„ევროპის ყველა ქვეყანამ გვითხრა, რომ საქართველოსთან პარტნიორული ურთიერთობა არის გაწყვეტილი. ჩვენ უკვე ვართ იმ პროცესში, რომ აღდგენა ვეღარც წარმომიდგენია“,- ამის შესახებ ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ bpn.ge-სთან ისაუბრა.
კითხვებზე, თუ რა გამოწვევების წინაშეა დღეს ბიზნესი და უნდა გააკეთოს მომავალმა ხელისუფლებამ არსებული პრობლემების დასაძლევად, ბიზნესმენი ამბობს, რომ ახლა ეს საკითხები მეორეხარისხოვანია, რადგან ქვეყანა საკუთარ მომავალს ირჩევს. საუკეთესო გამოსავალი კი, თემურ ჭყონიას თქმით, კოალიციური მთავრობა იქნება, რადგან სხვა მხრივ, ევროპასთან პარტნიორული ურთიერთობის აღდგენა რთულად წარმოსადგენია.
„დასავლეთის წინადადება არის, რომ ჩვენ ვიყოთ ინტეგრირებული ევროპაში, იმ სტანდარტების მიხედვით, რომელიც ამ ქვეყნებს გააჩნია. თუ ეს სტანდარტების იქნება დაცული და არ შევთავზებთ თემებს, რომელიც მათთვის მიუღებელია, ევროპის ბაზარი არა თუ გახსნილი, არამედ ვალდებული იქნება ჩვენთან ბიზნეს ურთიერთობაში იყოს. ეს არის პარტნიორული ვალდებულება.
თუ ჩვენ იზოლაციაში მოვხვდით, ეს არ ნიშნავს, რომ ევროპა ჩვენი მტერი გახდება, უბრალოდ გვეტყვის, თუ ჩვენთან არ გინდათ, კარგად იყავით. შესაძლოა, ვაჭრობაც გაგრძელდეს, გააჩნია რა პროდუქცია გაგაქვს, მოთხოვნიდან და სტანდარტებიდან გამომდინარე, კულტურული ურთიერთობაც გაგრძელდეს, მაგრამ ის ძირითადი თემები, რომელიც ევროკავშირში დიდ შესაძლებლობებს მოგვცემს, დაიხურება. ჩვეულებრივი ლოგიკაა, თუ ჩვენთან ურთიერთობა არ გინდა, კარგად ბრძანდებოდე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მტრებად გადაიქცევიან. უბრალოდ, აღარ მოგვაქცევენ ყურადღებას. როგორც ცხოვრებაში ხდება, არიან ჩვენს გარშემო ადამიანები, რომლებიც ჩვენ არ გვაინტერესებს, მაგრამ იმათ მტრებად არ ვიქცევით, უბრალოდ აღარ გვინდა მათთან ურთიერთობა და მეტი არაფერი.
თუ ჩვენი მომავალი კოალიციური მთავრობა გაჰყვება იმ პროგრამას, რომელიც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის მიერ შემუშავებულ ქარტიაში წერია, ძალიან დიდი პერსპექტივა იქნება ჩვენს წინაშე გაშლილი. ჩვენი და ევროპის პარტნიორობა იქნება ძალიან ღირსეული. ჩვენც და ევროპაც ვიქნებით ძალიან მოგებული.
ახლა ვდგავართ იმ რეალობის წინაშე, რომ თუ ეს ასე არ მოხდა, კიდევ უფრო გაძლიერდება იზოლაცია. ევროპის ყველა ქვეყანამ გვითხრა, რომ საქართველოსთან პარტნიორული ურთიერთობა არის გაწყვეტილი. ჩვენ უკვე ვართ იმ პროცესში, რომ აღდგენა ვეღარც წარმომიდგენია“,- ამბობს თემურ ჭონია.
ცნობისათვის, 2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ტარდება.