გურიის მოამბე

„ჩარიტი“ – მე-19-ე საუკუნის გურული ხანჯალი

„ჩარიტი“
.
„დანის დამზადებისას და საერთოდ გამჭრელი იარაღის ჭედვისს დროს, მთავარი ყურადღება ექცევა წრთობას და დუღილის პროცესს, მაგალითად, როდესაც დუღილი (იგულისხმება შედუღება, ან გავარვალება რკინის ერთ შანთად) მიმდინარეობს, საჭიროა რკინის „გულისა“ და „კანის“ ერთგვაროვანი გახურება. წინააღმდეგ შემთხვევაში ან ერთი წაასწრებს და ან მეორე, რითაც დაირღვევა ლღვობის ერთიანობა და „მომწიფების“ ერთდროულობა. ამიტომ გურული მჭედელი, მიმართავს იმავე ხერხს რასაც სხვა კუთხის მჭედელი. იღებს „მისადუღებელს“ (სილას) და დააყრის დუღილში მყოფ რკინას, ამ საშუალებით, გარეთა კანი გრილდება და გულს უჯდება სიმხურვალე. ამ სახით წარმართული დუღილის პროცესის ზომიერებას იგებენ ცეცხლის ალის ფერით და ნაპერწკალთა „მოწყვეტა“ – აცვენით. „დუღილში“, მათი თქმით, რკინა „შიშხინებს“ და მისგან „ცხოველი“ ნაპერწკლები სცვივა.”
.
რაც შეეხება წრთობას, გურიის სინამდვილეში იცოდნენ წრთობისას („წყლის მიცემისას“, გურ) „ბზიკის“ ფერზე დაყენება. ეს ბზიკის (კრაზანა) ფერი ფაქტიურად იგივე ოქროს ფერია, რომელიც ქართველი მჭედლების საყოველთაო აღიარებით, საუკეთესო ნიშანია წრთობის გამოსაცნობად. წრთობისას „თეთრი“ და „ლურჯი“ წყალი მიუღებლად იყო მიჩნეული. „თეთრი წყალი“ სიმაგრის ნიშნად ითვლებოდა. გურულა მჭედლების თქმით ამ ფერის რკინას ხმა მაგარი აქვს და კვერის დაცემისას ფიცხედ კივის. მაყვლისფერი (მარყვალი გურ.), ანუ ლურჯი წყალი სირბილის ნიშანია.“
.
„საყურადღებოა, რომ გურიის ეთნოგრაფიულ ყოფაში უკანასკნელ ხანებამდე შემოინახა ფოლადის სახელად – „ჩარიტი“, ხოლო ერწო-თიანეთის სინამდვილეში დღემდე იხმარება ფოლადას სახელად – “ჭალიკი“, „ჩალიკი“. მაგალ., როდესაც სურდათ მაღალი ხარისხის ფოლადის აღნიშვნა, ამბობდნენ: „ჭალიკივით ფოლადია“-ო.“
.
– ფრაგმენტები ნიკო რეხვიაშვილის ნაშრომიდან – “ქართული ხალხური მეტალურგია” 1964 წელი
– მე-19 საუკუნის გურული ხანჯალი
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights