იოანე პეტრიწის გურული ლექსიკა
.
სერგი გიორგაძე მიერ გამოქვეყნებულ იოანე პეტრიწის ნემესიოს ემესელის თარგმანის წინასაიტყვაობაში გიორგაძე საუბრობს პეტრიწის კილოსა და წარმომავლობაზე – „მისი ჩამომავლობის უეჭველი ცნობები არ მოიპოვება: ერთი გარდმოცემით ის იყო გურიიდან, – და ეს გარდმოცემა თითქოს ჰპოებს მისი გამართლებას მისი გადმოცემის ლექსიკაში. მეორე გარდმოცემა მის სამშობლოდ „დაბა ჭიმჭიმს“ ასახელებს, სამცხეში, მაგრამ შესაძლოა ეს გარდმოცემა აღმოცენებული იყოს იოვანე პეტრიწის მეორე ზედმეტსახელი „ჭიმჭიმელის“ ასახსნელად, რომელიც ნიშნავს ზეციერს“. აქვე მაგალითისათვის უთითებს – „ასეთია მაგალითად სიტყვა „ერცახე“, „გუჱრდი““ (გუერდი) და ა.შ.. გიორგაძე იოანე პეტრიწის გურულ ლექსიკაზე მითითებისას ხელმძღვანელობს ნიკო მარის ნაშრომით (Іаннъ Петрицский Грузинскій неоплатоник ъ XI-XII вѣка 1909), გურული დიალექტის კარგად მცოდნე მარი თვლიდა, რომ იოანე პეტრიწის ლექსიკა გურული გახლდათ.
.
იოანე ბატონიშვილი კალმასობაში წერს – “იოანე ჭიმჭიმელი, ფილოსოფოსი და ზედწოდებით პეტრიწი.ესე იყო გურიით ერთობასა შინა მეფობისასა. ღა მეფეთაგან გაიგზავნა ათინას და მუნ მიიღო აზნაურობითი და ბუნებითი ხელოვნება, ისწავა მათემათიკა, ასტრონომია და ასტროლოღია.”
.
ქართველი ფილოსოფოსი იოანე პეტრიწი მე-11-12 საუკუნეების მოღვაწეა და ბუნებრივია და ჩნდება კითხვა ამავე პერიოდში გურული დიალექტის გავრცელების არეალთან დაკავშირებით, თუმცა გურული ლექსიკის ერთერთი მნიშვნელოვანი ფუძე სამცხე-მესხეთია, ვახუშტი ბატონიშვილი გურულების დახასიათებისას ამბობს – „ენა ტკბილ-მოუბარენი უმეტეს წიგნის სიტყვით (მესხთაებრ). არამედ ქართულისავე ენისანი და არა სხვისა.“ ანუ გურულები მესხთაებრ “წიგნის სიტყვით” მოუბარნი იყვნენ.
.
– ნემესიოს ემესელი, იოანე პეტრიწის თარგმანი – გამოცემისათვის მომზადებული სერგი გიორგაძის მიერ 1914 წელი;
– იოანე ბატონიშვილი “კალმასობა” (1948)
– ღეოღრაფიული აღწერა საქართველოისა ბატონიშვილისა ვახუშტის მიერ. გამოქვეყნებულია ორიგინალური ავტოგრაფიდან მ. ბორსეს მიერ 1842; Description Geographique de la Georgie: Publiée d’après l’Original Autographe par M. Brosset 1842
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა