გიორგობის კვირა გორა-ბერეჟოულში

გიორგობის კვირა გორა-ბერეჟოულში
.
“გორა-ბერეჟოულის საერისთავო ციხის უკანასკნელ მფლობელს ლამაზი ევროპული სახლი ჩაედგა მომხიბლავ სუბტროპიკულ ბაღნარში. საქართველოს მიწაზე რაც ხე კი იზრდება, ყველას ნახავდით ამ ერისთავის ბაღში.
.
ერთხელ ყოველწლობით, ოქტომბერში ჩხავრის, ოცხანური ჭუმუტას, ჯანისა და ცხილათუბნის წითელი და ვარდისფერი წვენით ივსებოდა ვეება საწნახლები. საგიორგობო ლხინი რომ დაიწყებოდა, ვამეხ ერისთავისას გურიელი რომ მობრძანდებოდა ნაკაშიძის თანხლებით, გუგუნავას და მაჭუტაძეს ხშირად იმერელი აბაშიძე და წერეთელი რომ მოჰყვებოდნენ, მრავალი ჩაფი ჩხავერი ისმებოდა ყოველდღიურად. ორასი კაცი შინაყმა და ხელზემსახურეც ჩაფობითვე ცხილათუბანს ჩაქელავდა და ბატონებს დღეგრძელობას მოახსენებდა.
.
ბატონი და ყმა ერთნაირად ნაღვინევი იყვნენ გიორგობის კვირაში. ხშირად ეს საგიორგობო „კვირა“ ნოემბრის ოცდასამიდან იანვრის პირველამდე გრძელდებოდა. ღვინო ისე ბევრი სჭირდებოდა ერისთავს, როგორც ინგლისელ ბანკირს – ოქრო და რომის პაპს – მორწმუნე.
.
როცა დადიანი და დგებუაძე სტუმრად ბრძანდებოდნენ ერისთავთან, მთელი საერისთავოს მოსახლეობა ფეხზე უნდა დამდგარიყო. აზნაურსა და გლეხს ოთხფეხა ცხოველი უნდა მოერთმიათ ერისთავისათვის „თფეშქაშად“.
.
ერთი კვირის მანძილზე, დადიანის დასანახავად რომ ასი საკლავის თავი და ფეხები ჩატარდებოდა და სუფრაზე რომ ორასი ბექი გაითლებოდა, მეგრელთ მთავრის ნაშიერი მხოლოდ მაშინ იგრძნობდა თავს პატივცემულად და უხვ მასპინძელს ზრდილობიან მადლობას მოახსენებდა. თუ ქალბატონი ან დედაბატონი ერისთავისა იყო დადიანის ქალი, ჭყონდიდელთა ცხენები ხშირად ჭიხვინებდნენ საერისთავო ზეგანზე და შავი დღე ადგა ხვადაგს საერისთავოში, უკანასკნელ ძროხამდე შეიჭმებოდა ოთხფეხი. ნადგურდებოდა დოვლათი, მაგრამ თავმომწონე გვაროსანს სირცხვილის ჭამას სიკვდილი ერჩია.
.
დიდი ხანია, აღარსად არიან ქედმაღალი ერისთავები. იქვე წავიდნენ ისინი, სადაც გიგანტური მუხები, საერისთავო ზეგანზე რომ იდგნენ ათასი წლის მანძილზე – დრონი იცვლებიან – Tempora mutantur. “
.
– მოსე გოგიბერიძე რჩეული ფილოსოფიური თხზულებანი: ტომი IV (1978)
– ილუსტრაცია – გორა. თავად ერისთავის აგარაკი და შევარდნების სახლი 1862
Gora. landhaus und falkenhof des fürsten eristoff – Im Kaukasus; Albrecht (Prince of Prussia) 1862
გორა. თავად ერისთავის აგარაკი და შევარდნების სახლი 1862
Gora. landhaus und falkenhof des fürsten eristoff - Im Kaukasus; Albrecht (Prince of Prussia) 1862
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share