“10 წელი სად იყო?”- ბოლქვაძე მაყაშვილზე

უმრავლესობის დეპუტატი ელისო ბოლქვაძე მსახიობ ბესო ზანგურის გარშემო ამტყდარი სკანდალის შესახებ ამბობს, რომ საკითხი გამოძიებას და გარკვევას საჭიროებს, თუმცა ძალადობაში მამხილებელი ყოფილი მეუღლის, ნინუცა მაყაშვილის ნაამბობში ეჭვი შეაქვს.

“ეს არის ზეპირსიტყვიერება. ადამიანი გამოდის და 10 წლის შემდეგ იძახის ძალადობაო, მაშინ 10 წელი სად იყო?”, – ამბობს ბოლქვაძე ჟურნალისტების კითხვის პასუხად, – “ძალადობა არის ცალსახად დასაგმობი, მაგრამ ეს იყო ძალადობა, არ იყო ძალადობა, ვინ როგორ გამოიყენა, ეს არის შესასწავლი თემა”, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

პიანისტი დეპუტატი რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, რობერტ სტურუასაც გამოექომაგა და განაცხადა, რომ სტურუას მხრიდან სავარაუდო მოძალადის მხარდაჭერა და ძალადობის მსხვერპლ ქალებზე საჯარო თავდასხმა ძალადობის წახალისებად ვერ შეფასდება.

“ეს არ არის ძალადობის წახალისება. რობერტ სტურუა არის ჩვენი საქართველოს ძალიან დიდი სიამაყე. ეს ადამიანი არის უდიდესი ხელოვანი”, – განაცხადა ბოლქვაძემ, – ” იმ ადამიანმა შეიძლება მხარი დაუჭირა იმ ადამიანს, რომელზეც ეუბნებიან, რომ იყო ძალადობაში ჩათრეული, მაგრამ ის ამბობს, რომ ჯერ გაარკვიეთ”.

მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა ყოფილი მეუღლის ბესო ზანგურის მხრიდან სისტემატური ძალადობის შესახებ რუსთავი 2-ის გადაცემა ფარულ კონვერტში ისაუბრა. მსახიობის ნაამბობმა თეატრის მსახიობებს შორის აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია – უმეტესმა მათგანმა სავარაუდო ძალადობის მსხვერპლ ქალს მხარი დაუჭირა, თუმცა რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა რობერტ სტურუამ და თეატრალური საზოგადოების რამდენიმე ცნობილმა წარმომადგენელმა სავარაუდო მოძალადეს გამოუცხადა მხარდაჭერა.

აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, ნინუცა მაყაშვილის ინტერვიუს აქტიური გამოხმაურება მოჰყვა, რის გამოც, რუსთაველის თეატრმა ბესო ზანგურის მონაწილეობით დადგმული სპექტაკლი ჩახსნა, თუმცა მსახიობი თეატრიდან არ გაათავისუფლა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share