„საზოგადოებრივი მაუწყებლიდან“ ჟურნალისტების გათავისუფლება კრიტიკული აზრის დევნის მორიგი მაგალითია – TI

საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ჟურნალისტების გათავისუფლებას “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” კატეგორიულად გმობს.

TI მიიჩნევს, რომ ეს მმართველი პოლიტიკური ძალის მხრიდან კრიტიკული აზრის დევნისა და რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ გმობს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პირველი არხიდან წამყვანების გათავისუფლებას და მიიჩნევს, რომ ეს მაუწყებლის მხრიდან მენეჯმენტის მიკერძოებული პოლიტიკისადმი კრიტიკულად განწყობილი თანამშრომლების დევნისა და შევიწროების მავნე პრაქტიკის გაგრძელებაა. 

11 აპრილს ცნობილი გახდა, რომ მაუწყებელმა ხელშეკრულებები შეუწყვიტა დღის საინფორმაციო გამოშვება „მოამბისა“ და თოქ-შოუ „რეალური სივრცის“ წამყვანებს – ვასილ ივანოვ-ჩიქოვანსა და ნინო ზაუტაშვილს, რომლებიც ღიად ამხელდნენ მაუწყებლის ხელისუფლებისადმი მიკერძოებულ პოლიტიკას და ამბობდნენ, რომ არხი „ვერ პასუხობს საზოგადოების მოთხოვნას“.  საგულისხმოა, რომ მანამდე, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს „ქართული ოცნებისადმი“ ლოიალურმა წევრებმა, ამავე  ჟურნალისტისების საქმის შესწავლაში პროკურატურის ჩართულობაც მოითხოვეს, რაც მათი მხრიდან თანამშრომლების დაშინებისა და ზეწოლის პირდაპირი მცდელობა იყო. 

ეს „საზოგადოებრივ მაუწყებლის“  მიერ მიკერძოებული სარედაქციო პოლიტიკისადმი კრიტიკულად განწყობილი თანამშრომლების შევიწროების, დევნისა და გათავისუფლების პირველი შემთხვევა არ არის და ამგვარი მავნე პრაქტიკა უკვე წლებია გრძელდება. ბოლო წლებში, მაუწყებელმა დახურა არაერთი პოპულარული გადაცემა, რომელთა წამყვანებიც ხელისუფლებისადმი კრიტიკულად იყვნენ განწყობილნი. არხიდან გაუშვეს ის ჟურნალისტებიც, რომელთაც მენეჯმენტი ცენზურის მცდელობაში ღიად ამხილეს. 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ სოლიდარობას უცხადებს „საზოგადოებრივი მაუწყებლიდან“ გათავისუფლებულ ჟურნალისტებს და მიიჩნევს, რომ ეს მმართველი პოლიტიკური ძალის მხრიდან კრიტიკული აზრის დევნისა და რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია, რომლის საბოლოო მიზანიც თავისუფალი სიტყვისა და აზრის სრულად ჩახშობა და განადგურებაა. მაუწყებელში ხელისულების ამგვარი პოლიტიკური დავალებების შემსრულებლები არხის დირექტორი – თინათინ ბერძენიშვილი და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, ვასილ მაღლაფერიძე არიან. მსგავსი პოლიტიკა უზარმაზარ რეპუტაციულ ზიანს აყენებს მაუწყებლისადმი საზოგადოების ნდობას, რომლის უპირველესი ვალდებულებაც სწორედ პროცესების მიუკერძოებელი ასახვა და მაყურებლის ჯეროვანი ინფორმირებაა, რასაც მაუწყებელი ვერ უზრუნველყოფს და რისი მოთხოვნითაც არხის შენობასთან უკვე 5 თვეა უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს.” – წერია განცხადებაში. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share