გურიის მოამბე

განსხვავებული პოლიტიკური აზრის წინააღმდეგ განხორციელებული სახელმწიფო უწყებების სისტემური ძალადობა მთავრობის სახელით

 საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება. პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მმართველობის პირობებში განსხვავებული აზრის გამოხატვა სულ უფრო ხშირად ხდება რეპრესიებისა და ძალადობის მიზეზი. პოლიტიკურად აქტიური მოქალაქეები, რომლებიც ბედავენ ხელისუფლების კრიტიკას, მთავრობის წინააღმდეგ აქციებში მონაწილეობას ან ოპოზიციურ მოძრაობებთან კავშირს, სისტემატურად ექცევიან ზეწოლის ქვეშ. გამონაკლისი არც გიორგი ბახუტაშვილი აღმოჩნდა – რიგითი მოქალაქე, რომელიც “დანაშაულს” მხოლოდ იმით ჩადიოდა, რომ ღიად აფიქსირებდა საკუთარ პოზიციას ე.წ “რუსული კანონის” პროტესტის დროს.

ჩვენი ჟურნალისტი დაუკავშირდა გიორგი ბახუტაშვილს რომელმაც დეტალურად გვიამბო წლების მანძილზე იმ სისტემატური დევნის, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის შესახებ, რომლის გადატანაც მას და მის ოჯახს ბოლო წლების განმავლობაში მოუწიათ.

გთავაზობთ მის მიერ მოთხრობილ ისტორიას, რომელიც მკაფიო მაგალითია იმისა, თუ რა ტიპის სისტემური წნეხის ქვეშ ცხოვრობენ განსხვავებული პოლიტიკური აზრის მქონე მოქალაქეები დღევანდელ საქართველოში:

“ყველაფერი 2021 წლის დეკემბერში დაიწყო. ამ დროს პოლიტიკური ვითარება ქვეყანაში უკიდურესად დაძაბული იყო, რადგან მიხეილ სააკაშვილი, რომელიც 2013 წლის შემდეგ იძულებით ემიგრაციაში იმყოფებოდა, საქართველოში დაბრუნდა და ხელისუფლებამ ის დააკავა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ფრთა აქტიურად ცდილობდა ინფორმაციის გავრცელებას სააკაშვილის უკანონო პატიმრობის შესახებ.

2021 წლის დეკემბერში, ჩემს სახლში მოვიდნენ პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები, რომლებმაც დეტალურად ამიხსნეს არსებული ვითარება. გადავწყვიტე ხელი მომეწერა პეტიციაზე, რომელიც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვდა. დავეხმარე ახალგაზრდებს ინფორმაციის გავრცელებაშიც – ჩემს სახლში შევკრიბე დაახლოებით 25 მეზობელი, რომლებმაც ასევე ხელი მოაწერეს პეტიციას.

ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ეს ქმედება ჩემი უსასრულო დევნის დასაწყისი გახდებოდა. 26 დეკემბერს, ჩემი დაბადების დღის აღნიშვნისას, როდესაც მეგობრებთან ერთად ჩემს სახლში ვიყავი, ჭიშკარზე ზარის ხმა გაისმა. გარეთ გავედი , ჭიშკარი გავაღე და დავინახე, რომ  პოლიცია იდგა.

ოფიცერმა „ნაციონალების შეკრების” მოწყობაში დამადანაშაულა. მან პირდაპირ მითხრა: „შენ ნუ გგონია აქ რამე დაიმალება, იცოდე კედლებსაც ყურები აქვთ და კარგად ვიცი შენი სახლიდან 25 ხელმოწერა რომ გავიდა “ნაცების” პეტიციაზე”. პოლიციელი დამემუქრა დაპატიმრებით „უკანონო ორგანიზებისთვის”.

შოკირებული ვიყავი იმით, თუ რამდენად დეტალურად აკონტროლებდნენ ჩვენს ცხოვრებას პოლიციელები, მაშინ როდესაც უამრავი დანაშაული გაუხსნელია და ქვეყანაში უკონტროლო კრიმინალია, მაგრამ პოლიციას ამ ფაქტებისთვის არ ცალია, სააკაშვილის მხარდამჭერების დევნით არის დაკავებული !

