გურიის მოამბე

BBC: ოცნებამ პროევროპული აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნაერთი კამიტე გამოიყენა

BBC: ოცნებამ პროევროპული აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნაერთი კამიტე გამოიყენა | ამის შესახებ ავტორიტეტული გამოცემა ვრცელ სტატიას აქვეყნებს.
💬 „შეიძლება [წყლისგან] წვა იგრძნოთ“ | თქვა ერთ-ერთმა მომიტინგემ, როდესაც წყლის ჭავლი მისკენ მიმართეს. გამოცემის ცნობით, საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერების მოწინააღმდეგე მომიტინგეებმა სხვა სიმპტომებიც იგრძნეს – ქოშინი, ხველა და ღებინება, რომელიც კვირების განმავლობაში გრძელდებოდა.
🔴 BBC World Service ესაუბრა ქიმიური იარაღის ექსპერტებს, ინფორმატორებს საქართველოს სპეცრაზმიდან და ექიმებს და აღმოაჩინა, რომ მტკიცებულებები მიუთითებს აგენტის გამოყენებაზე, რომელსაც ფრანგმა სამხედროებმა „კამიტე“ უწოდეს. საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ჩვენი გამოძიების შედეგები „აბსურდული“ იყო და პოლიციამ კანონიერად იმოქმედა „სასტიკი დამნაშავეების უკანონო ქმედებების“ საპასუხოდ.
🔴 გამოცემის ცნობით, კამიტე საფრანგეთმა პირველი მსოფლიო ომის დროს გერმანიის წინააღმდეგ გამოიყენა. მისი შემდგომი გამოყენების შესახებ მცირე დოკუმენტაცია არსებობს, მაგრამ ითვლება, რომ ის მიმოქცევიდან 1930-იან წლებში ამოიღეს მისი ხანგრძლივი ეფექტის შესახებ შეშფოთების გამო. მის შემცვლელად გამოიყენეს CS გაზი – რომელსაც ხშირად „ცრემლსადენ გაზს“ უწოდებენ.
🔴 გამოცემის ცნობით, მათ მოახერხეს სპეციალური დანიშნულების დეპარტამენტის ინვენტარის ნუსხის ასლის მოპოვება, რომელიც 2019 წლის დეკემბრით თარიღდება.
💬„აღმოვაჩინეთ, რომ ის შეიცავდა ორ უსახელო ქიმიურ ნივთიერებას. ისინი უბრალოდ სიაში ეწერა, როგორც „ქიმიური სითხე UN1710“ და „ქიმიური ფხვნილი UN3439“, შერევის ინსტრუქციებთან ერთად. გვინდოდა გადაგვემოწმებინა, იყო თუ არა ეს სია ავთენტური, ამიტომ ის ვაჩვენეთ სპეცრაზმის ყოფილ მაღალჩინოსანს, რომელმაც დაადასტურა, რომ ნამდვილი ჩანდა. მისი თქმით, ორი ქიმიური ნივთიერება, რომელიც დასახელებული არ არის, სავარაუდოდ ის ქიმიური ნივთიერებები იყო, რომლებიც წყლის ჭავლში ჩაამატეს“ | წერს BBC-ი.
🔴 გამოცემის ცნობით, შემდეგი ნაბიჯი იყო იმის გარკვევა, თუ რა იყო ეს ქიმიკატები. BBC წერს, რომ UN1710-ის იდენტიფიცირება ადვილი იყო, რადგან ეს არის ტრიქლორეთილენის (TCE) კოდი, გამხსნელი, რომელიც სხვა ქიმიკატებს წყალში გახსნის საშუალებას აძლევს.
💬 „UN3439-ის იდენტიფიცირება გაცილებით რთული იყო, რადგან ეს არის ქოლგა კოდი სამრეწველო ქიმიკატების მთელი სპექტრისთვის, რომელთაგან ყველა საშიშია. აღმოვაჩინეთ, რომ მათგან ერთადერთი, რომელიც ოდესმე გამოიყენებოდა არეულობების კონტროლის აგენტად, არის ბრომბენზილ ციანიდი, ასევე ცნობილი როგორც კამიტე, რომელიც მოკავშირეებმა შექმნეს პირველ მსოფლიო ომში გამოსაყენებლად. ჩვენ ვთხოვეთ პროფესორ კრისტოფერ ჰოლშტეგეს, წამყვან ტოქსიკოლოგიისა და ქიმიური იარაღის ექსპერტს მსოფლიოში, შეეფასებინა, მიუთითებდა თუ არა ჩვენი მტკიცებულებები იმაზე, რომ გამოყენებული აგენტი კამიტე იყო“ | წერია სტატიაში
📍 გამოცემის ცნობით, ექსპერტმა განაცხადა და არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, მოწმეების მიერ მოწოდებული კლინიკური დასკვნები შეესაბამება ბრომბენზილ ციანიდს.

