გურიის მოამბე

თურქული მედია – თურქეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში შემოსვლა მკაცრდება

2026 წლის 1-ელი იანვრიდან თურქეთის მოქალაქეებს პირადობის მოწმობით ან პასპორტით საქართველოში შემოსვლის უფლება კვლავ ექნებათ, თუმცა მხოლოდ ეს დოკუმენტები საკმარისი აღარ იქნება. მათთვის საქართველოში შემოსასვლელად სამოგზაურო და ჯანმრთელობის დაზღვევაც იქნება სავალდებულო. ამის შესახებ თურქული მედია წერს და თურქეთის მოქალაქეებს აფრთხილებს.

თურქული მედია წერს, რომ საქმე ეხება საქართველოს კანონმდებლობაში რეგულაციას, რომელიც 2026 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება და რომელიც საქართველოში შემოსული ყველა უცხოელი ტურისტისთვის სამოგზაურო დაზღვევას სავალდებულოს ხდის.

„რეგულაცია ასევე შეეხება მგზავრებს, რომლებიც ერთი დღით გადიან ხოფა-სარფის სასაზღვრო პუნქტში; შესაბამისად დაზღვევა საჭირო იქნება ბათუმში მოკლევადიანი ვიზიტებისთვისაც კი.

სავალდებულო დაზღვევა საჭიროა საავადმყოფოსა და მკურნალობის ხარჯების, უბედური შემთხვევების, გადაუდებელი ჩარევებისა და სავალდებულო დაბრუნების პროცედურების დასაფარად.

ხელისუფლებამ მოქალაქეებს შეახსენა, რომ სამოგზაურო გეგმების შედგენისას წინასწარ უნდა უზრუნველყონ თავიანთი დაზღვევა, რათა თავიდან აიცილონ პრობლემები გამშვებ პუნქტებზე“ – წერს ადგილობრივი ახალი ამბების გამოცემა Arhavinin Sesi.

„ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მიხედვით: „საქართველოში შემომსვლელ ტურისტს უნდა ჰქონდეს ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევა.“

აღნიშნული მუხლი თავდაპირველად 2024 წლის 1-ელი ივნისიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა, ამავე წლის 13 ივნისს მიღებული ცვლილებით, მისი მოქმედება 2026 წლის 1-ელ იანვრამდე შეაჩერეს.

ამ ცვლილებით საქართველოს მთავრობას ასევე დაევალა, რომ 2026 წლის 1-ელ იანვრამდე მიიღოს დადგენილება „საქართველოში შემომსვლელი ტურისტების ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“.

„საქართველოში შემომსვლელი ტურისტების ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ დადგენილების შემუშავების პროცესში გამოიკვეთა მთელი რიგი საკითხები, რაც მიზანშეწონილს ხდის კანონის მე-12 მუხლის ჩანაწერის 2026 წლის 1-ელ იანვრამდე შეჩერებას, ვინაიდან, იკვეთება, რომ კერძო სექტორი ადაპტირებისთვის საჭიროებს დამატებით ვადებს და ამ ეტაპისთვის მოსალოდნელ ცვლილებებს ვერ ხვდება მზად“ – აღნიშნული იყო განმარტებით ბარათში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights