სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთი მძიმე დარტყმა მიაყენა ჩვენი ქვეყნის იმიჯს საერთაშორისო ასპარეზზე და გაახარა რუსები, – ასე ეხმაურება საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის თანამდებობიდან ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურის გამოწვევას.
როგორც საგარეო უწყების ყოფილი ხელმძღვანელი წერს, სასაცილოა არგუმენტი, რომ „ქართული ოცნება“, ამ ნაბიჯით, საქართველოს დემოკრატიულ იმიჯს გაუფრთხილდა.
გაუგონარია, თუ როგორ შეიძლება გაცვალო შენივე დასახელებული კანდიდატი, სხვა ქვეყნის კანდიდატში და თან ასე საჯაროდ – ამბობს მიხეილ ჯანელიძე.
ზურაბ პოლოლიკაშვილის გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელად არჩევა, 2017 წელს, იყო საქართველოს დიდი გამარჯვება. საქართველო, მანამდეც და დღესაც, ძალიან მცირე რაოდენობით და დაბალ პოზიციებზეა წარმოდგენილი საერთაშორისო ორგანიზაციებში. ეს კი პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტი იყო ასეთ მაღალ თანამდებობაზე ქართველის არჩევის, რაც აძლიერებდა საქართველოს დიპლომატიურ პოზიციებს. ასევე, რადგან ეს იყო სექტორული საერთაშორისო ორგანიზაცია, და ტურიზმი ჩვენი ეკონომიკის ძირითადი მამოძრავებელია, დიდ ეკონომიკურ მნიშვნელობასაც ატარებდა, რაც კარგად გამოჩნდა თუნდაც საქართველოში ჩატარებული საერთაშორისო ღონისძიებებით. აღსანიშნავია, ზურაბ პოლოლიკაშვილის, მტკიცე და სწორი პოზიცია რუსეთის ფედერაციის ორგანიზაციაში წევრობასთან დაკავშირებით, 2022 წელს უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომის შემდეგ.
არჩევნებში გამარჯვება იყო ზურას პირადი დამსახურება და საქართველოს მთავრობის ძალიან აქტიური მხარდამჭერი კამპანიის და დიპლომატიური ძალისხმევის შედეგი. ყველა, პრემიერ მინისტრიდან დაწყებული და სხვა შესაბამისი საჯარო მოხელით დამთავრებული, იყო მაქსიმალურად მობილიზებული ამ შედეგის მისაღწევად. იყო დიდი კონკურენცია, და საქართველოს კანდიდატის ასეთ მაღალ პოზიციაზე არჩევა, სხვაგვარად წარმოუდგენელი იყო.
ძალიან დასანანია და სამარცხვინოა, რასაც ვუყურებ და ვისმენ ორი დღეა მომდევნო არჩევნებში ზურას კანდიდატურის გამოწვევის მიზეზებთან დაკავშირებით.
სასაცილოა არგუმენტი, რომ „ქართული ოცნება“, ამ ნაბიჯით, საქართველოს დემოკრატიულ იმიჯს გაუფრთხილდა. საერთაშორისო დემოკრატიული საზოგადოება „ქართულ ოცნებას“ ავტორიტარულ რეჟიმად იცნობს, რომელიც დემოკრატიული ქვეყნების ელჩებს გინებით უშვებს ქვეყნიდან, და თურმე, ახლა მოუსმინა ელჩების რეკომენდაციას.
ამაზრზენია ის ფაქტი, რომ ზურას მიერ თეა მაისურაძის კონტრაქტით დანიშვნის გამო „ქართული ოცნება“ განაწყენდა და მისი გათავისუფლება მოითხოვა. ესე იგი, თუ რეჟიმის პოზიციას არ ეთანხმები, საერთაშორისო ორგანიზაციაში მუშაობის უფლებაც არ გაქვს.
გაუგონარია, თუ როგორ შეიძლება გაცვალო შენივე დასახელებული კანდიდატი, სხვა ქვეყნის კანდიდატში და თან ასე საჯაროდ. თუ არსებობს შესაბამისი მიზეზი, არსებობს სხვა დიპლომატიური გზებიც ასეთი საკითხების გადასაწყვეტად.
სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთი მძიმე დარტყმა მიაყენა ჩვენი ქვეყნის იმიჯს საერთაშორისო ასპარეზზე და გაახარა რუსები. ასე მივდივართ იმ საოცნებო „სუვერენიტეტთან“, რასაც სინამდვილეში, დემოკრატიული საზოგადოებიდან იზოლაცია ჰქვია“,- წერს მიხეილ ჯანელიძე „ფეისბუქზე“.
“ქართულმა ოცნებამ” გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობიდან ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა გამოიწვია და მხარდაჭერა არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ წარდგენილ კანდიდატს გამოუცხადა.
თავის მხრივ, პოლოლიკაშვილი „ოცნების“ მესვეურებს „დიპ ვირთხებს“ უწოდებს და ამბობს, რომ კობახიძე მას სამი კვირაა ემალება.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველო, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან (UAE) სავარაუდო გარიგებით ცვლიდა გაეროს ტურიზმის გენერალურ მდივანს გამოცემა The Diplomat-მა გაავრცელა. ესპანური გამოცემა წერდა, რომ ეს ნაბიჯი საქართველოს რუსეთის ფედერაციასთან სტრატეგიულ დაახლოებად აღიქმება.