“ოცნების” მიერ გავრცელებული განცხადება

“დღეს დილით, BBC-მ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც არაერთი აბსურდული, ცრუ ინფორმაციის გარდა არის ბრალდება საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომ თითქოს კანონსაწინააღმდეგო აქციების დროს შს სამინისტრომ მოძალადე მომიტინგეების წინააღმდეგ „ქიმიური ნივთიერება“ გამოიყენა. ცხადია, „დიპ სტეიტის“ პროპაგანდისტულ იარაღად ქცეულ ეგრეთ წოდებულ მედიას მძიმე ბრალდების დასამტკიცებლად არანაირი ფაქტი არ აქვს წარმოდგენილი. უფრო მეტიც, ყველა ვარაუდი აგებული აქვს კონკრეტული პირების მოსაზრებებზე, მათ შორისაა ექიმი ჩახუნაშვილი, რომელიც კანონსაწინააღმდეგო აქციების ერთ-ერთი აქტიური მონაწილეა, ხოლო მისი ოჯახის წევრი, მამა, გიორგი ჩახუნაშვილი პირადად მონაწილეობდა 4 ოქტომბრის „ხელისუფლების დამხობის“ პროცესში და ფიზიკურად შეიჭრა საქართველოს პრეზიდენტის სასახლის ეზოში.
გარდა ამისა, სტატიაში ძირითადად საუბრობენ დაინტერესებული პირები, გიგაური, ბრალდებული ხასაია, ბრალდებული შაიშმელაშვილი, მსჯავრდებული ბაჩიაშვილი და სხვა მსგავსი პირები. „ქართული ოცნების“ კომუნიკაციების სამსახურს სტატიის გამოქვეყნებამდე აქტიური კომუნიკაცია ჰქონდა „გამომძიებელ ჟურნალისტთან“. აბსოლუტურად ყველა შეკითხვაზე, რომელიც BBC-მ მოგვაწოდა, მოვამზადეთ სრულყოფილი პასუხები და პუნქტობრივად, დეტალურად დავაკმაყოფილეთ ბრიტანული მედიის ინტერესი. გამომდინარე იქედან, რომ ბოლო პერიოდში აღნიშნული მედია არაერთ სკანდალში გაეხვა, არაერთხელ დაუდასტურდა სიცრუის გავრცელება და ამის გამო მაუწყებელზე ტოპ მენეჯმენტიც კი შეიცვალა, ჩვენი პასუხის დასაწყისში დავაყენეთ მხოლოდ ორი პირობა – სრულად გაეშუქებინა ჩვენი პოზიცია, შევთავაზეთ ჩვენ მიერ გაგზავნილი თითოეული სიტყვის მტკიცებულების მიწოდება, პარალელურად კი მოვითხოვეთ, რომ მაღალი ჟურნალისტური სტანდარტის დაცვით, ყველა მსჯელობა, რაც სტატიაში იქნებოდა წარმოდგენილი, დაფუძნებული ყოფილიყო მხოლოდ მტკიცებულებებზე. სანაცვლოდ მივიღეთ სიცრუის კორიანტელი, მძიმე ბრალდებები ხელისუფლების მიმართ, რომელიც როგორც აღვნიშნეთ, დაინტერესებული პირების მონათხრობზეა აგებული და ცხადია, არანაირი კავშირი რეალობასთან არ აქვს.
საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ რამდენიმე კვირის წინ BBC სკანდალში გაეხვა, როდესაც ეგრეთ წოდებულმა მედიამ აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის უხეშად დამონტაჟებული ინტერვიუ გაავრცელა, სადაც შეცვლილი იყო საუბრის კონტექსტი და შინაარსი. ამ მანიპულაციის გამო მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა და ახალი ამბების აღმასრულებელმა დირექტორმა თანამდებობები დატოვეს, თუმცა ეს უფრო ჰგავდა აშშ-ის პრეზიდენტისთვის კოჭის გაგორებას, ვიდრე შეცდომაზე პასუხისმგებლობის აღებას. BBC-ს რომ ბინძური დაკვეთების შესრულებასა და სიცრუის გავრცელებაზე არანაირი მორალური თუ პროფესიული დაბრკოლება არ აქვს – ეს დღეს გამოქვეყნებული სტატიიდანაც კარგად ჩანს, ხოლო მათი მენეჯმენტის ცვლილება გვაგონებს ბრიტანეთში ბოლო წლებში რამდენიმე პრემიერ-მინისტრის ცვლილებას, რასაც ამ ქვეყანაში არათუ ძირეული, ფასადური ცვლილებაც კი არ მოჰყოლია და შედეგად „დიპ სტეიტის“ მართული ერთი მთავრობა მეორემ ჩაანაცვლა.
იმის გამო, რომ ერთ დროს ავტორიტეტულმა მედიამ, რომელიც დღეს არაფორმალური მმართველობის პროპაგანდის იარაღად არის ქცეული, საჯაროდ გაავრცელა ცრუ ბრალდებები საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ და ამ ბრალდებების დასამტკიცებლად თუნდაც ერთი მტკიცებულებაც კი არ მოიყვანა სტატიაში, იმის გამო, რომ ტყუილებზე აგებული ეგრეთ წოდებული „ჟურნალისტური გამოძიება“ ძირითადად კრიმინალების მონათხრობზეა აგებული და არაფერი აქვს საერთო რეალობასთან, იმის გამო, რომ BBC-მ ყველა კითხვაზე მიიღო ამომწურავი პასუხები და სტატიაში დასაბუთებული პასუხების 1%-იც კი არ გამოაქვეყნა, იმის გამო, რომ ეს ბინძური პროპაგანდისტული მასალა არის მცდელობა, ჩირქი მოსცხონ საქართველოს მთავრობას, ქართულ პოლიციას და რაც მთავარია – საქართველოს სახელმწიფოებრიობას – მივიღეთ გადაწყვეტილება, ცრუ მედიის წინააღმდეგ დავიწყოთ სამართლებრივი დავა საერთაშორისო სასამართლოებში. გამოვიყენებთ ყველა შესაძლო სამართლებრივ გზას, რომ სიცრუის გამავრცელებელმა ეგრეთ წოდებულმა მედიამ პასუხი აგოს ბინძური, ცრუ ბრალდებების გავრცელების გამო.” | ვკითხულობთ ოცნების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights