მთავრობა მიწის რესურსებს აღრიცხავს და ერთიან ბაზას შექმნის. ამის შესახებ დადგენილება უკვე გამოქვეყნდა.
კერძოდ, დადგენილების თანახმად, შეიქმნება მონაცემთა ერთიანი ბაზა, რომელიც არის საქართველოს მიწის ფონდის შესახებ ამ წესით გათვალისწინებული მონაცემების აღრიცხვისა და მართვის ელექტრონული სისტემა.
„მონაცემთა ერთიან ბაზაში აღირიცხება საქართველოს მიწის ფონდის, მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსების შესახებ მიღებული ან/და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს მიერ შექმნილი მონაცემები.
მონაცემთა ერთიან ბაზაში აღრიცხული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსების უფლებრივი და ფაქტობრივი მდგომარეობის შესახებ არსებული ნაერთი ინფორმაცია აისახება მიწის ბალანსში, ხოლო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსების შემადგენელი მიწის ნაკვეთებისა და მათი საკადასტრო მონაცემების შესახებ ინფორმაცია – სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების კადასტრში,“- ვკითხულობთ დადგენილებაში.
დადგენილების თანახმად, მიწის ბალანსში შეიტანება შემდეგი სახის ნაერთი ინფორმაცია:
- საქართველოს მიწის ფონდის საჯარო რეესტრში რეგისტრირებული და არარეგისტრირებული ფართობების რაოდენობის შესახებ;
- საქართველოს მიწის ფონდის შემადგენელი მიწის ფართობების საკუთრებისა და მიზნობრივი დანიშნულების მიხედვით განაწილების შესახებ;
- სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობების კატეგორიების მიხედვით განაწილების შესახებ;
- დამუშავებული (ფაქტობრივად გამოყენებული) და დაუმუშავებელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობების შესახებ;
- სახელმწიფო ტყის ტერიტორიის მიწის ფართობების შესახებ;
- დაცული ტერიტორიების მიწის ფართობების შესახებ;
- ზედაპირული წყლის ობიექტებით დაკავებული მიწის ფართობების შესახებ.