის უკრაინაში სხვადასხვა ბიზნესსაქმიანობით იყო დაკავებული.