მმართველი ხელისუფლება სრულიად ინფორმირებული იყო ყველაფერზე.

მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. 2022 წლის მარტში კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა. ვიყავი სტუმრად ჩემს მეგობართან. მანქანა ჩვეულებრივ, საჯარო პარკინგზე დავაყენე. მეგობრის სახლში ყოფნისას, მეგობრის დედამ მითხრა რომ კართან ვიღაც იყო ვინც მე მეძებდა. გარეთ გავედი და დავინახე ორი კაცი , რომლებმაც მომთხოვეს მანქანის გაყვანა პარკინგიდან.ვკითხე მიზეზი მაგრამ აგდებულად მომმართეს. როდესაც დავინტერესდი, ვინ იყვნენ და რა უფლებით მელაპარაკებოდნენ ასე, მოულოდნელად ორივემ დამიწყო ცემა. მხოლოდ კლინიკაში გავიგე, რომ ჩემზე თავდამსხმელი პარლამენტის წევრის, ბექა ოდიშარიას შვილი, ლაშა ოდიშარია იყო. სწორედ მამამისის გავლენის გამო მოითხოვდა იგი საჯარო პარკინგიდან ჩემი მანქანის გადაყვანას. ისე იქცეოდნენ თითქოს მათ კერძო საკუთრებაში მეყენა მანქანა ! წინააღმდეგობა რომ გავუწიე, ფიზიკურად გამისწორდნენ და კლინიკაში მომიეია მკურნალობის გავლა, სადაც ადგილზე მოსულ სამართალდამცავებს დეტალური ჩვენება მივეცი და ვითხოვდი დროულ რეაგირებას. მალევე მაცნობეს პოლიციდან რომ საქმის ძიება “ინტენსიურად” მიდიოდა.  2022 წლის 25 მარტს დამირეკეს და დამიბარეს ძველი თბილისის პოლიციის განყოფილებაში. იქ დაკითხვის დროს პოლიციელი პირდაპირ მეკითხებოდა: „ემსახურება თუ არა თქვენი საჩივარი პარლამენტის დეპუტატის სახელის შელახვას?” და „ცდილობთ თუ არა შავი პიარით გაანადგუროთ მოქმედი დეპუტატის რეპუტაცია?”. როდესაც ავუხსენი, რომ მე უბრალოდ საჯარო პარკინგზე მანქანა დავაყენე და ამისთვის მცემეს, ის აგრძელებდა დაშინებას და მეუბნებოდა: „იცი მაინც რას მოგიტანს ამ ოჯახთან დაპირისპირება?” და „ რა გგონია, მარტივად გამოძვრები ამ საქმიდან?”. როდესაც ფეხზე წამოვდექი და განვაცხადე, რომ აღარ ვაპირებდი ამ უსამართლობის მოთმენას, სამართალდამცავი წამოხტა, ყვირილი დაიწყო და სახეში  დამარტყა. მერე სხვა პოლიციელებთან ერთად დაიწყო ჩემი ცემა.  ამის შემდეგ, იძულებით გამომაგდეს განყოფილებიდან.

იმდენად ვიყავი ნაცემი რომ კლინიკაში მომიწია წასვლა, აქაც ვესაუბრე პოლიციას, მაგრამ საქმე ისე დახურეს რომ დამატებით გამოკითხვაზეც კი არავის დავუბარებივარ !

მნიშვნელოვანი ფაქტია ისიც, რომ ამ და სხვა ძალადობის მოვლენებს არაერთი მოწმე ადასტურებს, (საჯაროდ თავს შევიკავებ მათი ვინაობის დასახელებისგან, რადგან ნამდვილად არ მინდა რომელიმე მათგანს პრობლემები შეექმნას) რომლებიც არც ერთ ჯერზე არ გამოუკითხავს პოლიციას, იმიტომ რომ არ არსებობს მათი მხრიდან ამ დანაშაულების გამოძიების პოლიტიკური ნება !

