“ახალი საქართველოს, თანამედროვე, გახსნილი ქართული საზოგადოების იდეა – ეს არის ილიას იდეა. ის რაღაც წარსულის რესტავრაციას კი არ აკეთებს, სრულიად ახალს ქმნის, თანამედროვე ევროპულ გაგებას ქმნის და ეს არის სწორედ თანამედროვე ქართული სახელმწიფოს გაგება, რომელიც არ არსებობს ილიას, ევროპის და ევროპული ინტეგრაციის გარეშე. იცოდე ილია, გიყვარდეს ილია, გესმოდეს ილიასი – ნიშნავს იარო სწორედ ამ გზით და აღასრულებდე იმ კონსტიტუციურ ვალდებულებას, რომელსაც დღეს ხელისუფლება გაურბის. ეს ღირებულებები – საქართველოს დამოუკიდებლობა, საქართველოს თავის ბუნებრივ გარემოში, ევროპულ ოჯახში დაბრუნება ადამიანებს აქ საკუთარ სიცოცხლედ უჯდებათ და ამ თვალსაზრისით, საქართველოსთვის ილია მნიშვნელოვანი ფიგურაა”, – ამბობს პოეტი რატი ამაღლობელი
”დარწმუნებით გვეუბნება ევროპა, რომ მარტივია ამ კარში შესვლა – არის სულ 12 პუნქტი, რომელთა შესრულებას მაშინაც სჭირდებოდა დაახლოებით 1 კვირა და ახლაც ამდენივე სჭირდება. მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ ნებას, ძალიან კონკრეტულ ნაბიჯებს, ძალიან გაწერილს, გაზომილსა და მარტივ გადასადგმელს. ჩვენ ყველაფერს ვხედავთ დროში გაწელილად, ვხედავთ ვაჭრობას, ხელისუფლების ხშირად გასაგებ და მოღალატეობრივ, ზოგჯერ სრულიად გაუგებარ პოზიციას, რომლის შედეგიც არის საქართველოს ისტორიული შანსის დაკარგვა. არ ვიცი, ეს ადამიანები როგორ ხედავენ საკუთარ თავს ისტორიაში, ამ მნიშვნელოვანი ისტორიული შანსის გამოუყენებლობაში თუ მიზანმიმართული საბოტაჟის შემთხვევაში, თუ უფიქრიათ, ეს არის საინტერესო. მე არ ვარქმევ სახელს, თვითონ თუ დაფიქრებულან ამაზე, საინტერესოა. მგონი, დასაფიქრებელია, როგორია მათი მზაობა, როგორია მათი პასუხი ამ კითხვაზე. ყველაფერი მართლა ხელისუფლების ნებაზეა დამოკიდებული. თუ ამაზე დაფიქრებულან, საინტერესოა, მზად არიან, რომ ღირსეულად შევიდნენ ისტორიაში, თუ ასე, სერგო ორჯონიკიძეებივით აპირებენ შესვლას? ყველაფერი მათზეა დამოკიდებული, რამდენიმე დღის საკითხია, ევროპულ სამყაროს აჩვენო, რომ მიუხედავად დიდი და ბევრი გაუგებრობისა, ხარ პარტნიორი, ან აჩვენო, რომ შენ ამ თამაშიდან გამოსული ხარ და ხარ რუსეთის რაღაცა ნაწილი, ქვემო ტულა თუ ზემო მაგადანი.
“ქართული ოცნების” წარმომადგენლები ისე გაიძახიან პოლარიზაციას, რუსეთის ზურგისა და ივანიშვილის გარეშე რომ აიღო, ვისთან შევლენ ეგენი პოლარიზაციაში? რისი იმედით იქნებიან პოლარიზებული საქართველოს ისტორიასა და ქართველ ხალხთან? რისი თავი აქვთ, თუ არა რუსეთის კა-გე-ბე და რაც არის მათ ზურგს უკან? ასე რომ, ეს პოლარიზაცია აბსოლუტურად ხელოვნური, კრემლისგან მართულია. როდესაც საქართველოს ეძლევა შანსი, იქვე აუცილებლად ჩნდება პოლარიზაცია. პოლარიზაციას დაასრულებს ქართველი ხალხის ნება, სხვა ვერაფერი.
ამ წლების განმავლობაში ყველა კვლევა და გამოკითხვა ამბობს, რომ ეს არის ქართველი ხალხის ნება, მაგრამ მარტო ეს არ კმარა, ეს ნება უნდა ითარგმნოს და აღსრულდეს. ამ ნებას სჭირდება ხელი, ფეხი, კიდურები, თავი, მოძრაობა ანუ აღსრულება და ამ ისტორიული ნების აღსასრულებლად, ვფიქრობ, მთლიანად ქართველმა საზოგადოებამ უნდა შეცვალოს რაღაც, პირველ რიგში – ხელისუფლება.
