თბილისში აქციებზე მყოფი პოლიციელების კვებაზე 100 000 ლარის დახარჯვა იგეგმება

თბილისის პოლიციის დეპარტამენტი, გამარტივებული შესყიდვის გზით, საპროტესტო აქციებში მონაწილე პოლიციელების კვებაზე 100 000 ლარის დახარჯვას გეგმავს.

სახელმწიფო შესყიდვების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში პოლიციის დეპარტამენტი განმარტავს, რით არის განპირობებული გამარტივებული შესყიდვის აუცილებლობა და აცხადებს, რომ პოლიციის თანამშრომლებს “დიდი ხნის განმავლობაში უწევთ სამოქმედო ტერიტორიაზე დგომა” და მოვალეობის “შეუფერხებლად განხორციელებისთვის” მათი კვება აუცილებლობას წარმოადგენს.

“აქციებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ხორციელდება საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვა. თანმშრომლების მიერ მათზე დაკისრებული სამსახურეობრივი მოვალეობის შეუფერხებლად განხორციელებისათვის (თანამშრომლებს დიდი ხნის განმავლობაში უწევთ სამოქმედო ტერიტორიაზე დგომა) აუცილებლობას წარმოადგენს განხორციელდეს საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების ღონისძიებებში მონაწილე თანამშრომლების კვება”, – ვკითხულობთ განმარტებაში.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის განცხადებით, “ვინაიდან თანამშრომლებს დიდი ხნის განმავლობაში უწევთ სამოქმედო ტერიტორიაზე დგომა, კვებითი მომსახურების გარეშე შსს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები ვერ შეძლებდნენ მათზე დაკისრებული სამსახურეობრივი მოვალეობის სრულფასოვნად შესრულებას და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას რაც დაუშვებელია”.

“ღონისძიებაში მონაწილე თანამშრომელთა კვებითი უზრუნველყოფის შეფერხება დაუშვებელია, შეფერხდება საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების ღონისძიების სრულყოფილი განხორციელება, რაც ცუდად იმოქმედებს სახელმწიფო და საზოგადოებრივ ინტერესებზე”, – ნათქვამია დოკუმენტში.

ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, რომ განცხადება განხილვის ეტაპზეა და საბოლოო თარიღი – 2 მაისია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share