ამ მოვლენებმა რადიკალურად კრიტიკული განწყობა შემიქმნა მმართველი ხელისუფლების მიმართ. 2023 წლის 7-8 მარტს კვლავ დავდექი ხელისუფლების ძალადობრივი მანქანის პირისპირ. ამჯერად, როდესაც „რუსული კანონის” წინააღმდეგ გამართულ აქციას შევუერთდი, სპეცრაზმმა ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დაიწყო აქციის დარბევა. მე და ჩემი ორსული მეუღლე სხვა აქციის მონაწილეებთან ერთად  მოვყევით ხალხის მასაში, სადაც უცებ დაიწყეს ცრემლსადენი გაზის კაფსულების სროლა. ერთ-ერთი კაფსულა პირდაპირ მარიამის ფეხებთან დაეცა, რის შემდეგაც ის ჩაიკეცა და სუნთქვა გაუჭირდა. დავინახე , როგორ დააწვა ჩემს ორსულ მეუღლეს პოლიციელი ფეხით მხარზე. როდესაც მარიამთან მიახლოება ვცადე, სამი პოლიციელი მომვარდა და იძულებით გამათრიეს აქციის ადგილიდან, ფურგონში ჩამსვეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მთაწმინდა-კრწანისის სამმართველოში მიმიყვანეს

განყოფილებიდან 8 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოში გადამიყვანეს. სასამართლოზე ცრუ ჩვენება მისცა პოლიციელმა, თითქოს მე მას ვაგინებდი, ვაფურთხებდი და ქვებს ვესროდი.  მოსამართლემ მომისაჯა 15 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა.

ზაჰესის წინასწარი დაკავების იზოლატორში გატარებული დღეები ჯოჯოხეთს ჰგავდა, იქ არსებული სიტუაციაა რეალურად “ქართული ოცნების” რეალური სახე !  ორკაციან, ნესტიან საკანში ოთხი ადამიანი ვიყავით გამოკეტილი. ჭუჭყიან ზეწრებზე გვიწევდა წოლა, არ მუშაობდა კანალიზაცია, მორიგეობით გვეძინა. 12 დღის განმავლობაში მხოლოდ სამჯერ მოგვცეს ორჯერადი კვება, დანარჩენ დროს კი ბრინჯის ფაფა და ორი ნაჭერი პური იყო მთელი დღის სამყოფი. დაცვა მოგვმართავდა როგორც „სააკაშვილის ბოზებს” და „ნაცების მონებს”, გვამცირებდნენ და მაქსიმალურად ცდილობდნენ ჩვენს ფსიქოლოგიურად გატეხვას !  გვაშიშვლებდნენ,  მათი გადმოფურთხებულის ხელით აწმენდას გვაიძულებდნენ.

 

როდესაც სიცივისგან რამდენჯერმე დავუძახე დაცვას, სამი პოლიციელი ხელკეტებით შემოვარდა ჩემს საკანში და თავში რამდენჯერმე დამარტყეს. შემდეგ კარცერში ჩამაგდეს, სადაც ორი დღე გავატარე წყლისა და საკვების გარეშე.

22 მარტს გამომიშვეს, მაგრამ არ დამიბრუნეს ჩემი ტანსაცმელი და პირადი ნივთები. საკუთარი ძალებით მივედი კლინიკაში, სადაც სამი დღე გავატარე. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მაინც მივეცი ჩვენება პოლიციას. დეტალური ინფორმაცია მივაწოდე ასევე სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას” და სახალხო დამცველს. მივმართე გენერალურ პროკურატურასაც, მაგრამ ამას არავითარი შედეგი არ მოჰყოლია.

 

ზუსტად იმ ფაქტმა, რომ არ ვაპირებდი გაჩუმებას, ახალი ძალადობები გამოიწვია, რომლის ავტორიც ხელისუფლება და მათთან დაახლოებული კრიმინალური “სამართალდამცავები” არიან ! 2023 წლის 14 მაისს, როდესაც სახლში არ ვიმყოფებოდი, ჩემს საცხოვრებელში ყოველგვარი ოფიციალური დოკუმენტის გარეშე გამოცხადდა სამი პოლიციელი. ჩემი მეუღლე-მარიამი, რომელიც ფეხმძიმედ იყო, სახლში პრაქტიკულად გამოკეტეს. მეზობელმა დამირეკა და მითხრა, რომ ჩემს სახლში პოლიცია იყო. მაშინვე მივვარდი იქ, მაგრამ არ მომცეს სახლში შესვლის უფლება. ოთხი საათის განმავლობაში მიდიოდა ჩხრეკა, რის შემდეგაც წაიღეს ჩვენი ტექნიკა, ტელეფონები და კომპიუტერები. მარიამმა , რომელიც ორსულად იყო,  ჩხრეკის დროს განიცადა ძლიერი სტრესი, 4 საათი გარეთ არ უშვებდნენ რის ფონზეც დასჭირდა ჰოსპიტალიზება .