ქართველ ხალხს, ქართველ საზოგადოებას აქვს დიდი სურვილი და წყურვილი, ეძებს გამოსავალს, ეძებს ადამიანებს, ახალ პოლიტიკურ ძალებს. ფიქრობს, იქნებ ესენი მოვიდნენ პოლიტიკაში, იქნებ ასე მოხდეს, იქნებ რაღაც ძალები დაუკავშირდნენ ერთმანეთს… ახალი ძალების გარეშე ძალიან რთული იქნება არსებულ სიტუაციაში რაიმე ტიპის პროგრესული გარღვევა, ამიტომ, პირველ ყოვლისა, ეს მზაობა და მოლოდინი არის თავად საზოგადოებაში. მთავარია, როგორ უპასუხებს ამ მოლოდინს ის ხალხი, ვინც საკუთარ თავს ხედავს ქართული პოლიტიკის მომავალში. 2024-იც ასე იქნება – რასაც დღეს გავაკეთებთ, ის აისახება. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია უკრაინის პოზიცია რუსეთთან ომში. მიუხედავად იმისა, რომ პროცესი ნელა და მძიმედ მიდის, მაინც ვფიქრობ, კარგის მოლოდინია – უკრაინა აღიდგენს ტერიტორიულ მთლიანობას, მნიშვნელოვან ნაწილს მაინც, და ძლიერი პოზიციიდან დაელაპარაკება რუსეთს. ძალიან მნიშვნელოვანია, ომის დამთავრებისას რუსეთი რა მდგომარეობაში მიუჯდება უკრაინასთან მოლაპარაკების მაგიდას. დიდი ფსონებია დადებული, უკრაინას დიდი ქვეყნების დიდი მხარდაჭერა აქვს და არა მგონია, დაიკლოს. მთავარია, უკრაინამ გონივრულ ვადებსა და პერსპექტივაში შეძლოს დასახული ამოცანების შესრულება. ეს მნიშვნელოვანი იქნება რეგიონისთვის, საქართველოსთვის და, ბუნებრივია, საქართველოში ევროპული ძალებისთვისაც.
იცით, როგორ იქცევა ჩვენი ხელისუფლება? დაახლოებით ასე: ვთქვათ, პოლარული ექსპედიცია რომ დავგეგმოთ, წავიდეთ ანტარქტიდაზე ან გრენლანდიაში და რომ გამოვაცხადოთ, ჯერ ვერაფერს წავიღებთ, იქ მივიდეთ და ადგილზე ვნახოთ, რა დაგვჭირდებაო. არადა, იქ შეიძლება გაიყინო და განადგურდე, ნაპრალში ან სადმე ჩავარდე. ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკა ნებისმიერ საკითხზე, იქნება ეკოლოგიური, სამეცნიერო, ეკონომიკური თუ ა.შ., არის დაახლოებით ამგვარი, აი, მოვა 2024 და მერე ვნახოთო. ის არ ან ვერ აგვარებს პრობლემებს, წარსული იწვის, არქივი იწვის, აწმყოში ნიაღვარია და ყოველდღიურად წყალს მიაქვს ყველაფერი. მომავალი სრულიად გაურკვეველია მათ ხელში, შესაძლოა ისიც დაწვან და გაანადგურონ. ასეთი რეალობაა, ასეთი განცდაა. ეს არავის გვიხარია, ამას არავის სიძულვილით არ ვამბობ, ეს არის ის, რასაც ვხედავთ და ვგრძნობთ. ამიტომ შეუძლებელია ეს არ დასრულდეს. ვიღაცები ამბობენ, როდემდეო? როდისაა შესაძლებელი ფსკერს ფეხით შეეხო და მერე დაიწყო უკუსვლა ზემოთ? როგორც ჩანს, ეს ფსკერი უძიროა. ჩვენი თავი ჩვენ უნდა ამოვიყვანოთ ლაფიდან და ჭაობიდან, ნებისმიერი “ექსპედიცია” უნდა დავგეგმოთ სწორად, რაც არ ვიცით, ვინმეს მაინც შევეკითხოთ. ჩემი შვილი როცა მყინვარწვერზე წავიდა (ბევრჯერ ვარ იქ ასული), დავისვი და მოვუყევი, დაახლოებით რა დასჭირდება, რა არ წაიღოს, რა წაიღოს, რა წონის ზურგჩანთა ჰქონდეს, როგორ გაანაწილოს დრო, რა როდის ჭამოს და ის გულისყურით მისმენდა. ევროპული რეკომენდაციებიც ეს არის – შენ გინდა ევროპულ სამყაროში დაბრუნება, დიდი ხანია, იქ არ ყოფილხარ. ისინი გეუბნებიან, აქ ასე ხდებაო, შენ კი დგახარ და იჯგიმები. ვის ეჯგიმები, საკუთარ მომავალს და პერსპექტივას?!” – აცხადებს ამაღლობელი.