რატომ შეაიარაღა იაპონიის დაზვერვამ გურული რევოლუციონერები

რუსული წყაროების მიხედვით 1905 წლის 2 მაისს, პარიზში სასტუმრო „ინტერნაციონალის“ მე-20 ნომერიში ერთმანეს შეხვდნენ ქართველი სოციალ ფედერალისტი შალვა დეკანოზიშვილი და ევროპაში იაპონიის დაზვერვის რეზიდენტი პოლკოვნიკი მოტოძირო ასაკი, ამ უკანასკნელმა დეკანოზიშვილს საკმაოდ დიდი თანხა გადასცა იარაღის შესაძენად. იაპონელები იმედოვნებდნენ, რომ საქართველოში დაწყებული აჯანყება ხელს შეუშლიდა კავკასიაში არსებული რუსული სამხედრო ნაწილების გადასროლას მანჯურიაში. იგივე მიზნით იაპონელებმა კავშირი დაამყარეს ფინელ და ლატვიელ სოციალისტებთან. როგორც ქართველებმა ისე ბალტიისპირელებმა იაპონელების ფულით შეიძინეს შვეიცარიული შაშხანები – „ვეტტერლი-ვიტალი“ Vetterli-Vitali და ინგლისური რევოლვერები „ვებლეი“ Webley.

1905 წლის ნოემბერში ჰოლანდიის პორტებიდან იარაღით დატვირთული ორი გემი გავიდა. პირველმა „ჯონ გრაფტონმა“ ბალტიის­პირეთისაკენ აიღო გეზი, ხოლო მეორე „სირიუსი“ საქართველოსაკენ გამოემართა.

„ჯონ გრაფტონის“ ტვირთიდან ნაწილი გადმოიტვირთა ვინდაუში (ლატვია), ნაწილი კემში (ფინეთი), რის შემდეგაც გემი მეჩეჩზე შეჯდა ბოსტნიის ყურეში, რისი წაღებაც ფინელმა სოციალისტებმა ვერ მოახერხეს ამიიღო რუსეთის პოლიციამ, კერძოდ ამოღებული იქნა – 9670 „ვეტტერლის“ შაშხანა, 720 „ვებლეის“ რევოლვერი, 400 000 შაშხანის ვაზნა, 122 000 რევოლვერის ვაზნა, დაახლოებით 192 ფუთი ასაფეთქებელი ნივთიერება და 2000 ცალი დეტონატორი.

რაც შეეხება „სირიუსს“ მისი ტვირთის ნაწილი გადმოიტვირთა ფოთში ნაწილი კი გაგრაში, ხოლო ნაწილი ზღვაში გადაიყარა. რუსული წყაროების მიხედვით „სირუისის“ ტვირთიდან ცნობილია მხოლოდ ვეტტერლის (Vetterli) სისტემის შაშხანების რაოდენობა 8500 ცალი, ხოლო ტვირთის სხვა დანარჩენი ნაწილის რაოდენობა უცნობია. სწორედ ამ ტვირთის საქართველოში შემოტანისათვის დააპატიმრეს 1905 წელს აფხაზეთში „ქართული პარტიის“ ადგილობრივი თავმჯდომარე თედო სახოკია, რომელსაც 1908 წელს ციმბირში გადასახლება მიესაჯა.

„ვეტტერლის“ შაშხანების და „ვებლეის“ რევოლვერების ნაწილი რა თქმა უნდა გურიაშიც მოხვდა, მაგრამ როგორც ჩემთვის ცნობილია შაშხანები მაინცადამაინც პოპულარობით ვერ სარგებლობდნენ, მისი რამდენიმე ეგზემპლარი ინახებოდა ოზურგეთის მუზეუმში.

ინტერნეტში მოვიძიე შეიცარიულ-იტალიური Vetterli-Vitali-ის სიტემის შაშხანების შესახებ ინფორმაცია, როგორც ირკვევა მისი 1961-1878 წლების სამი მოდიფიკაცია  – კორპუსში არსებული 12 ვაზნიანი მჭიდით, 6 ვაზნიანი და 4 ვაზნიანი, ვაზნა საკმაოდ დიდი 10.4 მმ გახლდათ.

ადრეულ წლებში სხვადასხვა დროს ორი ასაკოვანი ადამიანისაგან განაგონი მაქვს ერთი საინტერესო ამბავი ამ შაშხანის შესახებ – გურულებმა Vetterli-Vitali-ის სიტემის შაშხანებს ზედმეტსახელი „რაშა-ვორერა“ შეარქვეს, გურიაში შემოტანილ შაშხანაში ოთხი ვაზნა ჩადიოდა, მათი ზედიზედ გასროლისას ლულა დატვირთვას ვერ უძლებდა და ხურდებოდა, რის გამოც ყველა შემდგომ გასროლას სხვადასხვა ხმა, ხოლო ტყვიას უფრო ნაკლები „ჭრაი“ ჰქონდა. სწორედ ამ „მრავალხმოვანებისა“ და „ჭრაის კლების“ გამო შეარქვეს გურულებმა შაშხანას ზედდმეტსახელად „რაშა-ვორერა“, რასაც, როგორც ამბობენ იმ დროისათვის გადამთვრალი კაცის ცუდ ნამღერსაც ეძახოდნენ გურიაში. ასე რომ სიმღერასა და იარაღში კარგად გარკვეული გურულების „ვეტტერლის“ შაშხანის შეფასება გურულ სტილში მხიარული მაგრამ საკმაოდ მკაცრი გხალდათ.

მოამზადა კახა ჩავლეშვილმა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share