იაზრებთ მაინც? ბოლო თვეებში ორჯერ შეუქმნეს ჩემს ორსულ მეუღლეს სიცოცხლის მოსპობის საფრთხე და ისინი ამით მხოლოდ ერთობოდნენ, პოლიციას ემპათიის გრძნობა არ გააჩნია !

ექვსი თვის უშედეგო ლოდინის შემდეგ, 2023 წლის 9 ნოემბერს, საჩივარი შევიტანე გენერალურ ინსპექციაში პოლიციელების მოპარულ ნივთებს ვითხოვდი, რომლებიც ჩემი სახლიდან წაიღეს, მაგრამ ამასაც არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია, ჩემი საჩივარი არც კი განიხილეს! ამის ნაცვლად, პოლიცია დაიწყო ჩემი გაჩერება მანქანით გადაადგილებისას, დღეში რამდენჯერმე მაჩერებდნენ და მამოწმებდნენ.

სწორედ ამ ყველაფერმა მიბიძგა, საჯაროდ მესაუბრა მომხდარის შესახებ. ჩემი მიზანია ვამხილო ყველა ის მოძალადე, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ჩემი და ჩემი ცოლის ცხოვრების გაუბედურებაში, მაგრამ სამწუხარო ის არის რომ ჩვენს გარდა ათობით ადამიანია მათი სამიზნე მაგრამ სამართალს ვერსად ვპოულობთ ! .”

ჩვენმა ჟურნალისტმა სცადა დაკავშირება შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის N3 განყოფილების უფროსთან-კახა მოდებაძესთან, ასევე დეპუტატ ბექა ოდიშარიასთან, მაგრამ არავინ დაგვთანხმდა კომენტარის გაკეთებაზე. ბოლოს, როდესაც მოდებაძესთან ტელეფონით მოვახერხეთ დაკავშირება, მან ჟურნალისტთან საუბრისას განაცხადა: “ყველა ბრალდება უსაფუძვლოა და სპეციალურად მოგონილია ოპოზიციის მიერ ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის” და ყურმილი დაკიდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ოფიციალური განცხადებით, “მათ არ აქვთ ინფორმაცია კონკრეტულ საქმეებზე” და “ყველა მოქალაქის საჩივარი კანონის სრული დაცვით განიხილება”.

ფაქტია, რომ ქვეყანაში სადაც კანონის უზენაესობა უნდა მოქმედებდეს, მოქალაქეებს უწევთ ძალადობის, დაშინებისა და რეპრესიების ატანა მხოლოდ იმიტომ, რომ ბედავენ განსხვავებული აზრის გამოხატვას. გიორგი ბახუტაშვილის შემთხვევა არ არის ერთადერთი – არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობით, მსგავსი ფაქტები ბოლო წლებში რეგულარულად ფიქსირდება მთელი ქვეყნის მასშტაბით.

საქართველო, რომელიც აცხადებს, რომ ევროპული და დემოკრატიული ღირებულებებისკენ ისწრაფვის, ვერ უზრუნველყოფს საკუთარი მოქალაქეების ელემენტარული უფლებების დაცვას. როგორ შეიძლება ვისაუბროთ ევროკავშირში გაწევრიანებაზე, როდესაც ქვეყანაში სისტემატურად ილახება ადამიანის უფლებები და ხელისუფლება იყენებს სამართალდამცავ ორგანოებს როგორც პოლიტიკურ იარაღს განსხვავებული აზრის მქონე მოქალაქეების წინააღმდეგ?!

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights